რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ს შუალედური არჩევნების შესახებ?

image
6 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები იმართება. ამერიკის მოქალაქეებმა წარმომადგენელთა პალატის 435 დეპუტატი, 35 სენატორი და 39 გუბერნატორი უნდა აირჩიონ. შუალედური არჩევნები მოქმედი პრეზიდენტის პოპულარობის ერთგვარი ინდიკატორია. მისი მეშვეობით მოქალაქეები პრეზიდენტის მიერ გატარებულ ძირეულ პოლიტიკას აფასებენ. გარდა ამისა, არჩევნები დონალდ ტრამპისთვის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძალების მოსინჯვის საშუალებაცაა. თუ რესპუბლიკური პარტია კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას შეინარჩუნებს, ტრამპს დარჩენილი ორი წლის მანძილზე ნაკლები შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობა შეხვდება. კონგრესში ძალთა ბალანსის დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ შეცვლის შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ აღებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი უფრო მეტად შეიზღუდება. დღესდღეობით, რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაში 235, ხოლო სენატში 51 დეპუტატითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, მათი უპირატესობა აქაც აშკარაა - 50 -დან  33 შტატში თანამდებობას რესპუბლიკელი გუბერნატორები იკავებენ.
შუალედური არჩევნების წინ განსაკუთრებულ ყურადღებას რამდენიმე ძირითადი საკითხი იპყრობს:

  • მიგრაცია - დემოკრატიული პარტია მიგრაციას სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიიჩნევს. პარტიის ამომრჩევლების აზრით, მიგრაცია დოვლათის დაგროვებასა და სამოქალაქო საზოგადოების გაზრდას უწყობს ხელს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ისინი მიგრაციას გამოწვევად აღიქვამენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მექსიკასთან საერთო საზღვარია, რომელიც არალეგალი მიგრანტებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ძირითადი მარშრუტია. ბოლო ხანებში ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტების ქარავანი მოექცა. აშშ-ს პრეზიდენტმა მათ შესაჩერებლად ქვეყნის სამხრეთ საზღვართან რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გაგზავნა. გარდა ამისა, მან დროებითი სამუშაო ვიზის (Temporary Work Permit) მიცემით მიგრანტების მექსიკის ტერიტორიაზე შეკავება სცადა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც დემოკრატები აპელირებენ „მოქალაქეობის“ საკითხია. გასულ თვეში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 დამატების გაუქმება სურს, რომლის მიხედვით, „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე დაიბადება, ავტომატურად ამ ქვეყნის მოქალაქე ხდება“. ბოლო ხანებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პრეზიდენტის განკარგულებამ, რომელიც აშშ-ს საზღვარზე დაკავებული არალეგალი იმიგრანტების ოჯახების განცალკევებას ითვალისწინებდა. ამ მოქმედებამ საზოგადოების უდიდეს ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც შედეგად  განკარგულების გაუქმება და ოჯახების გაერთიანება მოჰყვა. მიგრაციის საკითხისადმი პარტიების მიდგომას მათი ელექტორალური მნიშვნელობაც განაპირობებს. დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლების უმრავლესობას აფრო-ამერიკელები, ლათინოსები და აზიელები შეადგენენ. გარდა ამისა, პარტია პოპულარულია მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებსა და ქალებში.  მისგან განსხვავებით, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა საშუალო განათლების, თეთრკანიანი პროტესტანტი მამაკაცები არიან. 

  • ეკონომიკა -  ტრამპის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა საკმაოდ ეფექტურია. 2018 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.5 პროცენტია, რაც უკანასკნელი ათწლეულის  საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, უმუშევრობის მაჩვენებელმა ბოლო 50 წლის მინიმუმი - 3.7 % შეადგინა. განსაკუთრებით მომგებიანი საგადასახადო რეფორმა იყო, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ამერიკულ ეკონომიკაში დამატებით 1.5 ტრილიონ აშშ დოლარს დატოვებს. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი რიცხვებისა, დემოკრატიული პარტიის ლიდერები თვლიან, რომ ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას „ჩრდილოვანი მხარეები“ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ისინი ყურადღებას  ფედერალურ ბიუჯეტში დეფიციტის ზრდაზე ამახვილებენ, რომელმაც 2018 წლის ბოლოსთვის 895 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, „დემოკრატების“ აზრით, ტრამპის ფიქსირებული გადასახადის მოდელი (Flat taxes) სოციალურ უთანასწორობას ზრდის. მათი აზრით, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ხელისუფლებამ პროგრესული გადასახადის მოდელი (Progressive taxes) უნდა შემოიღოს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების და კორპორაციების დაბეგვრა მათი შემოსავლის მიხედვით მოხდება. აშკარაა, რომ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები შუალედური არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აქტივს წარმოადგენს.

