ჟაირ ბოლსონარუ და ბრაზილიის მომავალი

image
მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები ბრაზილიისათვის სერიოზული ცვლილებების მომასწავებელია, დემოგრაფიული თვალსაზრისით მსოფლიოში ნომერ მეოთხე დემოკრატია უკვე დიდი ხანია რაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაფიქსირებულმა შედეგმა ბევრი ბრაზილიელისათვის ქვეყნის დემოკრატიული მომავალიც დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. ახლადარჩეულ პრეზიდენტს ოპონენტები ჰომოფობიაში, რასიზმში, სექსიზმსა და ავტორიტარიზმისადმი სიმპატიებში ადანაშაულებენ. გასული საუკუნის 60-იან და 80-იან წლებში უდიდეს ლუზოფონურ სახელმწიფოს სამხედრო ხუნტა მართავდა, ბოლსონარუს კი არაერთხელ გამოუხატავს საკუთარი სიმპატიები აღნიშნული რეჟიმის მიმართ, ამას გარდა ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არმიის ყოფილმა კაპიტანმა ბრაზილიას ბევრი არაკორექტული გამონათქვამებითაც დაამახსოვრა თავი. ამიტომაც პოლიტიკურად აქტიური ბრაზილიელების გარკვეული ნაწილი მას დემოკრატიის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. მიუხედავად ამისა ამომრჩევლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ის უკვე აირჩია საკუთარი ქვეყნის ლიდერად.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჟაირ ბოლსონარუს გამარჯვება განაპირობა: 1. ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია, ბრაზილია  მძიმე რეცესიიდან გამოსვლას ვერ ახერხებს, 2. ხელისუფლებაში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ მემარცხენე ცენტრისტულმა „მშრომელთა პარტიამ“ ამომრჩევლის ნდობა დაკარგა, რადგანაც მისი მმართველობის ბოლო წლები კორუფციასთან და ეკონომიკურ სტაგნაციათან ასოცირდება, 3. „მშრომელთა პარტიას“ არ ჰყავდა ძლიერი და მასებში პოპულარული საპრეზიდენტო კანდიდატი. თავდაპირველად ასეთად ყოფილი პრეზიდენტი ლულა მოიაზრებოდა, მაგრამ კორუფციის ბრალდებით ის ახლა სასჯელს იხდის, საბოლოოდ კი არჩევანი ბევრისთვის უცნობ პოლიტიკოსზე, ფერნანდო ჰადადზე შეჩერდა, 4. ბრაზილიაში კატასტროფულად მაღალია კრიმინალის დონე, ბოლსონარუ კი მოქალაქეებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციის უფლებების გაზრდას და იარაღის ფლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ჰპირდება, 5. ჟაირ ბოლსონარუს უკიდურესად კონსერვატიულმა შეხედულებებმა მას ბრაზილიელი ევანგელისტების მხარდაჭერა მოაპოვებინა, 6. სამხედრო წარსულის გამო ის პოპულარობით სარგებლობს არმიაშიც და 7. ბოლსონარუ და მისი უცნაური სახელის მქონე „სოციალ-ლიბერალური პარტია“ ანტი-ისტებლიშმენტურ ძალას წარმოადგენენ, უკანასკნელ პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული ტრადიციული პარტიებისა და პოლიტიკური ელიტების კრიზისი ბრაზილიასაც გადასწვდა, სადაც კატასტროფულმა სოციალურ-ეკონომიკურმა რეალობამ და მოქმედი ხელისუფლების უუნარობამ ანტი-ისტებლიშმენტური ძალების გასაძლიერებლად ნოყიერი ნიადაგი შექმნა.

ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით ბოლსონარუმ ოპონენტების დამარცხება დამაჯერებლად შეძლო, რითიც ბრაზილიის მომავალი საკმაოდ არაპროგნოზირებადი გახადა. მიუხედავად ახალი პრეზიდენტის არაკორექტული და შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, უნდა ითქვას, რომ მისი ეკონომიკური ხედვები ზუსტად ისაა, რაც ბრაზილიას კრიზისიდან ამოსვლაში დაეხმარება. სამთავრობო ხარჯების შემცირება, გადასახადების დაწევა, ბიზნესებისათვის ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა, გარკვეული სამინისტროების გაუქმება/შერწყმა და სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია ბიზნესებზე მთავრობის ზეწოლას ამცირებს და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. ცნობლია, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის ეკონომიკური ხედვების ჩამოყალიბებაში ეკონომისტმა პაოლუ გუედეშმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, მოსალოდნელია, რომ მემარჯვენე გუედეში ბოლსონარუს გუნდში ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე დაინიშნება. ის ბიზნეს ლობის მოწინააღმდეგეა და ინდუსტრიის სამინისტროს გაუქმებას უჭერს მხარს, რითიც ბრაზილიური ინდუსტრიის ლობისტებს მნიშვნელოვანი დასაყრდენი გამოეცლებათ და უცხოელი კონკურენტების შევიწროვებას მთავრობის დახმარებით ვეღარ შეძლებენ, ეს კი ბრაზილიელ მომხმარებლებზე და მთლიანად ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

