სამხრეთ ჩინეთის ზღვა - კონფლიქტი, რომელიც სისტემაში სტატუს-ქვოს ცვლის

image
ფოტოზე: ჩინეთის ორმოცამდე სამხედრო წყალზედა და წყალქვეშა ხომალდი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მანევრირებს/XINHUA NEWS AGENCY

თანამედროვე მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი სახის სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირება, რომელსაც საერთაშორისო სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონფლიქტის მსგავსად შეუძლია. ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურ და დიდი სახელმწიფოების ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებში ჩაფლულ რეგიონსაც კი არ გააჩნია მსოფლიოში ძალთა ბალანსის იმ დონემდე შეცვლის შესაძლებლობა, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.

სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონფლიქტი სათავეს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იღებს, თუმცა, განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში შეიძინა, რასაც ხელი რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდამ და საერთაშორისო დონეზე ჩინეთის სწრაფმა დაწინაურებამ შეუწყო. აღნიშნულ კონფლიქტში: ჩინეთი, ვიეტნამი, ფილიპინები, მალაიზია, ტაივანი და ბრუნეი ერთმანეთს ზღვის გარკვეულ ნაწილებს ედავებიან, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან კი ყველაზე მომთხოვნი და აგრესიული მხარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა, რომლის გადმოსახედიდანაც სადავო ზღვის უდიდეს ნაწილზე პეკინის იურისდიქცია უნდა გავრცელდეს.

XX საუკუნეში დაფიქსირებული რამდენიმე შეტაკების შემდეგ კონფლიქტი ახალ და აქტიურ ფაზაში 2012 წელს შევიდა, როდესაც ჩინეთმა ფილიპინების ნაპირებთან ახლოს მდებარე სკარსბოროს რიფი დაიკავა, რის გამოც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ჩინეთი მოქმედების უფრო და უფრო აგრესიულ გზას ირჩევს, რაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულებისა და რიფების ხელოვნურად გაფართოებასა და აქ საკუთარი სამხედრო ბაზების განთავსებაში გამოიხატება, ეს კი რეგიონის სახელმწიფოების გარდა, შეერთებული შტატებისა და მისი მთავარი მოკავშირეების გაღიზიანებას იწვევს.

აშშ-სა და მასთან დაახლოებული ქვეყნების აღშფოთების მიზეზი კი სამხრეთ ჩინეთის ზღვის მნიშვნელობაა, რომლის გათვალისწინებითაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ზღვის ირგვლივ არსებული კონფლიქტი ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში შეერთებული შტატების ჰეგემონობისთვის ყველაზე სერიოზული მასშტაბის გამოწვევაა. ჩინეთის სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ პეკინს სამხედრო ხარჯებისა და შესაძლებლობების გაზრდის საშუალება მისცა, რის შედეგადაც ის მზარდი ინტერესების მქონე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომლისთვისაც სამეზობლო რეგიონში არსებული ამერიკული გავლენა ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და საკუთარი რეგიონალური ინტერესების რეალიზაციის გზაზე შემაფერებელ სერიოზულ წინაღობად იქცა. ვაშინგტონის გადმოსახედიდან კი პეკინის „გაზრდილი მადა,“ შეერთებული შტატების საერთაშორისო სტატუსს ემუქრება და ჩინეთის შეკავებაც თანდათან მის მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ყალიბდება. ამ კუთხით აშშ-ს მხარს ევროპული დიდი სახელმწიფოების გარდა (დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი): იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებიც უჭერენ, რომელთა ინტერესებშიც ჩინეთის რეგიონულ ჰეგემონად ჩამოყალიბება არ შედის.

ჩინეთ-შეერთებული შტატების სტრატეგიული დაპირისპირება ყველაზე მწვავედ სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონფლიქტში ჩანს, რასაც რეგიონის მნიშვნელობა განაპირობებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვა მსოფლიოში არსებული სავაჭრო მარშრუტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადატვირთული წერტილია, აქ ყოველწლიურად მსოფლიოს მთლიანი საზღვაო ტვირთბრუნვის ღირებულების ერთი მესამედი მოძრაობს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თევზჭერის ფაქტორიც, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთში ერთობლივად მილიონობით სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.

ჩინეთის გადმოსახედიდან აღნიშნული ზღვის გაკონტროლება საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რადგანაც მასზე გამავალ სავაჭრო გზებზე ჩინეთის საზღვაო ვაჭრობა და მისი ენერგოუსაფრთხოება კრიტიკულადაა დამოკიდებული. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთის საგარეო ვაჭრობის 39% სამხრეთ ჩინეთის ზღვას გადის, ეს რიცხვი ნედლი ნავთობის იმპორტის შემთხვევაში 80%-ს აღწევს, რაც მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. პეკინში მიაჩნიათ, რომ სახიფათო დოზით არიან იმ წყლებზე დამოკიდებული, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, ამიტომაც უკანასკნელ წლებში მათ მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაცია განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა, რამაც აშშ-სთან დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

სავაჭრო დამოკიდებულების გარდა, აღნიშნული სივრცის კონტროლი ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელი წინაპირობაა. სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ყვითელ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებთან ერთად, პეკინს ე.წ. ახლო ზღვების კატეგორიაში გაჰყავს, რომელშიც უცხო სახელმწიფოს გავლენას ის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად აღიქვამს. ჩინეთის ყველაზე განვითარებული რეგიონები მის სანაპირო ზოლს მიუყვება, „ახლო ზღვების“ სრული კონტროლის გარეშე კი მას უცხო ძალებისგან საკუთარი თავის დაცვა ძალიან გაუჭირდება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვის უდიდეს ნაწილზე საკუთარი ძალაუფლების გავრცელებას ცდილობს.

