სერბეთ-კოსოვოს დავის მოგვარების მცდელობა თუ ახალი კონფლიქტების დასაწყისი?

image
2018 წლის ივნისში საბერძნეთსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელიც ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი დავის მოგვარებას ისახავს მიზნად, საერთაშორისო საზოგადოებაში გაჩნდა რწმენა, რომ ბალკანეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაც შესაძლოა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს და სერბეთ-კოსოვოს შორის ტერიტორიების გაცვლის ალბათობაზე საუბარი დაიწყო.

სერბეთსა და მის სამხრეთ ნაწილში მდებარე კოსოვოს პროვინციას შორის ვითარება 1989 წელს განსაკუთრებით დაიძაბა, როდესაც სლობოდან მილოშევიჩმა კოსოვოს სპეციალური ავტონომიის სტატუსი შეუჩერა და ეთნიკური ალბანელების დევნა დაიწყო. მილოშევიჩის გადაწყვეტილებას კოსოვოელმა სერბებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობით და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნით უპასუხეს. 1992 წელს სეპარატისტული მოძრაობის წევრებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, თუმცა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკა მხოლოდ ალბანეთმა აღიარა. 1996 წელს კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიასა და ადგილობრივ სერბულ პოლიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რასაც კონფლიქტში იუგოსლავიის შეიარაღებული ძალების ჩართვა მოჰყვა. საბოლოოდ მრავალწლიანი სისხლიანი დაპირისპირება 1999 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ინტერვენციის შედეგად დასრულდა, 9 წლის შემდეგ - 2008 წელს კი კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა.  დღესდღეობით კოსოვოს დამოუკიდებლობას გაეროს წევრი 104 ქვეყანა აღიარებს.

2011 წელს სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით ევროპის კავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული შეთანხმებების გაფორმების მიუხედავად, აღნიშნული ქვეყნები ხელშესახებ პროგრესს ვერ აღწევენ.

2018 წლის ზაფხულში საერთაშორისო მედიაში სერბეთ-კოსოვოს შორის ტერიტორიების შესაძლო გაცვლაზე ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ორმხრივი აღიარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე მიტროვიცას ოლქის სამი მუნიციპალიტეტი (ლეპოსავიჩი, ზვეჩანი და ზუბინ პოტოკი), სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სერბები წარმოადგენენ, სერბეთს შეუერთდება, ხოლო სამხრეთ სერბეთში მდებარე ეთნიკურად ალბანელებით დასახლებული პრეშევოს ხეობა (პრიშევო, ბუიანოვაცი, მედვეჯა) კოსოვოს ნაწილი გახდება.

ერთი მხრივ, კოსოვო საერთაშორისო იზოლაციის დასრულებით და მთელი რიგი ქვეყნების მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარებითაა დაინტერესებული, მეორე მხრივ, სერბეთისთვის  ევროპული ინტეგრაციის გზაზე მთავარ დაბრკოლებას კოსოვოსთან გადაუჭრელი კონფლიქტი წარმოადგენს, აქედან გამომდინარე, მრავალწლიანი დავის მშვიდობიანი გზით მოგვარება ორივე მათგანის ინტერესებში შედის. მიუხედავად ამისა, ტერიტორიების შესაძლო გაცვლის ინიციატივამ,  როგორც სერბეთსა და კოსოვოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კოსოვოში სერბეთთან დიალოგს და „საზღვრების შესწორებას“ ქვეყნის პრეზიდენტი - ჰაშიმ ტაჩი მხარს უჭერს, თუმცა, პრემიერ-მინისტრი - რამუშ ჰარადინაჯი და  პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა სერბეთსა და კოსოვოს შორის ტერიტორიების გაცვლას ეწინააღმდეგებიან. უკანაკნელი გამოკითხვებით (კოსოვოს დემოკრატიული ინსტიტუტი -  KDI) კოსოვოს მოსახლეობის 77% ზემოაღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ეროვნულ მიწაზე გარიგებას არ დათანხმდება. მათთვის ტერიტორიების გაცვლა ეთნიკური დაპირისპირებისა და ახალი ომის წინაპირობაა. კოსოვოს მოსახლეობისთვის არამხოლოდ ტერიტორიების გაცვლა, არამედ კოსოვოში მცხოვრები სერბი მოსახლეობისთვის ნებისმიერი სახის ავტონომიის მინიჭება მიუღებელია, რადგან  მიიჩნევენ, რომ ეს სერბეთის მიერ კოსოვოს საშინაო საქმეებში ჩარევის მიზეზი გახდება.

