ბრექსიტი - „ნახტომი სიბნელეში“

image
ფოტო: vasara/Shutterstock

ევროპის კავშირის დატოვება „სიბნელეში ნახტომი იქნება,“ ასე შეაფასა ბრექსიტი 2016 წელს, წინასარეფერენდუმო კამპანიის მსვლელობისას დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა, თუმცა, ბრიტანეთმა გამოსვლა არჩია და ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წინაშეც აღმოჩნდა, რადგანაც გაერთიანებულ სამეფოში დღემდე ვერავინ შეთანხმდა იმაზე, თუ რას გულისხმობს ბრექსიტი კონკრეტულად და როგორ უნდა განხორციელდეს ის.

თავიდანვე ჩანდა, რომ ევროპის კავშირთან მოლაპარაკებები, რომელსაც ახალი პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ჩაუდგა სათავეში, ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნებოდა. ბრიტანეთში მცხოვრები ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა უფლებები, ევროპის კავშირში მცხოვრები ბრიტანელების უფლებები, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის წარმოქმნილი სასაზღვრო საკითხი, ბრიუსელის მიმართ დიდი ბრიტანეთის ფინანსური ვალდებულებები და მხარეებს შორის ბრექსიტის შემდგომი ურთიერთობების დარეგულირება მოლაპარაკებების განსაკუთრებით პრობლემურ ნაწილებს წარმოადგენდნენ. ამ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევას 1.5 წელი დასჭირდა, თუმცა, ტერეზა მეის მუშაობით თემთა პალატა უკმაყოფილოა.

შოტლანდიის ნაციონალისტური პარტია და ლიბერალ-დემოკრატები ბრექსიტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, პლეიდ ქიმრუ დიდი ბრიტანეთის ერთიან ბაზარში დარჩენას უჭერს მხარს, ლეიბორისტულ პარტიაში აზრი გაყოფილია, თუმცა, მათი პარლამენტარების უმეტესობა ტერეზა მეის მიერ მიღწეულ შეთანხმებას არ ემხრობა, გაყოფილია კონსერვატიული პარტიაც, რადიკალი ბრექსიტერები პრემიერ მინისტრს ღალატშიც კი ადანაშაულებენ და მის გეგმას უნდობლობას უცხადებენ, მეორე ნაწილი ლიდერის ერთგულია, მაგრამ მათი მხარდაჭერა საკმარისი არ არის, ბრექსიტის შეთანხმების შინაარსს რადიკალურად არ იზიარებს ჩრდილოეთ ირლანდიური „დემოკრატ-იუნიონისტური პარტია - DUP“, რომლის 10 მანდატიც პარლამენტში ტორებს უმრავლების შენარჩუნებაში ეხმარება. პრემიერ მინისტრის მიერ ევროპის კავშირთან მიღწეული შეთანხმება თემთა პალატას ზეპარტიულად არ მოსწონს და მისი რატიფიცირების შანსებიც მინიმალურია (შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიტანელი ევროსკეპტიკოსების დამოკიდებულება შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში).

დღევანდელი მდგომარეობით მაღალია იმის ალბათობა, რომ ტერეზა მეის მიერ ევროპის კავშირთან მიღწეული შეთანხმება თემთა პალატაში ჩავარდება. ასეთ შემთხვევაში მოვლენები შეიძლება სამგვარად წარიმართოს:

1. დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოვა, რაც ორივე მხარეს საკმაოდ სერიოზულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს შეუქმნის. 2019 წლის 29 მარტის შემდეგ, ერთ დღე-ღამეში რეალობა რადიკალურად შეიცვლება, ირლანდიის კუნძულზე საზღვარი აღიმართება, ევროპის კავშირში მცხოვრები ბრიტანელები და ბრიტანეთში მცხოვრები ევროპის კავშირის მოქალაქეები ლეგალურ სტატუსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლმების წინაშე აღმოჩნდებიან, ბრიტანეთ-ევროპის კავშირის საზღვარზე კილომეტრიანი საცობები გაჩნდება, გაიზრდება საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობების რაოდენობა, რაც კრიმინალის დონეს გაზრდის, სავაჭრო ბარიერების სახით ბიზნესები მძიმე დარტყმას მიიღებენ, ჩრდილოეთ ირლანდიაში წითელი პარასკევის შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებულ მშვიდობას სერიოზული ზიანი მიადგება, რამაც ნაციონალიზმის გამოღვიძება და რეგიონში ახალი კონფლიქტის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს, რის შანსებსაც რეგიონში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია და მიმდინარე სამთავრობო კრიზისი ზრდის. ამ რეალობაში რაც უფრო დიდხანს გაიწელება ლონდონ-ბრიუსელის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, დიდ ბრიტანეთს მით უფრო სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიადგება. ეს გაერთიანებული სამეფოსთვის ევროპის კავშირიდან გამოსვლის ყველაზე უარესი ვარიანტია.

2. ტერეზა მეიმ „ხისტი ბრექსიტის“ თავიდან ასარიდებლად შესაძლოა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი გამოითხოვოს და ბრექსიტი ამით დროებით შეაჩეროს. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრიტანეთს მსგავსი გადაწყვეტილების ცალმხრიდავ მიღების უფლება აქვს. ამის შემდეგ ლონდონი, ან ხელახლა მოითხოვს მოლაპარაკებების დაწყებას და მისთვის სასურველი შედეგის მიღწევას, ან თემთა პალატის დასარწმუნებლად უფრო მეტი დრო ექნება. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც, ა) ტერეზა მეის ევროსკეპტიკოსი და რეფერენდუმის შედეგების ერთგული პარლამენტარები, დიდი ალბათობით, არ მიემხრობიან, ბ) მსგავსი ქცევა ევროპის კავშირს გააღიზიანებს, ის ხელახალ მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, ან თუ დათანხმდა, ამჯერად გაცილებით უფრო აგრესიული იქნება, რაც ბრიტანეთს კარგ შედეგს არ მოუტანს და გ) ბრექსიტის შეყოვნების მცდელობა, სავარაუდოდ, პრემიერ მინისტრის გადაყენებით დასრულდება, რადგანაც ბრექსიტერები, რეფერენდუმის ერთგული პარლამენტარები და ლეიბორისტული პარტია ამას არ მოითმენენ, რაც კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. ტერეზა მეი ამას აცნობიერებს, ამიტომაც 18 დეკემბერის სამთავრობო შეხვედრაზე მან „ხისტი ბრექსიტისთვის“ მზადება დაიწყო. ამდენად, ბრექსიტის დაყოვნების სცენარი თეორიულ ჩარჩოებს ვერ სცდება, რადგანაც ის „ხისტ ბრექსიტზე“ უფრო საზიანოა და წარმატების შანსები პრაქტიკულად არ არსებობს.

3. ბრექსიტზე უარის თქმა - სავარაუდოდ, პარლამენტი ამას მხარს არ დაუჭერს, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს ტერეზა მეისთვის და მსგავსი გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსების უმეტესობისთვის ნამდვილი პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. ამავდროულად,  ეს ბრიტანულ დემოკრატიასთან დაკავშირებითაც გააჩენს კითხვებს და პოლიტიკური ინსტიტუტები ხალხის ნდობას დაკარგავენ.

პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმების ჩავარდნის შემთხვევაში მოვლენები ამ სამიდან ერთერთი სცენარის მიხედვით განვითარდება. უდიდესი ალბათობით, ეს „ხისტი ბრექსიტი“ იქნება. ბრექსიტის შეფერხება, ან მასზე უარის თქმა პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგანაც მსგავსი გადაწყვეტილების პოლიტიკური ფასი ძალიან მაღალია, წარმატების მიღწევის შანსები კი მინიმალური.

