ცვლილება ახლო აღმოსავლეთში - აშშ სირიას ტოვებს

image
რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა ამერიკული ჯარის სირიიდან გამოსვლა დაანონსა. მას არ დაუკონკრეტებია თარიღი, თუმცა, მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. ბუნებრივია, აშშ-ს გამოსვლა სირიის სამოქალაქო ომიდან გარკვეულ სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებს წარმოშობს. იმისათვის, რათა უკეთ გავიაზროთ მოცემული გადაწყვეტილების არსი, რამდენიმე უმნიშვნელოვანეს კითხვას უნდა ვუპასუხოთ: 1. რა ფაქტორებმა განაპირობა აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება? 2. რა პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს ამერიკული ჯარის მიერ სირიის დატოვება? 3. რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ პროცესებზე? 4. რამდენად შეესაბამება პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს?

საერთაშორისო ურთიერთობების მიმომხილველთა უმრავლესობისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. უკანასკნელ ხანებში სირიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობამ და რუსულ-ირანული ალიანსის მოძლიერებამ თეთრი სახლის სტრატეგიულ გათვლებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. 2015 წელს სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის ფედერაციის ჩაბმამ ბაშარ ასადს ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება მისცა. ამას დაემატა აშშ-ს საკმაოდ გაუბედავი პოლიტიკა სირიაში, რის შედეგადაც ასადმა ომამდელი ტერიტორიების 90 % -ის კონსოლიდაცია მოახერხა. შედეგად, ერთ დროს საკმაოდ ძლიერი „ სირიის თავისუფალი არმია“, რომელსაც ვაშინტონი მხარს უჭერდა, დასუსტდა. ვაშინგტონმა სირიის სამოქალაქო ომის დასაწყისშივე მესამე მხარის ხელით ( ე.წ. Proxy War) ბრძოლა გადაწყვიტა. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა - ბარაკ ობამამ საკმაოდ წამგებიანი გეოპოლიტიკური სვლა გააკეთა, როდესაც სირიის ომში არ ჩაერთო და ფსონი “ სირიის თავისუფალ არმიასა“ და მოკავშირე სირიელ ქურთებზე დადო.  წინასაარჩევნო პერიოდში ობამას სუსტ პოზიციაზე მიუთითებდა დონალდ ტრამპიც, თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სირიის სამოქალაქო ომში უშუალოდ ჩაბმაზე მანაც უარი განაცხადა. ტრამპმა მისი წინამორბედის შეცდომები გაიმეორა, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე - აშშ-ს არმია სირიას ტოვებს, რაც ბუნებრივია, რეგიონის გეოპოლიტიკურ სურათზე გავლენას აუცილებლად მოახდენს:

1. რუსული გავლენის ზრდა - აშშ-ს ფრთხილმა და გაუბედავმა პოლიტიკამ სირიაში ძალაუფლების ვაკუუმი წარმოქმნა, რომელიც რევიზიონისტული ზრახვების მქონე რუსეთმა შეავსო. პრეზიდენტი პუტინი მიხვდა, რომ აშშ-ს ინტერვენციონისტული საგარეო პოლიტიკური კურსი შიდაპოლიტიკური განხეთქილებითა და საზოგადოებრივი აზრით შეიზღუდა. ერაყისა და ავღანეთის წარუმატებელმა სამხედრო კამპანიებმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რადგან დროში გაწელილი საბრძოლო მოქმედებები მოქალაქეთა ჯიბეზე უარყოფითად აისახება. მოსკოვმა არსებული შანსის გამოყენება სცადა და როგორც ჩანს, ეს საკმაოდ ეფექტურად მოახერხა. შედეგად, რუსეთი, რომელიც ცივი ომის შემდეგ ახლო აღმოსავლურ პროცესებს ჩამოშორებული იყო, რეგიონში დაბრუნდა.  არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ სირიის სამოქალაქო ომი ნულოვანჯამიანი თამაშია - მოსკოვის ყოველი გამარჯვება ვაშინგტონის მიერ დამარცხებად აღიქმება და მისი გავლენის განუხრელ შემცირებაზე მიანიშნებს.

2. ირანის გაძლიერება - ასადის ხელისუფლების გადარჩენაში რუსეთთან ერთად, უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის ირანსაც, რომელიც რეგიონში სულ უფრო ავანტიურულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. თეირანის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა დიდწილად რელიგიურმა ფაქტორმა განაპირობა - ასადი ალავიტური კონფესიის წარმომადგენელია, რომელიც შიიტური ისლამის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს. ირანის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი შიიტური სამყაროს კონსოლიდაციაა, ამიტომ ასადის დამხობა და მისი სუნიტური ხელისუფლებით ( სუნიტები ქვეყნის მოსახლეობის 70 %-ს შეადგენენ) ჩანაცვლება მის ინტერესებში არ შედის. ამ სცენარის შემთხვევაში იგი სირიაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბერკეტს დაკარგავდა. ირანის გაძლიერება აშშ-გეგმებში კიდევ 3 უმთავრესი მიზეზის გამო არ შედის: 1. ირანის ექსპანსიონიზმი საუდის არაბეთში საფრთხედ აღიქმება, რომელიც აშშ-ს მთავარი რეგიონული მოკავშირეა; 2. ამერიკული არმიის მიერ სირიის დატოვება უარყოფითად აისახება ისრაელზე, რადგან ირანი მისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს; 3. ირანის გავლენა სულ უფრო შესამჩნევი ხდება ერაყზე, რომელსაც ახლო აღმოსავლური „ მშვიდობის“ შენარჩუნებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს. თუ ირანი ბაღდადის სატელიტად გადაქცევას შეძლებს, პოსტ-სადამისტური ამერიკული პროექტი დამარცხებისთვის იქნება განწირული.