გასული წლის მარტში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი ევროპის კავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ კომპრომისისთვის მზადაა - „მხოლოდ კომპრომისი და არა ჩვენი ხალხის დამცირება“. ვუჩიჩისთვის კოსოვოსთან ტერიტორიების გაცვლა მისაღებია, თუმცა, ამ ინიციატივას სერბეთის მოსახლეობის უმრვლესობა და მართლმადიდებელი ეკლესია მხარს არ უჭერს. მათთვის კოსოვო სერბეთის აჯანყებული პროვინციაა და მისი დამოუკიდებლობის აღიარება, დამარცხების ტოლფასია.  კოსოვოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის და სამშვიდობო შეთანხმების მომხრეა სერბეთის პრემიერ-მინისტრი - ანა ბრნაბიჩი, თუმცა სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას სასტიკად ეწინააღმდეგება  - „თუ ალბანელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბელგრადთან დიალოგის შედეგად სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს, ვაცხადებ, რომ ეს არ მოხდება.“

სერბეთსა და კოსოვოს შორის ტერიტორიების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო საკმაოდ რთულია - 1. სერბეთსა და კოსოვოს შორის ნდობის არარსებობა - პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრიისით ცუდი გამოცდილება არსებობს. მას შემდეგ რაც, 2011 წელს სერბეთ-კოსოვოს შორის ევროპის კავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო, არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა უმრავლესობის იმპლემენტაციაც ამ დრომდე არ მომხდარა. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ამჯერად მოვლენები სხვაგვარად განვითარდება და ისინი ხელშესახებ პროგრესს მიაღწევენ; ოფიციალური პრიშტინა სერბეთს მის წინააღმდეგ „დაუნდობელი კამპანიის“ წარმოებაში მუდმივად ადანაშაულებს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების შეფერხებაში სდებს ბრალს. უკანასკნელ პერიოდში კოსოვომ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო სერბეთს იმპორტის გადასახადი 100%- მდე გაუზარდა. საბაჟო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღეს, რაც 20 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (INTERPOL) გენერალურ ასამბლეაზე, მესამე მცდელობის მიუხედავად კოსოვო ორგანიზაციის წევრი ვერ გახდა. ტარიფების გარდა, სადავო საკითხს კოსოვოს რეგულარული არმიის შექმნა  წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში კოსოვოს პარლამენტის წევრების უმრავლესობამ ეროვნული უსაფრთხოების ძალების რეგულარულ არმიად გარდაქმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა, რამაც სერბეთის აღშფოთება გამოიწვია; 2. როგორც სერბეთში, ასევე კოსოვოში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობს. მოსახლეობის, მმართველი გუნდის და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების აზრი გაყოფილია. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ხშირად პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ხდება; 3. სერბეთისთვის კოსოვოს საკითხი პოლიტიკურად სენსიტიური თემაა. მოსახლეობის უმრავლესობისთვის კოსოვო სერბეთის ტერიტორიის ნაწილია, შესაბამისად მმართველი გუნდის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარება, პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. მოსახლეობის მხრიდან ტერიტორიების გაცვლის ინიციატივის დაბალი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საზღვრების ცვლილებაზე საუბარი სერბეთის ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯია, განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყანაში დეკემბრის დასაწყისიდან ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს და დემონსტრანტები ალექსანდრ ვუჩიჩს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, "პოლიტიკურ ძალადობასა“ და ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ;  4. ჩრდილოეთ კოსოვოს (მიტროვიცას ოლქი) გარდა სერბები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშიც ცხოვრობენ. პრიშტინას ოლქის ორ მუნიციპალიტეტში - გრაჩანიცა და ნოვო ბრდო, ფერიზაის ოლქის შტრიპცეს მუნიციპალიტეტში და გილანის ოლქის სამ მუნიციპალიტეტში - რანილუგი, კლოკოტი, პარტეში სერბები უმრავლესობას წარმოადგენენ, თუმცა, ტერიტორიების გაცვლის შემთხვევაში კვლავ კოსოვოს მმართველობის ქვეშ დარჩებიან. საზღვრების ცვლილებით კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბების საკითხი კვლავ გადაუჭრელი დარჩება და ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ავტონომიის მინიჭებას კვლავ მოითხოვს; 5. კოსოვოში სერბებით  დასახლებულ მუნიციპალიტეტებში არსებობს სოფლები, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ალბანელები შეადგენენ და ტერიტორიების გაცვლის შემთხვევაში ისინი ბელგრადის დაქვემდებარებაში აღმოჩნდებიან, რაც მათთვის მიუღებელია; 6. გარდა იმისა, რომ სერბეთთან შეთანხმება კოსოვოს მოსახლეობის უმრავლეოსობისთვის მტერთან გარიგების ტოლფასია, ისინი საზღვრების ცვლილებას ჩრდილოეთ კოსოვოს ეკონომიკური მნიშვნელობის გამოც ეწინააღმდეგებიან. მიტროვიცაში მდებარეობს გაზივოდას კაშხალი, რომელიც წყლით და ელექტროენერგიით ქვეყანას ამარაგებს, ასევე, Trepča-ს მაღარო, სადაც ოქრო, ვერცხლი, ტყვია, თუთია და მადანი მოიპოვება.

