სავაჭრო ომი - ტრამპის ახირება თუ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი?

image
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების აწ უკვე მოქმედი პრეზიდენტი ხშირად საუბრობდა, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ წამგებიან პოზიციაში იმყოფებოდა და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორებულიყო. მაშინ ალბათ ძალიან ცოტას თუ წარმოედგინა, რომ ტრამპი არჩევნებს მოიგებდა და გაპრეზიდენტებიდან საკმაოდ მალე მსოფლიოს დიდ ნაწილთან სავაჭრო ომს წამოიწყებდა, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა.

მის პირველივე პროტექციონისტულ გადაწყვეტილებებს უარყოფითად შეხვდა ამერიკული მედიის, ეკონომისტებისა, თუ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი. მემარცხენე ორიენტაციის გაზეთები და ტელევიზიებიც კი საუბრობენ, რომ ნებისმიერი სახის სატარიფო ბარიერის შექმნა უარყოფითად აისახება რიგითი ამერიკელის კეთილდღეობაზე, რადგანაც მაღალი გადასახადები საქონელსა და მომსახურებას უფრო ძვირადღირებულს ხდის. საპასუხოდ ტრამპის ადმინისტრაცია მუდმივად უარყოფით სავაჭრო ბალანსზე და ინდუსტრიული სამუშაო ადგილების დაცვაზე აპელირებს, მაგრამ აშკარაა, რომ ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილების რეალური მიზეზები პრიმიტიულ პროტექციონიზმზე გაცილებით უფრო რთული და ჩახლართულია.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსისგან განსხვავებით, ქვეყნიდან სამუშაო ადგილების განვითარებად ქვეყნებში გადატანა ამერიკის ეკონომიკისათვის შეიძლება მართლაც გამოწვევაა, მაგრამ დონალდ ტრამპი არ ჰგავს ისეთ ადამიანს, რომელსაც ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა მაღალი გადასახადების დაწესებით წარმოუდგენია. სწორედ ამაზე მეტყველებს მის მიერვე გატარებული საგადასახდო რეფორმა, რომელიც ყოველწლიურად ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს ასობით მილიარდ დოლარს უტოვებს, რაც თავის მხრივ, ბოლო დროს მიღწეული ეკონომიკური წარმატების მთავარი გასაღებია.

დონალდ ტრამპმა, როგორც ბიზნესმენმა კარგად იცის, რომ მაღალი გადასახადები ეკონომიკურ აქტივობას კლავს და მის განვითარებას აფერხებს, აქედან გამომდინარე ცხადია, მისი სატარიფო პოლიტიკის უპირველესი მიზანი ეკონომიკური კეთილდღეობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არაა. უფრო მეტიც, მემარჯვენე ეკონომიკური ხედვებით გამორჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას კარგად აქვს გააზრებული, რომ სავაჭრო ომი აშშ-სთვის ეკონომიკურად წამგებიანია, სხვა შემთხვევაში იმპორტირებულ საქონელზე სატარიფო ბარიერების დაწესებამდე ის საგადასახადო ცვლილებებს არ გაატარებდა. გადასახადების მასობრივი შემცირებითა და სხვადასხვა რეგულაციების გაუქმებით, ტრამპმა ამერიკულ ბიზნესებს მომავალი სავაჭრო ომისგან მიყენებული ზიანი დაუბალანსა.

მაგრამ რატომ ჩათვალა შტატების ახალმა პრეზიდენტმა, რომ ეკონომიკური გამოცოცხლების პირველივე ეტაპებზე კანადასთან, ევროპის კავშირთან, მექსიკასთან და ჩინეთთან ტარიფების ენით საუბარია საჭირო? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემთ, ეს სუბიექტები გარკვეული ნიშნის მიხედვით უნდა დავაჯგუფოთ. მექსიკათან, კანადასთან და ევროპის კავშირთან ამერიკის შეერთებულ შტატებს გრძელვადიანი სტრატეგიული დაძაბულობა არ მოელის, ჩინეთის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. თუ ასეა, მაშინ რატომ აღმოჩნდნენ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები მის სტრატეგიულ მოწინააღმდეგესთან ერთად ერთ ნავში, როდესაც ტრამპმა ალუმინზე და ფოლადზე დააწესა სატარიფო ბარიერები? - საქმე იმაშია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოები ერთმანეთთან არ მეგობრობენ, მათ მხოლოდ საერთო ინტერესები აკავშირებთ. მართალია, გრძელვადიანი საერთო ინტერესების გათვალისწინებით კანადა, ევროპის კავშირი და მექსიკა აშშ-ს მოკავშირეები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყველა საკითხში იდეალურად უგებენ ერთმანეთს, უახლოეს სტრატეგიულ პარტნიორებსაც კი აქვთ გარკვეულ დონეზე უთანხმოება. პრეზიდენტ ტრამპის აზრით კი კანადა, ევროპის კავშირი და მექსიკა შეერთებულ შტატებთან ისეთი სახის სავაჭრო ურთიერთობებში იყვნენ ჩართული, რაც ამერიკის ინტერესებს აზიანებდა.

სავაჭრო საკითხებში უთანხმოება დემოკრატიულ, მოკავშირე ქვეყნებს აქამდეც ჰქონიათ და მომავალშიც ექნებათ, მაგრამ პარტნიორებს შორის მსგავსი კონფლიქტების ზედმეტი ესკალაციის გარეშე, სწრაფად გადაჭრის შანსები, როგორც წესი, ძალიან მაღალია. ამ ჯერზეც ასე მოხდა, ვაშინგტონმა, ბრიუსელმა, ოტავამ და მეხიკომ შეთანხმებებს რამდენიმე თვეში მიაღწიეს. აი, ჩინეთთან სავაჭრო ომი კი ასე მარტივად არ დასრულდება.

