კორეის ნახევარკუნძული - ცვლილებები და სირთულეები

image
1950-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო ყურადღების ცენტრში კორეის ომი მოექცა. ცივი ომის ერთ-ერთი პირველი ეპიზოდი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი დაპირისპირება 1950-1953 წლებში სწორედ კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, დასავლეთისა და კომუნისტური სამყაროს დაპირისპირება კორეის 38-ე პარალელზე - ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად გაყოფით დასრულდა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი და 21-ე საუკუნის დასაწყისი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის მუდმივი დაპირისპირების პერიოდს მოიცავდა, მაგრამ 2017 წლის ოქტომბრისთვის სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ჩრდილოეთ კორეის გამალებული ბალისტიკური ცდები და მუქარის შემცველი აგრესიული ტონი გასული წლის ოქტომბერში პოზიტიურმა მესიჯებმა ჩაანაცვლა, მალევე 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენების დაშვების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი დიპლომატების ვიზიტებმა ერთმანეთთან დაახლოებაში უდიდესი როლი შეასრულა, საბოლოოდ კი კორეამ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა გაერთიანებული დროშის ქვეშ მიიღო, რაც ურთიერთობების დათბობის მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.

2018 წელს ჩრდილოეთ-სამხრეთ კორეული სამიტი სამჯერ შედგა, შეგახსენებთ, რომ მანამდე კორეულ სამიტი სულ ორჯერ გაიმართა (2000 და 2007 წლებში), რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ უკანასკნელ პერიოდში დაახლოების პოლიტიკა 38-ე პარალელის ორივე მხარეს პრიორიტეტულ საკითხად იქცა. ქვეყნების ლიდერებს, კიმ ჩენ ინსა და მუნ ჯაე ინს შორის შეხვედრა, როგორც სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე 38-ე პარალელთან არსებულ სადერკამაციო ხაზთან, ასევე ფხენიანშიც, შედგა. მე-20 საუკუნეში ფხენიანსა და სეულს ერთმანეთთან სათანამშრომლოდ შესაბამისი პოლიტიკური ნება არ გააჩნდათ, აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების ლიდერები ერთმანეთს წლების განმავლობაში არ ხვდებოდნენ და კორეული სამიტებიც არ იმართებოდა.

2018 წლის პირველ კორეულ სამიტს თვალყურს მთელი მსოფლიო ადევნებდა, რადგანაც ნახევარკუნძულზე შეინიშნებოდა ისეთი სახის ცვლილებები, რომლებსაც ახალი რეალობის შექმნა შეეძლო. სამიტი ძირითადად ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების პროგრამაზე იყო ფოკუსირებული. გაფორმდა პანმუჯომის დეკლარაცია, რომელიც ბირთვულ განიარაღებასთან ერთად, მშვიდობისა და გაერთიანების საკითხებსაც ითვალისწინებდა.
რაც შეეხება 2018 წლის მეორე სამიტს, რომელიც მაისში გაიმართა, ლიდერები ერთმანეთს საზღვართან არსებულ უსაფრთხოების სახლში შეხვდნენ და შემდეგ საკითხებზე შეთანხმდნენ: ჩრდილოეთ კორეის დაბრუნება კორეის სტანდარტულ დროზე, მშვიდობის რეჟიმის ჩამოყალიბება, სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით უმაღლესი დონის შეხვედრები, მრავალმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც აშშ და ჩინეთი იქნებოდნენ ჩართული და კორეის ომის შედეგად განცალკევებული მოსახლეობის ერთმანეთთან შეხვედრა.

უკანასკნელი სამიტი კი ისტორიულად მიიჩნევა, რადგან 18-19 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეაში მუნ ჯაე ინის ოფიციალური ვიზიტი შედგა, ის ლი სინ მანის შემდეგ პირველი სამხრეთელი ლიდერი გახდა რომელიც ფხენიანს ეწვია. შეგახსენებთ, რომ თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში არ ჩასულა. შეხვედრაზე ლიდერებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: ეკონომიკური თანამშრომლობა, ბირთვულ განიარაღება და ქვეყნებს შორის სასაზღვრო ზონაში არსებული ნაღმების დემონტაჟი. აღსანიშნავია, რომ მუნ ჯაე ინმა კიმი სეულში მიიწვია. თუ ეს ვიზიტი შედგება, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჩავა. სამიტი სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 2018 წლის 12 ივნისი, როდესაც ჩრდილოეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. სინგაპურში გამართული სამიტის ძირითადი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება იყო. ლიდერებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში უსაფრთხოების ახალი გარანტიებისა და მშვიდობიანი და მრავალმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სამიტზე ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდა: 1. მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და სამთავრობო დონეზე მრავალმხრივი შეხვედრები, 2. კორეის ნახევარკუნძულის ბირთული განიარაღების პროცესი, 3. ბირთვულ პროგრამებზე მუშობის სრული შეწყვეტა, 4. სასაზღვრო ზონაში 4. დონალდ ტრამპის მიერ ნახსენები ,,პროვოკაციული“  სამხედრო ცდების შეწყვეტა და 5.ომის ტყვეთა ნეშთების აღმოჩენაზე აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობა.

