ტრამპის რუსული პოლიტიკა - რბილი ტონი და ხისტი მოქმედება

image
ამერიკის შეერთებულ შტატების ისტორიას არ ახსოვს ლიდერი, რომლის გაპრეზიდენტებასაც ამომრჩევლების და ოპონენტების დიდი ნაწილი უცხო სახელმწიფოს ჩარევას მიაწერდა. რთული სათქმელია რუსეთის მიერ ამერიკის 2016 წლის არჩევნებში ინტერვენციამ მართლა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თუ არა საბოლოო შედეგებზე, თუმცა, ეს მაინც საკმაოდ მსუყე პოლიტიკური თემაა პრეზიდენტის ოპოზიციისთვის, რომელიც ამ საკითხზე აპელირებით პოლიტიკური ქულების დაწერას და მომდევნო არჩევნებში წარმატების მიღწევას ცდილობს. ამას ემატება ბევრისთვის გამაღიზიანებელი ტრამპის საკმაოდ თბილი ტონი რუსეთისა და მისი ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიმართ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და უბრალოდ აშშ-საგარეო პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანების უმრავლესობას სერიოზული ეჭვები გაუჩნდა ახალი ადმინისტრაციის რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. რადიკალურად ანტი-ტრამპისტული ჯგუფები მას საერთოდაც პუტინის პირად მარიონეტად მიიჩნევდნენ, მაგრამ პრეზიდენტობის ორი წლისთავისათვის სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია.

მიუხედავად შეერთებული შტატების ლიდერის საკმაოდ რბილი და ზოგჯერ წინდაუხედავი განცხადებებისა, შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ ის პუტინს აშშ-ს ეროვნული ინტერესების იგნორირების ხარჯზე გაურიგდებოდა და რუსული საფრთხის ქვეშ მყოფ საკუთარ მოკავშირეებს ზურგს აქცევდა, არ გამართლდა. მართალია, პრეზიდენტობის მეორე წელსაც პუტინის მიმართ საქებარ სიტყვებს მისგან ისევ გაიგებთ, მაგრამ მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკა თეთრი სახლის მეთაურის სიტყვებისაგან რადიკალურად განსხვავებულია.

დონალდ ტრამპის რუსული პოლიტიკის ანალიზისას დაკვირვებულ ადამიანს შეიძლება პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის ცნობილი დევიზი, „რბილად ისაუბრე, მაგრამ თან დიდი ჯოხი ატარე,“ გაახსენდეს [speak softly but carry big stick]. საგარეო პოლიტიკის ასე მოკლედ და იდეალურად ფორმულირებული გაგება შეერთებულ შტატებს უკვე ას წელზე მეტია საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება.

სრულად ესადაგება თუ არა ტრამპის საგარეო პოლიტიკა რუზველტის ამ ფორმულირებას? - რა თქმა უნდა არა. მოქმედი პრეზიდენტის რიტორიკას რუსეთის და პუტინის მიმართ არ შეიძლება უბრალოდ რბილი ეწოდოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია დასავლურ სამყაროს გადამტერებულ ავტოკრატ მმართველზე, რომლის მართული სახელმწიფოც მეცხრამეტე საუკუნის თამაშის წესებით ცდილობს ფონს გასვლას, საფრთხეს უქმნის თანამედროვე საერთაშორისო წესრიგს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე აიგნორებს საერთაშორისო სამართლის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც საზღვრების ურღვეობასა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას ეხება. ასეთ პირობებში კი მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის მმართველის მიერ თუნდაც ჰელსინკის 2018 წლის შეხვედრისას გავრცელებული ძალიან რბილი მესიჯები შეერთებული შტატების პრესტიჟისათვის ნამდვილად საზიანოა.

მაგრამ რაც შეეხება „დიდი ჯოხის პოლიტიკას,“ აქ მსგავსებები აშკარაა. პუტინის ნებისმიერ საერთაშორისო ხულიგნობას ტრამპის ადმინისტრაცია ახალ-ახალი სანქციებით და რუსული საფრთხის ქვეშ მყოფი მოკავშირეებისთვის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით პასუხობს.  ბევრი მკვლევარი გაკვირვებულია იმ მკაცრი პოლიტიკით, რასაც აშშ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ატარებს რუსეთის მიმართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან მიმართებაში დონალდ ტრამპზე ხისტი არცერთი ლიდერი ყოფილა.

რუსეთსა და აშშ-ს ურთიერთობები განსაკუთრებით 2014 წელს დაეძაბათ, როდესაც პუტინი ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა. მოსკოვის მორიგ ანაქრონისტულ და სახიფათო გამოხდომას ბარაკ ობამამ პასუხი ძირითადად ეკონომიკური ხასიათის სანქციებით და უკრაინისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადებით გასცა, მაგრამ რუსული საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების დასახმარებლად სხვა უფრო ქმედითი პოლიტიკური, თუ სამხედრო ხასიათის ნაბიჯები მაშინ არ გადადგმულა.