დიდი ბრიტანეთისთვის მოვლენები იდეალურად არც შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში წარიმართება. პარლამენტში კენჭისყრის პროცესის 14 იანვრამდე გადავადებით ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ საკმარისი მხარდაჭერის მოპოვებას საკუთარი ბრექსიტერი კოლეგებისა და ოპოზიციონერი პარლამენტარების გადმობირების ხარჯზე შეძლებს, რადგანაც პრაგმატული თვალსაზრისით „ხისტ ბრექსიტს“ ევროპის კავშირის შეთანხმებით დატოვება სჯობია. თუ პრემიერ მინისტრი ამის გაკეთებას მოახერხებს, ის დიდი ალბათობით პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს, რადგანაც DUP ე.წ. ბექსტოპის ვარიანტს საკუთარი იუნიონისტური შეხედულებებიდან გამომდინარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ეს პარტია ჩრდილოეთ ირლანდიისთვის დანარჩენი ბრიტანეთისგან განმასხვავებელი სტატუსის მინიჭებაში რეგიონის ბრიტანული იდენტობის დაკარგვის საფრთხეებს ხედავს. ეს წითელი ხაზია, რომელსაც იუნიონისტები არ გადაკვეთენ, მათი მხარდაჭერის დაკარგვის შემთხვევაში მთავრობა დაიშლება, რადგანაც ტორების უმრავლესობას DUP უზრუნველყოფს, ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, ახალი მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება და კრიზისის მოგვარების ერთადერთ ვარიანტად რიგგარეშე არჩევნები დარჩება.

მედიასა და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება მეორე რეფერენდუმის ვარიანტიც, რომლის საშუალებითაც პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ნაწილი 2016 წლის შედეგის ანულირებას იმედოვნებს, თუმცა, მეორე რეფერენდუმი ბრიტანეთისთვის ორი მიზეზის გამო ბრექსიტზე უფრო მასშტაბურ საფრთხეებს შეიცავს: 1. ერთი და იგივე საკითხის ირგვლივ დროის მოკლე პერიოდში ორი რეფერენდუმის გამართვა მოჯადოებულ წრეში შესვლას ჰგავს, რასაც შეიძლება იგივე საკითხზე მესამე, მეოთხე და ა.შ. რეფერენდუმების მოთხოვნა მოჰყვეს, რაც ქვეყანას უკიდურესად დაყოფს და პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის და 2. თუ დიდი ბრიტანეთი ერთი და იგივე საკითხის ირგვლივ მოკლე პერიოდში რეფერენდუმის ორჯერ გამართვის პრეცედენტს დაუშვებს, მას ძალიან გაუჭირდება შოტლანდიელი ნაციონალისტების მოგერიება, რომლებსაც დამოუკიდებლობაზე ახალი რეფერენდუმის გამართვის სურვილი ჯერაც არ განელებიათ და თუ ბრექსიტის მეორე რეფერენდუმში კვლავაც ბრექსიტერები გაიმარჯვებენ, შოტლანდიელ ნაციონალისტებს დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიული შანსი მიეცემათ, რომელსაც ამჯერად, დიდი ალბათობით, გამოიყენებენ კიდეც. ამდენად, ზემოაღნიშნული იდეა, ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის და ტერიტორიულ მთლიანობას აქამდე არნახულ საფრთხეს შეუქმნის.

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვებამდე 100 დღეზე ნაკლები რჩება და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი თანდათან უფრო ღრმავდება, საიდანაც ამოსვლის რეალური პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია. როგორც ჩანს, დევიდ კემერონის სიტყვები მართლდება და გაერთიანებული სამეფო სიბნელეში გადასაშვებად ემზადება. ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ აშკარაა, რომ ქვეყანა გარუკვევლობისა და სერიოზული გამოწვევების წინაშეა.

ავტორი: გიორგი ხარებავა
0
  • 19:24
  • 174
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image