  • სოციალური პროგრამები - გარდა ეკონომიკისა, შუალედური არჩევნების წინ ერთ-ერთი ძირითადი თემა სოციალური პოლიტიკაა. ტრამპმა და რესპუბლიკელებმა სრულად ვერ გააუქმეს „ობამაქეარი“ (Affordable Care Act) თუმცა, მისი ნაწილობრივ შეცვლა მაინც მოახერხეს. გარდა დემოკრატების წინააღმდეგობისა, ტრამპმა სრული მხარდაჭერის მობილიზება საკუთარ პარტიაშიც კი ვერ შეძლო, რაც თანამდებობაზე ყოფნის 2 წლის მანძილზე მისთვის ერთ-ერთი უმძიმესი შიდაპოლიტიკური მარცხი აღმოჩნდა. „ 2017 წლის ამერიკული ჯანმრთელობის დაცვის“ აქტმა ჯანდაცვის სისტემის დაფარვის ზონა რამდენიმე მილიონი ადამიანით შეამცირა და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე დაწესებული გადასახადები გააუქმა. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ახალი აქტი ადამიანის სოციალური უფლებების, მათ შორის ჯანდაცვაზე წვდომის უფლების დარღვევაა. იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ და კონგრესის ორივე პალატას დაეუფლებიან, ტრამპის შანსები საბოლოოდ გააუქმოს  „ობამაქეარი“, მნიშვნელოვნად შემცირდება.

  • ეროვნული უსაფრთხოება და იმპიჩმენტის საკითხი - ბოლო პერიოდში აშშ-ში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას ემხრობიან. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რუსეთის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევის საკითხია. „გამოძიების ფედერალურმა ბიურომ“ (FBI) დაადგინა, რომ რუსები ტროლების ფაბრიკის საშუალებით აქტიურად ზემოქმედებდნენ ამერიკელი ელექტორატის არჩევანზე. დემოკრატები ტრამპს რუსულ მხარესთან უშუალო შეთანხმებაში ადანაშაულებენ. ამ ეჭვებს ტრამპის მიერ თანამდებობიდან FBI-ს დირექტორის, ჯეიმს კომის გათავისუფლება კიდევ უფრო ამყარებს. ბოლო კვლევების თანახმად, მოსახლეობის 35 % ემხრობა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას, მაშინ, როდესაც მოქალაქეთა 30 % ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობას ვერ ხედავს.  

საინტერესოა, რა პროგნოზებს აკეთებენ წამყვანი კვლევითი ორგანიზაციები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ამერიკული ანალიტიკური ცენტრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების კარგი შანსი აქვს. ამისათვის პარტიას 24 დამატებითი მანდატი სჭირდება. არჩევნების წინ დემოკრატიული პარტიის რეიტინგის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ მარტივად მისაღწევი ამოცანაა, რასაც ვერ ვიტყვით სენატზე. ზედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ ყველა მანდატი (26) უნდა შეინარჩუნოს და დამატებით რესპუბლიკური პარტიის მიერ კონტროლირებადი ორი მანდატი მოიპოვოს, რაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. შუალედური არჩევნების შედეგების პროგნოზირებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგს ენიჭება. ბოლო მონაცემებით, ტრამპის რეიტინგი 44 %-ს შეადგენს, რაც თანამდებობაზე ყოფნის მანძილზე მისი საუკეთესო შედეგია. მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, შუალედური არჩევნების წინ აშშ-ს მხოლოდ ორ პრეზიდენტს ჰქონდა მასზე დაბალი რეიტინგი - ტრუმანი (1950) და ბუში (2006). ორივე შემთხვევაში, პრეზიდენტის პარტიამ შუალედურ არჩევნებში 28 მანდატი დაკარგა. ტრადიციულად, შუალედური არჩევნების უმრავლესობას ოპოზიციური პარტია დადებითი შედეგით ასრულებს. ბოლო 31 შუალედური არჩევნების განმავლობაში, პრეზიდენტის პარტია ორივე პალატაში ერთად საშუალოდ 32 მანდატს კარგავს. გარდა ამისა, არჩევნებამდე პენსიაზე გადის რესპუბლიკური პარტიის 26 კონგრესმენი (შედარებისთვის - დემოკრატიული პარტიიდან 8 დეპუტატი). გამოუცდელი პოლიტიკოსები, როგორც წესი, პირველ არჩევნებში წარმატებას ვერ აღწევენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი დემოკრატიულ პარტიას არჩევნების წინ საკმაოდ მნიშვნელოვან უპირატესობას სძენს. გამოცემა - „ FiveThirtyEight”- ის შეფასებით, 30 ოქტომბრისთვის მოსახლეობის უმრავლესობა შუალედური არჩევნების წინ დემოკრატიულ პარტიას უჭერდა მხარს (48.4 %), მაშინ როდესაც რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი 42.2 % იყო. მიუხედავად ამისა, გამოცემის აზრით, დემოკრატების მიერ ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვების შანსი, სულ რაღაც 15 %-ია. არჩევნების ბედს ე.წ. „მერყევ შტატებში“ (ოჰაიო, პენსილვანია, მიჩიგანი, ფლორიდა)  დაფიქსირებული შედეგი გადაწყვეტს. სავარაუდოა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატებს დარჩებათ, ხოლო რესპუბლიკელები კონტროლს სენატში შეინარჩუნებენ. შუალედური არჩევნები პრეზიდენტის რეიტინგის კარგი საზომი იქნება. მასზე დაფიქსირებული შედეგები აჩვენებს, რამდენად ექნება ტრამპს 2020 წელს აშშ-ს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შანსი.

ავტორი: გიგა ჯოხაძე                         
0
  • 20:39
  • 148
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image