ეს სიტუაცია 2016 წლის არჩევნების შემდეგ შეიცვალა. ტრამპის ადმინისტრაციამ აგრესიულ რუსეთთან მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით დაპირისპირება საკმარისად არ მიიჩნია და საქართველოსა და უკრაინას სამხედრო კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია, რაც ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიყიდვით გამოიხატა. გაიზარდა ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაც, რაც ადრე ძირითადად მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლებოდა, ამჯერად საქმითაც დადასტურდა. მოქმედი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ამერიკული დახმარებების შეწყვეტა იყო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს არაღიარების პოლიტიკაში წარმატების მიღწევის შანსებს ერთიორად უზრდის.

ახალი პრეზიდენტი და მისი გუნდი არც პუტინის მიერ მხარდაჭერილი სირიელი დიქტატორის მიმართ აღმოჩნდა ლმობიერი. როდესაც მან ქიმიური იარაღი გამოიყენა, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ორჯერ დაბომბეს ბაშარ ასადის სამხედრო პოზიციები, აღსანიშნავია მეორე შემთხვევა, როდესაც ამერიკელებმა ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად იმოქმედეს. ამ თავდასხმას უფრო მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე აშშ-ს მიერ ცალმხრივად გახორციელებულ 2017 წლის დაბომბვებს.

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ადექვატურ გააზრებაზე მეტყველებს ტრამპის მიერ ევროპელი პარტნიორებისთვის გაკეთებული მოწოდება, რომელშიც ის მათ თავდაცვაში მეტი ინვესტიციის ჩადებისკენ და რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისაკენ მოუწოდებს. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ გაუმართლებლად რბილი რიტორიკის მიუხედავად, ტრამპი რუსეთს მაინც მოწინააღმდეგედ აღიქვამს. ეს პირდაპირ წერია მისი ადმინისტრაციის პირობებში მიღებულ უსაფრთხოების დოკუმენტებში, სადაც რუსეთი, როგორც აშშ-ს მთავარი საფრთხე, ჩრდილოეთ კორეის და ირანის გვერდითაა მოხსენიებული. ცივი ომის შემდეგ ეს აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უპრეცედენტო მოვლენაა.

ტრამპის პრეზიდენტობისას აშკარად შეიმჩნევა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე აშშ-ს „ჯოხი“ მოსკოვთან მიმართებაში საკმაოდაა „ზომაში გაზრდილი.“ ამ მოკლე დროის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა მიზეზით საკუთარი ტერიტორიიდან ათობით რუსი დიპლომატი გააძევა და დახურა რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობა სიეტლსა და სან ფრანცისკოში, სანქციები დაუწესა ორასამდე მაღალი თანამდებობის პირს და პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს, სანქციებში მოხვდა ათობით რუსული კომპანიაც, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ რუსეთის სადაზვერვო და სამხედრო ინსტიტუტებთან. საერთო ჯამში, რუსეთისათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა მილიარდობით დოლარს მიაღწია, რუსული რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებაში უკანასკნელი ორი წლის მინიმუმამდე გაუფასრუდა, ეკონომიკური პრობლემები შეექმნა ავიაკომპანია აეროფლოტსაც, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკული ცის ჩაკეტვით დაემუქრა და ა.შ.

რუსეთთან მიმართებაში თეთრი სახლის ლიდერის ძალზედ რბილი რიტორიკის მიღმა გაცილებით უფრო ხისტი პოლიტიკა იმალება. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რომელშიც პუტინის წინააღმდეგ განწყობილი პირები წამყვან თანამდებობებს იკავებენ, საკმაოდ ადექვატური რეაქციები ჰქონდა რუსეთის დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ. ვაშინგტონის პასუხები მკაცრი იყო როდესაც ასადის რეჟიმმა სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა და როდესაც რუსეთმა ბრიტანეთში ყოფილი ორმაგი ჯაშუში და მისი ქალიშვილი ნერვული აგენტით მოწამლა. ტრამპის პასუხი ასევე მძაფრი იყო 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტი მალერის გამოძიებას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს, მისმა ადმინისტრაციამ რუსეთს ამერიკის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მცდელობის გამო სანქციები დაუწესა.

ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და უკრაინაა, შეიძლება ტრამპის გამკაცრებული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში საჭირო ზომამდე ხისტი და გაზრდილი სამხედრო თუ პოლიტიკური მხარდაჭერა საკმარისად ძლიერი არ იყოს, მაგრამ აშშ-ს თავისი ინტერესები აქვს, ვაშინგტონში მიაჩნდათ და ახლაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის უკიდურესად მარგინალიზება და იზოლირება შეერთებულ შტატებს კარგს არაფერს მოუტანს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკული წნეხი რუსეთზე ბოლო ორი წლის მანძილზე გაზრდილია და ეს კარგია. ტრამპის წინამორბედი ცუდი პრეზიდენტი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში მისი სიტყვები უფრო ხისტი იყო, ვიდრე პოლიტიკა. ისტორია კი გვეუბნება, მკაცრად საუბარს და რბილად მოქმედებას, რბილად საუბარი და მკაცრად მოქმედება სჯობია.

ავტორი: გიორგი ხარებავა
+1
  • 11:10
  • 1 074
FACEBOOK კომენტარები
Image