სწორი ეკონომიკური ხედვების მიუხედავად, ბოლსონარუს პრეზიდენტობით ბრაზილიას წარმატება გარანტირებული არ აქვს. ახალი პრეზიდენტის პოლიტიკური შეხედულებები, საზოგადოების პოლარიზაცია და ბრაზილიის კონგრესის კონფიგურაცია ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

ჟაირ ბოლსონარუს რეიტინგების ზრდის პარალელურად მედიაში და ექსპერტთა წრეებში მატულობდა შიში ბრაზილიის დემოკრატიულ მომავალთან დაკავშირებითაც. ახალი პრეზიდენტის ულტრა რადიკალურ შეხედულებებსა და განცხადებებს ბევრი ბრაზილიური დემოკრატიისათვის უმთავრეს საფრთხედ აღიქვამს, თუმცა, უდიდესი ალბათობით, ბოლსონარუს პრეზიდენტობა ქვეყნის დემოკრატიულობას შემდეგი მიზეზების გამო მნიშვნელოვნად ვერ დააზიანებს; 1. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის ხელში დიდი ძალაუფლებაა კონცენტრიირებული, მას საკანონმდებლო მხარდაჭერაც სჭირდება. ბრაზილიის კონგრესში „სოციალ ლიბერალურმა პარტიამ“ 513 ადგილიდან მხოლოდ 51 მანდატი მოიპოვა და სიძლიერით მეორე პარტიად ჩამოყალიბდა. პირველ ადგილზე გასული „მშრომელთა პარტია“ 56 კანონმდებლითაა წარმოდგენილი, დარჩენილი მანდატები კი ათობით სხვადასხვა პარტიაზეა გადანაწილებული, რაც ბრაზილიის კონგრესს უკიდურესად ფრაგმენტირებულს ხდის. თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ბოლსონარუს საკანონმდებლო ხელისუფლებასთან გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა. სახელისუფლებო შტოებს შორის მსგავსი ბალანსი მომდევნო წლებში ბრაზილიური დემოკრატიის გარანტი იქნება, 2. საკანონმდებლო ხელისუფლების გარდა, „საჯარო სამინისტროს“ სახით, ბრაზილიაში არსებობს ხელისუფლების ე.წ. კვაზი მეოთხე შტო, რომელიც აღამსრულებელი ხელისუფლებისგან ავტონომიით სარგებლობს და მისი ხელმძღვანელის დათხოვნა მხოლოდ სენატის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერითაა შესაძლებელი. კონსტიტუციის თანახმად, აღნიშნული ოფისის მთავარი დანიშნულება ბრაზილიაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დაცვაა. ამდენად, ბრაზილიის კონსტიტუცია, ქვეყნის დემოკრატიულობას საკმაოდ მყარად იცავს, 3. ბრაზილიას კანონდამღვევი მმართველების დასჯის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს. კორუფციული ბრალდებით ყოფილ პრეზიდენტ ლულასთან ერთად ბევრი პოლიტიკოსიც იხდის სასჯელს, ახლო წარსულში ასევე კურუფციის გამო იმპიჩმენტი გამოუცხადეს პრეზიდენტ დილმა რუსეფს. გადაყენებისგან არც ბოლსონარუა დაზღვეული, მით უფრო მაშინ, როდესაც ის საკანონმდებლო ორგანოს ვერცერთ შტოს ვერ აკონტროლებს და 4. გარდა ძალაუფლების დაბალანსების სისტემისა, ბრაზილიაში ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება, რომლის დიდი ნაწილიც ბოლსონარუსადმი ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი, ამდენად ქვეყნის დემოკრატიისათვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებების მიღების ნებისმიერ მცდელობას სამოქალაქო საზოგადოების დიდი წინააღმდეგობა შეხვდება.

ამ ეტაპზე ბრაზილიის მომავალთან დაკავშირებით დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება; მონდევნი წლებში ლგბტ, ქალთა და სხვა უმცირესობათა უფლებების საკითხი ბრაზილიური პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოვარდება და მთავარ ფოკუსში ეკონომიკური ზრდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კრიმინალის დონის შემცირება მოექცევა, მაგრამ საზოგადოების კრიტიკულად მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია და საკანონმდებლო ხელისუფლების დაქსაქსულობა მომავალი პოლიტიკური კრიზისების წინაპირობაა, რაც დიდი ალბათობით, ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს. აშკარაა, ახლო მომავალში ბრაზილიას სერიოზული პოლიტიკური კონსენსუსებისა და კომპრომისების მიღწევა დასჭირდება.

ავტორი: გიორგი ხარებავა
+1
  • 18:15
  • 131
FACEBOOK კომენტარები
Image