შესაძლებელია ითქვას, რომ ვიდრე სერბეთი და კოსოვო შესაბამისს პოლიტიკურ ნებას არ გამოიჩენენ, რომელიც პოლიტიკური დიალოგის საშუალებით ურთიერთობების ნორმალიზაციას ხელს შეუწყობს, მათ შორის ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა გართულდება.

ტერიტორიების გაცვლის საშუალებით მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულებას აშშ და ევროპის კავშირი მხარს უჭერენ. სახელმწიფო, რომელიც აღნიშნულ ინიციატივას ღიად ეწინააღმდეგება, გერმანიაა. ოფიციალური ბერლინის აზრით, სერბეთ-კოსოვოს საზღვრების ეთნიკურ საფუძველზე ცვლილებას დომინოს ეფექტი ექნება და ბალკანეთის რეგიონში კონფლიქტის ახალ კერებს წარმოშობს.  დიდი ალბათობით საზღვრების ცვლილებას ევროპის კავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფო - საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, სლოვაკეთი და რუმინეთიც არ დაუჭერენ მხარს, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში მძლავრი სეპარატისტული მოძრაობები არსებობს და  სწორედ ამ მიზეზის გამო მათ კოსოვოს დამოუკიდებლობა ამ დრომდე არ უღიარებიათ. რაც შეეხება რუსეთს, რომელიც სერბეთის პრეზიდენტს -  ალექსანდრ ვუჩიჩის მხადამჭერია, ტერიტორიების გაცვლასაც ემხრობა, თუმცა, არა იმიტომ, რომ კოსოვოს საერთაშორისო იზოლაცია ან სერბეთის ევროპული ინტეგრაცია აღელვებს, არამედ იმიტომ, რომ საზღვრების ეთნიკურ საფუძველზე გავლება დიდი ალბათობით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ცუდ პრეცედენტს შექმნის და ეთნიკურად ჭრელ რეგიონში დაძაბულობის ზრდას ხელს შეუწყობს. იმ შემთხვევაში თუ სერბეთსა და კოსოვოს შორის ტერიტორიების გაცვლა მოხდება, სავარაუდოდ ძალიან მალე ანალოგიურ მოთხოვნას წამოაყენებენ ბოსნია-ჰერცეგოვინაში მცხოვრები სერბები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს (რესპუბლიკა სრპსკაში - 81%) და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში მცხოვრები ალბანელები, რომლებიც მოსახლობის 25%-ს  წარმოადგენენ. არასტაბილური პოლიტიკური ვითარების პირობებში კი რუსეთს ბალკენეთის სახელმწიფოების პოლიტიკაში ჩარევის მეტი საშუალება ეძლევა. ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიუხედავად, რუსეთი საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობს, რადგან კრემლის აზრით, რეგიონში დასავლეთის მზარდი ჩართულობა მათ ინტერესებს აზიანებს, შესაბამისად რუსეთი სლავური იდენტობისა და ერთმორწმუნეობის გამოყენებით, ნაციონალისტური ჯგუფების წახალისებითა და არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ხელშეწყობით ბალკანეთის ქვეყნების  ნატოსა და ევროპის კავშირში ინტეგრაციის შანსების შემცირებას ცდილობს.
დასავლეთის ინტერესებში კი რეგიონში არსებული მრავალწლიანი დავების მშვიდობიანი გზით მოგვარება და რუსეთის მოქმედების არეალის შეზღუდვაა. აქედან გამომდინარე, აშშ და ევროპის კავშირი სერბეთ-კოსოვოს შორის შეთანხმებისა და  ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდაჭერით ბალკანეთის რეგიონში რუსეთის მზარდი გავლენის შეკავებას ცდილობს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმება ორივე ქვეყანაში ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და შესაძლო რისკების გათვალისწინებით არ მოხდება, მრავალწლიანი დავის მოგვარების მცდელობა შესაძლებელია უფრო სერიოზული პრობლემის გამომწვევი აღმოჩნდეს და კოსოვოს საერთაშორისო იზოლაციის დასრულებისა და სერბეთის ევროპულ ინტეგრაციის მიზნით წამოწყებულმა კეთილშობილურმა ინიციატივამ შესაძლოა მულტიეთნიკური ქვეყნების კონცეფციის ნგრევა გამოიწვიოს და ბალკანეთის რეგიონში გაცილებით მეტი დაძაბულობის კერა შექმნას.

ავტორი: ხატია დავლიანიძე
+1
  • 20:13
  • 711
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image