ამერიკულ-ჩრდილოეთ კორეული სამიტის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი ბირთვული სისტემა დაიხურა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა შეხვედრამ ვერ მოიტანა აშშ-სა და მისი მოკავშირეებისათვის სასურველი შედეგი, რადგან ფხენიანი ბირთვული პროგრამის განვითარებას კვლავ აგრძელებდა.

ამდენად, მიუხედავად განიარაღებზე მიღწეული შეთანხმებისა, საერთაშორისო საზოგადოება ხედავს რომ ეს პრობლემა კორეის ნახევარკუნძულზე კვლავ არსებობს. ჩრდილოეთ კორეისთვის მარტივი არაა ბირთვული იარაღის დათმობა, მიუხედავად იმ სარგებლისა (ძირითადად ეკონომიკური ხასიათის), რასაც აშშ სრული ბირთვული განიარაღების შემთხვევაში ჰპირდება მას.

ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა ნახევარკუნძულის მომავლის, მისი შესაძლო გაერთიანებისა და კიმ ჩენ ინის მოტივების ირგვლივ მრავალი კითხვა გააჩნია.

სამხრეთ კორეაში გაერთიანების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ქვეყანაში არსებობს გაერთიანების სამინისტრო, რომელიც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინიტროებთან ერთად გაერთიანების საკითხებზე მუშაობს. თუმცა კორეის გაერთიანებაზე საუბარი ძალიან რთულია. ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად ჩრდილოეთის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლო გამთლიანებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, სამხრეთს ეს პროცესი შეიძლება ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდეს, ეს კი გაერთიანების პერსპექტივას სხვა პრობლემებთან ერთად კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

უდავოა, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადამ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ყველაზე მეტად დაახლოვა ერთმანეთს. შეიქმნა გაერთიანებული დროშა და საფუძველი ჩაეყარა გაერთიანებული კორეის ნაკრებს. გარდა ამისა, BBC sport-ის რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას სურვილი აქვთ 2032 წელს უფრო მასშტაბურ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ერთობლივად უმასპინძლონ.

2018 წელს კორეის ნახევარკუნძულზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. სამიტები,   დაახლოების პოლიტიკა, საერთაშორისო ჩართულობა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ხვდება, რომ ქვეყნის მოდერნიზება და განსხვავებული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რადგანაც კიმისათვის სულ უფრო რთული ხდება რეჟიმის შენარჩუნება. შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის ფლობა სხვადასხვა საკითხზე სავაჭროდ სჭირდება, მისი მმართველების მიერ გატარებული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მთავარი მიზანი კი არსებული რეჟიმის შენარჩუნებით შემოიფარგლება და უსაფრთხოების მყარი გარანტიების გარეშე, ფხენიანი ბირთვულ კოზირს არ დათმობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ახლო მომავალში კორეის გაერთიანება ნაკლებად სავარაუდოა. მას ხელს ბირთვული იარაღის საკითხი, ორ კორეას შორის არსებული ღრმა სოციალურ-ეკონომიკური ნაპრალი და ჩრდილოელი ლიდერის ფაქტორი უშლის, რომლის მთავარი ამოცანა მხოლოდ საკუთარი რეჟიმის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ასეთ პირობებში გაერთიანება კი წარმოუდგენელია. ნათელია, რომ სეულში გამთლიანების იდეას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა, ფხენიანის მიზანი მხოლოდ იმ დონემდე დაახლოებაა, რა დონეზეც კიმების დინასტია თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ბლოგის ავტორი: ჯოტო რურუა
+3
  • 21:08
  • 220
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image