საერთაშორისო სისტემის ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს სურს საკუთარი სამეზობლო რეგიონის კონტროლი, მაგრამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზი ძალიან მსუყე ნაჭერია საიმისოდ, რომ აშშ-მ და რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა აქ ჩინეთს საკუთარ ნებაზე მოქმედების თავისუფლება მისცენ. შეერთებული შტატები, ავსტრალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხშირად საკუთარ სამხედრო ხომალდებს აგზავნიან. ეს სამხედრო ოპერაციები ჩინეთს ძირითადად ორი სახის სიგნალს უგზავნის: 1. აშშ და მისი მოკავშირეები მსგავსი მნიშვნელობის ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების შეზღუდვას არ/ვერ შეეგუებიან და 2. ისინი პეკინის პრეტენზიებს არ სცნობენ და აქ ჩინეთის სამხედრო ბაზების არსებობას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად მიიჩნევენ.

იქიდან გამომდინარე, რომ აქ აშშ-სა და იაპონიის გავლენა შედარებით სუსტია, ვიდრე აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან იაპონიის ნაპირებამდე, პეკინი მის ირგვლივ არსებულ წყლებზე კონტროლის მოპოვებას სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან იწყებს, წარმატების შემთხვევაში კი შემდეგ ნაბიჯებს უკვე აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით გადადგამს. აშშ და მისი მოკავშირეები კი საკუთარი უსაფრთხოების გათვალისწინებით, ჩინეთის შეკავებას ცდილობენ.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე კონტროლის მოპოვება, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მთლიან რეგიონსა და სამხრეთ კორეასაც კი პეკინის გავლენის ქვეშ მოაქცევს, ვინაიდან ამ ზღვაზე მოდის: ვიეტნამის საგარეო ვაჭრობის 86%, ინდონეზიის - 85%, ტაილანდის - 74%, სინგაპურის - 66%, მალაიზიის - 58% და სამხრეთ კორეის - 47%. რაც შეეხება აშშ-ს საზღვაო ვაჭრობის დამოკიდებულებას, ის ძალიან მცირეა და მხოლოდ 6%-ს შეადგენს, თუმცა, რეგიონზე ჩინეთის გაბატონების შემთხვევაში, ვაშინგტონი ძალიან სერიოზული მარცხის წინაშე აღმოჩნდება და მას უმნიშვნელოვანესი რეგიონის მთლიანად დატოვება მოუწევს, გაძლიერებული პეკინი კი შემდეგ ნაბიჯებს უფრო აქტიურად გადადგამს და წყნარ ოკეანეში აშშ-ს ჰეგემონობასაც წყალი შეუდგება.

წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ჩინეთი საერთაშორისო სისტემის სტატუს-ქვოს მნიშვნელოვნად შეცვლის და მისი საერთაშორისო სისტემის ჰეგემონად ჩამოყალიბების პერსპექტივაც საკმაოდ რეალური გახდება, რაც ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება. უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ ჩინეთი სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებასა და სრულყოფაში და ამავდროულად მისი მზარდი ეკონომიკა მთელი რიგი სახელმწიფოების პეკინზე დამოკიდებულებას იწვევს. ამის კარგი მაგალითი ფილიპინებია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჯერ კიდევ აშშ-ს მნიშვნელოვან მოკავშირედ ითვლება, თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტად როდრიგო დუტერტეს არჩევის შემდეგ, ოფიციალური მანილას ურთიერთობები ვაშინგტონთან ფუჭდება, პეკინთან კი თანდათან თბება.

მიუხედავად აგრესიული ქმდებისა, პეკინი ვაშინგტონთან და მის მოკავშირეებთან დაპირისპირებაში გასამარჯვებლად საკმარის რესურსს ჯერჯერობით არ ფლობს, მას არც ძლიერი მოკავშირე უმაგრებს ზურგს, მაგრამ ტენდენცია აჩვენებს, რომ მის გაძლიერებასთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რიგი სახელმწიფოები მასზე დამოკიდებულები ხდებიან (ბრუნეი, ფილიპინები), ჩინეთის სამხედრო და დიპლომატიური პოზიციები მუდმივად იზრდება. აქედან ერთი რამ ხდება ნათელი, თანამედროვე მსოფლიოში თუ ვინმეს აშშ-ს გამოწვევა და არსებული საერთაშორისო სისტემის შეცვლა შეუძლია, ეს ჩინეთია. როდესაც პეკინი გადაწყვეტს, რომ საკვანძო ნაბიჯების გადასადგმელად შესაფერისი დრო დადგა, ის თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში სტატუს-ქვოს რღვევას სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე სრული კონტროლის დამყარებითა და რეგიონიდან აშშ-ს გაძევებით ეცდება.


ავტორი: გიორგი ხარებავა
+3
  • 19:00
  • 374
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image