ტრაგედია რუსულად - კონტრასტი პუტინისა და რუსეთის ინტერესებს შორის

image
რუსეთის ფედერაციის სათავეში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობაში გაჩნდა რწმენა, რომ მათმა სამშობლომ მსოფლიოში საკუთარი კუთვნილი ადგილის დაბრუნება დაიწყო. 1990-იანი წლების ეკონომიკურ სტაგნაციას და ჩეჩნეთში სამარცხვინო მარცხს პუტინმა ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი სასტიკი, მაგრამ წარმატებული ომით უპასუხა, ნავთობზე ფასების ზრდამ კი იქამდე არნახული ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყო, რამაც მოსახლეობაში რუსეთის უძლეველობის მივწყებულ ილუზიას სული ხელახლა შთაბერა. ელცინის რუსეთთან შედარებით, რომელიც მნიშვნელოვანწილად დასავლეთის ჰუმანიტარულ დახმარებებზე იყო დამოკიდებული, პუტინის სახელმწიფო აშკარად უფრო გამართული და ძლიერი ჩანდა.

პუტინმა, თითქმის 20 წლიანი მმართველობის პერიოდში, ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება, თუმცა თანხვედრაშია პუტინის პირად ინტერესებთან. აშკარაა, რომ რუსეთისა და მისი პრეზიდენტის საჭიროებები ერთმანეთისგან განსხვავდება. თავისი კარიერის მანძილზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შედეგი პუტინისთვის სასარგებლო, რუსი ხალხისთვის კი წარმოუდგენელი ზიანის მომტანია.

რუსული სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა და კორუფციაში შემჩნეულმა საჯარო მოხელემ ელცინის მემკვიდრედ დასახელების დღიდანვე ხელები სისხლში გაისვარა, თანაც საკუთარი, უდანაშაულო მოქალაქეების სისხლში. რუსეთის ქალაქებში განხორციელებული საეჭვო ტერაქტები, რომლებზეც ჩეჩნებს პასუხისმგებლობა არც კი აუღიათ, პუტინმა ჩრდილოეთ კავკასიაში მეორე ომის დასაწყებად გამოიყენა, მას თავადვე ჩაუდგა სათავეში და წარმოუდგენელი სისასტიკის გამოყენებით გაიმარჯვა კიდეც. ჩეჩნეთის მეორე ომში წარმატებამ მისი რეიტინგი გაზარდა. მომდევნო წლებში ამას ნავთობზე ფასების ზრდაც დაემატა, რის შედეგადაც რუსეთმა პირველად იგრძნო სტაბილური ეკონომიკური ზრდის სიკეთეები.

პუტინი პოპულარულ ლიდერად ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი ხელისუფლების სიმყარეს თავიდანვე მართვის ავტორიტარული სტილი უზრუნველყოფდა. ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე მან კონტროლი დაამყარა მედიაზე, შეავიწროვა კრიტიკულად განწყობილი ოპოზიცია, რეპრესიებში მოაქცია მისთვის სახიფათოდ მიჩნეული ოლიგარქები და საკუთარ ძალაუფლებას დაუქვემდებარა ქვეყნის რეგიონები. ძალაუფლების შესანარჩუნებლად პუტინმა ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომლებსაც რუსეთისთვის სიკეთე ნამდვილად არ მოუტანია. მსხვილ ბიზნსებზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება, მასშტაბური კორუფცია, დასავლეთთან არსებული ურთიერთობებისთვის გაუმართლებლად დიდი და გამანადგურებელი დარტყმების მიყენება, სამეზობლო რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა და მრავალი სხვა გადაწყვეტილება რეალურად რუსეთის ინტერესებს აზიანებს და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას ძირს უთხრის, თუმცა, მსგავსი პოლიტიკის წყალობით პუტინი უკვე თითქმის ორი ათწლეულია საკუთარ რეჟიმს ინარჩუნებს, ამას კი რუსი ხალხის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე აკეთებს.

ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც სახელმწიფოები იღებენ, გარკვეული ღირებულება და სარგებელი გააჩნია. ქვეყნის ინტერესები მაშინაა დაცული, თუ გადაწყვეტილებისგან მიღებული სარგებელი მის ღირებულებაზე გაცილებით მეტია. თავისი მმართველობის მანძილზე პუტინმა ბევრი ისეთი საკვანძო გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც რუსეთი დაასუსტა. მის მიერ გატარებულმა რენაციონალიზაციის პოლიტიკამ, კორუფიის ხელშეწყობამ და მსხვილ ბიზნესებზე კონტროლის დაწესებამ რუსეთის ეკონომიკა ენერგომატარებლებზე კრიტიკულად დამოკიდებული გახადა. ეკონომიკის არადივერსიფიცირებულმა ხასიათმა დასავლეთთან კონფრონტაციისა და ნავთობზე ფასების კლების პარალელურად განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი. ცალსახაა, რომ რუსეთი ვერ ვითარდება, პუტინის მიერ დაწყებული სამხედრო გადაიარაღების პროცესიც შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო ჩიხშია შესული. უკვე აშკარაა, რომ პუტინის პოლიტიკამ მოკლევადიან პერიოდში რუსეთის საერთაშორისო წონა მართლაც გაზარდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, დასავლეთსა და რუსეთს შორის პუტინის მიერ პროვოცირებულმა დაპირისპირებამ კი ქვეყნის განვითარება კიდევ უფრო შეაფერხა. მმართველობის 20 წლის თავზე, პუტინის რუსეთი კვლავაც დიდი ამბიციებისა და უზარმაზარი რესურსების მქონე ყველაზე მსხვილი ბირთვული სახელმწიფოა, ოღონდ ესპანეთის ზომის ეკონომიკით, რაც მას საერთაშორისო ავანტიურებში წარმატების მიღწევის შანსებს თითქმის არ უტოვებს. საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილს ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის ეკონომიკა და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობა შესწირა, რაც სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება.