მთელი ამ კამპანიის მთავარი სამიზნე სწორედ მზარდი ჩინეთია, რომელიც გარკვეულ რეგიონებში უკვე აშკარად უპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის ინტერესებს. რეალურად, ტრამპის სავაჭრო ომის უკან არა ამერიკული სამუშაო ადგილების დაცვა და სავაჭრო დისბალანსის შემცირება, არამედ სწრაფად მზარდი ჩინეთის შეკავების მცდელობა დგას. ეს ძალიან რთული საერთაშორისო თამაშის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის ეკონომიკური ღირებულებაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ წარმატების მიღწევის შემთხვევაში ვაშინგტონს საერთაშორისო არენაზე ჰეგემონის სტატუსის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ტრამპის ტარიფების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანიების დასუსტებაა. პეკინის მიერ შემუშავებული ეროვნული სტრატეგია - „ინიციატივა დამზადებულია ჩინეთში 2025“ – Made in China 2025 Initiative, მომდევნო წლებში ისეთი სფეროების განვითარებას ისახავს მიზნად, როგორიც 5G ქსელები, კიბერუსაფრთხოება, რობოტექნიკა, აერონავტიკა და სხვა მაღალტექნოლოგიური დარგებია. ამ ინდუსტრიაში კი ჯერჯერობით ლიდერ სახელმწიფოდ ამერიკის შეერთებული შტატები გვევლინება, მაგრამ ჩინეთი დღითიდღე ხვეწს საკუთარ ინოვაციებს, რითაც ამერიკულ მონოპოლიას საკმაოდ სერიოზულ საფრთხეებს უქმნის, თანაც პეკინს დასავლური კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში სდებენ ბრალს. აქედან გამომდინარე, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები მაღალტექნოლოგიურ სფეროში ამერიკული დომინაციის შენარჩუნების მცდელობაა, რომელზეც მნიშვნელოვანწილად დგას კიდეც აშშ-ს ძლიერება და საერთაშორისო სტატუსი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის ეკონომიკური განვითარება დიდწილად საერთაშორისო ვაჭრობაზეა დამოკიდებული, ამერიკული ბაზარი კი მთლიანი ჩინური ექსპორტის თითქმის 19 %-ს მოიცავს და მასზე წვდომა უკვე გაურთულდა 200 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ჩინურ პროდუქციას. ეს მაჩვენებელი შეიძლება მომავალშიც გაიზარდოს. ასეთი მოცულობის ბაზარზე შესასვლელად დამატებითი სატარიფო ბარიერების გადალახვა უარყოფითად იმოქმედებს ჩინეთის ექსპორტზე და მის ეკონომიკის ზრდას გარკვეულწილად შეაფერხებს კიდეც.

მაგრამ რატომ უპირისპირდებიან აშშ და ჩინეთი ერთმანეთს? - ბევრი მკვლევარისთვის საერთაშორისო ურთიერთობებს ყველაზე კარგად მისი ნეორეალისტური გაგება ხსნის, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა სახელმწიფოთათვის ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელია, ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად კი სახელმწიფოებს საკუთარი ძალების მაქსიმალურად გაზრდა სჭირდებათ. ამ შემთხვევაშიც ასეა, აშშ მშვიდად ვერ იქნება, მანამ სანამ ჩინეთი სწრაფი ტემპებით განარძობს გაძლიერებას, ჩინეთი კი აშშ-ს დღევანდელი უპირატესობის პირობებში ბოლომდე ვერასდროს იგრძნობს თავს დაცულად.

ვაშინგტონში უკვე საკმაოდ ბევრ ფრონტზე უწევთ ჩინეთის შეკავებაზე ზრუნვა, დაძაბულობა მატულობს სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში, ჩინეთის გავლენა იზრდება აფრიკის კონტინენტზე, ჩინეთის მთავრობის ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პეკინის საერთაშორისო სტატუსს მნიშვნელოვნად ამაღლებს და მასზე განვითარებადი ქვეყნების დამოკიდებულებას ზრდის. დროის ცვლილებასთან ერთად ჩინეთი უფრო და უფრო ძლიერდება და ამასთანავე მისი მადაც იზრდება, რაც ვაშინგტონში სერიოზულად აფიქრებთ.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყნები ერთმანეთს უმთავრეს მოწინააღმდეგედ განიხილავენ, ჩინეთი აშშ-ს დონემდე ცდილობს გაძლიერებას, აშშ კი მისი შეკავებითაა დაინტერესებული, მისი მიზანია არ დაუშვას ჩინეთის ისეთ დონემდე გაზრდა, რომ მან ვაშინგტონის საერთაშორისო სტატუსს შეუქმნას საფრთხე. აქედან გამომდინარე, ვინმეს თუ ჰგონია, რომ აშშ ჩინეთთან სავაჭრო ომს ისე დაასრულებს, როგორც ეს ევროპის კავშირის, ან კანადის შემთხვევაში გააკეთა, ძალიან ცდება. გრძელვადიანი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების გათვალისწინებით აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირება ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ავტორი: გიორგი ხარებავა
+4
  • 19:23
  • 333
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image