3. ისლამური სახელმწიფოს შესაძლო აღზევება - დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა იმით ახსნა, რომ რეგიონში არსებული უმთავრესი საფრთხე - „ ისლამური სახელმწიფო“ განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ტერიტორიების 90 % დაკარგა და მნიშვნელოვნად დასუსტდა, დროთა განმავლობაში მან შესაძლოა ძალები მოიკრიბოს. აშკარაა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა წრეზე ტრიალებს. „ დაეშის“ წარმოქმნა, დიდწილად აშშ-ს არმიის ერაყიდან გამოსვლამ და ძალაუფლების ვაკუუმის გაჩენამ განაპირობა. იგივე სცენარი შეიძლება გათამაშდეს ამ შემთხვევაშიც. აშშ-ს გასვლა ახლო აღმოსავლეთიდან ისედაც დაძაბული რეგიონის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის.

4. „ არაბული გაზაფხულის“ ჩავარდნა - აშშ-ს სირიიდან გამოსვლა იქნება იმის აღიარება,  რომ „ არაბული გაზაფხულის“ პროექტი ჩავარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიზაცია კიდევ დიდხანს არ მოხდება.  უკანასკნელ წლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დემოკრატიული სახელმწიფოების რაოდენობა განუხრელად მცირდება. საერთაშორისო პოლიტიკის ბოლოდროინდელი დინამიკა გვაფიქრებინებს, რომ ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

5. თურქეთის გააქტიურება და ქურთების გაურკვეველი მომავალი - აშშ-ს ჯარების არსებობა ჩრდილოეთ სირიის ქურთულ ტერიტორიებზე თურქული ინტერვენციის შემაკავებელი ფაქტორი იყო. ეს კარგად გამოჩნდა 2018 წლის იანვარში, როდესაც თურქეთმა ევფრატის აღმოსავლეთით „ ზეთისხილის რტოს“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ანკარამ ქურთული ქალაქი - აფრინი აიღო, თუმცა, ვაშინგტონის ხისტმა პოზიციამ მას მეორე მნიშვნელოვანი ქურთული ქალაქის - მანბიჯის დაკავებაზე ხელი ააღებინა. ამერიკული ჯარის სირიიდან გამოსვლა თურქეთის მადას, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის. მისი მიზანი „ ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ( PKK) და მასთან აფილირებული ყველა დაჯგუფების, მათ შორის სირიაში არსებული „ სახალხო თავდაცვის ნაწილების“ ( YPG) ნეიტრალიზებაა. გარდა ამისა, ანკარა სამხრეთ საზღვართან უსაფრთხო ბუფერის შექმნას ცდილობს, რისთვისაც მას უპირველესად ქურთების მარგინალიზება სჭირდება. აშშ-ს გამოსვლა სირიიდან მისი ქურთი მოკავშირეების ბედს სრულიად გაურკვეველს ხდის. მას არ აქვს საკმარისი ძალა, რომ მარტო დაუპირისპირდეს რეგიონის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს.

ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ სირიიდან ამერიკული არმიის გამოყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციაშიც მრავალი ადამიანი ეწინააღმდეგება. 20 დეკემბერს თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა თანამდებობა დატოვა, რაც, დიდი ალბათობით მასსა და პრეზიდენტს შორის სირიის დატოვების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. თავდაცვის მდივანი მიიჩნევს, რომ ქურთი მოკავშირეების მიტოვება სრულიად ამორალური მოქმედებაა. გარდა ამისა, ამერიკული ჯარის მიერ სირიის დატოვება  აშშ-სთვის პრაგმატული თვალსაზრისითაც წამგებიანი სტრატეგიაა, რაც მისი, როგორც გლობალური ჰეგემონის სტატუსზე აუცილებლად უარყოფითად აისახება. აშშ-ს გავლენის შესუსტება, რუსეთისა და ირანის გაძლიერება, „ არაბული გაზაფხულის“ ჩავარდნა, ისლამური სახელმწიფოს შესაძლო აღზევება, თურქეთის მზარდი ამბიციები და ქურთი მოკავშირეების გაურკვეველი მომავალი - ეს ის პოლიტიკური ფასია, რის გადახდაც ვაშინგტონს ამერიკული ჯარების სირიიდან გაყვანის სანაცვლოდ მოუწევს.

ავტორი: გიგა ჯოხაძე 
+2
  • 19:58
  • 378
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image