მკვლევართა გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, რადგანაც ნებისმიერი დიდი სახელმწიფო უცხო ქვეყნებისა და სამხედრო ბლოკების საკუთარ საზღვრებთან მოახლოებას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს, ამდენად რუსეთის მიერ სამეზობლო რეგიონში წარმოებული პოლიტიკაც რუსეთის, როგორც დიდი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. თუ ცივი ომის შემდგომ რეალობას მკაცრად რეალისტური თვალთახედვით შევაფასებთ, ამ ვარაუდში გარკვეულ სიმართლესაც იოლად შევამჩნევთ, მაგრამ რუსეთის მიერ წამოწყებული საგარეო ავანტიურები და ომები საეჭვოდ ემთხვევა ვლადიმერ პუტინის რეიტინგების ვარდნას, უკრაინაში წარმოებულმა ომმა და ყირიმის ანექსიამ კი მოსკოვს სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანა, თუმცა, რუს ამომრჩეველში, სოციალურ-ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, პუტინის ნდობის ხარისხი გაზარდა.

მართალია, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რუსეთს დაუსჯელად შერჩა, მაგრამ შეუძლებელია კრემლის ლიდერს არ სცოდნოდა, რომ უკრაინის ზომის სახელმწიფოში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებას და მისი ნაწილის ანექსიას დასავლეთი ამჯერად აღარ მოითმენდა, რადგანაც ყირიმის ანექსიით პუტინმა თანამედროვე საერთაშორისო წესრიგს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, მისმა წამოწყებულმა ომმა ათასობით ადამიანი შეიწირა, მილიონ ნახევარზე მეტი კი დევნილად იქცა. მსგავსი მასშტაბის დაპირისპირება საფრთხის ქვეშ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებსაც აყენებს. ამ მიზეზების გამო, დასავლეთი და მეტწილად აშშ კრემლის პოლიტიკას ვერანაირად ვერ შეეგუებოდა. უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და დასავლეთთან კონფრონტაცია გააღრმავა მაშინ, როდესაც აშშ „გადატვირთვის პოლიტიკით“ მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობდა. თუ მოსკოვს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეფერხება სურდა, მას ამის გაკეთება სხვა გზებითაც შეეძლო. რუსეთი დიდი სახელმწიფოა, რომლის მხარდაჭერასაც რიგი საკითხების ირგვლივ ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციები ძალიან დიდი ხნის მანძილზე კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ევროპულ სახელმწიფოებს კი მასთან კონფრონტაცია არ სურდათ, ამაზე 2008 და 2014 წლის ინტერვენციებზე მათი რეაქციებიც კარგად მეტყველებს, დღესაც კი ევროპაში არიან სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარს დიდად არ უჭერენ, მაგრამ პუტინმა ომის გზა აირჩია, სხვა შემთხვევაში მას საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდებოდა.

პუტინის თავხედობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა დაიწყო. მსგავსი მოქმედება თამამად შეიძლება მტრულ აქტად შეფასდეს. ძნელი სათქმელია რაში გამოადგება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მასზე მინიმუმ ათჯერ უფრო ძლიერი სახელმწიფოს არჩევნებში ჩარევა და ამით მისი გაღიზიანება, ან მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნერვული აგენტით თავდასხმა, მაგრამ აშკარაა, რომ მსგავსი ხულიგნური გამოხდომები პუტინის რეიტინგებზე დადებითად აისახება და მას საკუთარი რეჟიმის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, რადგანაც მოსახლეობის ყურადღება რთული შიდა პოლიტიკური რეალობიდან საგარეო პოლიტიკაზე გადააქვს და ხალხში რუსეთის უძლეველობის ილუზიას ქმნის.

ამდენად, უკანასკნელი წლების მანძილზე, რუსეთის მიერ გატარებული ძირითადი საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკის მთავარი მიზანი არა რუსეთის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა და რუსული სახელმწიფოს გაძლიერება, არამედ პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლების შენარჩუნებაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებათა დიდი ნაწილი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება კიდეც და მას გრძელვადიან არასტაბილურობასა და კრიზისს ჰპირდება. მისი რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დემოკრატიულ რუსეთს, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე წესებს, ევროპის ლიდერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შეუძლია, თუმცა, ჯერჯერობით კრემლის არცერთ ლიდერს ქვეყნის ამ მიმართულებით განვითარება აზრადაც არ მოსვლია, ისინი კონფრონტაციის ძიებით იყვნენ დაკავებული, დასავლეთთან დაპირსპირებები კი რუსეთისთვის მუდამ მარცხითა და არასტაბილურობით სრულდება ხოლმე.

ავტორი: გიორგი ხარებავა
+1
  • 20:27
  • 195
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image