კრიზისი ვენესუელაში - მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები

image
ფოტო: Miami Herald

უკანასკნელ დღეებში საერთაშორისო მედიის ყურადღებას ვენესუელაში განვითარებული მოვლენები იპყრობს. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია - ვენესუელას მოსახლეობა ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობას მოითხოვს.

2014 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, 2018 წელს ეროვნული ვალუტის - ბოლივარის ინფლაციამ 2 000 000 %-ს მიაღწია.

უკანასკნელი წლების მანძილზე ვენესუელა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა (ქვეყნის სრული მოსახლეობის 7 -10%) დატოვა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

მოსახლეობის დიდი ნაწილი მადუროს რეჟიმის დამხობასა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას მოითხოვს, თუმცა, არჩევნების გაყალბების, მედია საშუალებების კონტროლის/დაქვემდებარების, ძალოვანი სტრუქტურების ერთგულების ხარჯზე მადურო ძალაუფლების შენარჩუნებას მაინც ახერხებს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი საკანონმდებლო ორგანოს მეთაურის - ხუან გუაიდოს დაპატიმრებამ კიდევ უფრო გაამწვავა და მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით - 23 შტატში დემონსტრაციები დაიწყო. 23 იანვარს ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა - ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა და მოსახლეობას თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას დაპირდა.

ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გუაიდო ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა. მას მხარი დაუჭირეს რეგიონის სხვა ქვეყნებმაც. სამხრეთ ამერიკის  სახელმწიფოების მიერ გუაიდოს აღიარება გასაკვირი სულაც არაა - ვენესუელაში განვითარებული კრიზისი მხოლოდ კარაკასის პრობლემას უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. ეკონომიკურმა პრობლემებმა ვენესუელას მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისა და მეზობელ სახელმწიფოებში გადასვლისკენ უბიძგა. კოლუმბიამ მხოლოდ 2018 წელს 900 000 ლტოლვილი მიიღო. ბუნებრივია, რომ რეგიონის ქვეყნებს ასეთი სცენარის განვითარების შესაძლებლობა სულაც არ ხიბლავთ, ამიტომ მეზობელ სახელმწიფოში რეჟიმის ცვლილებას მხარს უჭერენ, რამაც მასში არსებული პოლიტიკური კრიზისი საბოლოოდ უნდა დაასრულოს. მიუხედავად მრავალი ქვეყნის მხარდაჭერისა, სახელმწიფოთა ერთი ნაწილი (მექსიკა, კუბა, ბოლივია, ჩინეთი) გაემიჯნა გუაიდოს აღიარებას და ამ ნაბიჯით მადუროს რეჟიმის ლეგიტიმაცია გაამყარა. სულ მალე განვითარებულ მოვლენებს კრემლიც გამოეხმაურა. რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს ინტერვენციისა და მადუროს რეჟიმის დამხობის სცენარისთვის ემზადებიან. მოსკოვმა მხარი დაუჭირა მადუროს ხელისუფლებას და განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან კარაკასის შიდა საქმეებში ჩარევა არალეგიტიმური ქმედება იქნება. ვენესუელას პოლიტიკურ კრიზისში მოვლენების განვითარების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი არსებობს:

სცენარი # 1 - სამოქალაქო ომი - საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მხარეთა დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზრდება. მომიტინგეები ვითარების ესკალაციას და მასში საერთაშორისო აქტორების, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ჩართვას შეეცდებიან, რადგან ეს მათთვის მადუროს დამხობის ერთადერთი რეალური შანსია. დროთა განმავლობაში მიტინგებმა შესაძლოა პერმანენტული ხასიათი მიიღოს, რაც დიდი ალბათობით მადუროს არაპროპორციული ძალის გამოყენებისკენ უბიძგებს, რაც არსებული  არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამოქალაქო ომის პროვოცირებისთვის სრულიად საკმარის საბაბს წარმოადგენს. ამ სცენარის განვითარება დემონსტრანტების ინტერესში შედის, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებას შესაძლოა ათასობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს. თავის მხრივ, მადუროს კარგად ესმის, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება მისი რეჟიმის დამხობას კიდევ უფრო დააჩქარებს და საერთაშორისო აქტორებს ვენესუელას შიდა პოლიტიკაში ჩარევის მეტ საბაბს მისცემს.

სცენარი # 2 - მადუროსა და ოპოზიციის კოლაბორაცია -  იმ შემთხვევაში, თუ მადუროს ერთგული ძალოვანი სტრუქტურებიც უღალატებენ და ოპოზიცია ხელისუფლებაზე შეტევას გადაწყვეტს, ის შესაძლოა გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. ის სავარაუდოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს მინისტრთა კაბინეტში მაღალ თანამდებობებს, ვენესუელელ ხალხს კი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებას დაპირდება. ამგვარი სცენარის განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან საერთაშორისო საზოგადოებისგან შეგულიანებული ოპოზიცია ასეთ დაპირებებს არ დასჯერდება. თავის მხრივ, მადუროს გაუჭირდება დათმობებზე წასვლა, რადგან ამან „ დომინოს პრინციპის“ მსგავსად შესაძლოა მისი ძალაუფლების თანდათანობით შემცირება გამოიწვიოს. ხშირად ავტორიტარული რეჟიმების მიერ გარკვეულ დათმობებზე წასვლა ქვეყნის მოსახლეობას უზრდის რწმენას, რომ ისინი ხელისუფლებას სამუდამოდ ვერ შეინარჩუნებენ. ამ შემთხვევაში თანდათანობით მოსახლეობის მადაც იზრდება, რაც საბოლოოდ რეჟიმის კოლაფსით სრულდება ხოლმე. ამას, რასაკვირველია, მადურო ვერ დაუშვებს.

სცენარი # 3 - მადურო ინარჩუნებს ხელისუფლებას, სახალხო გამოსვლები შედეგს ვერ აღწევს - ზოგიერთი ვერსიით, მადურო საპროტესტო დემონსტაციებს მისი ერთგული მხარდამჭერების კონტრაქციებს დაუპირისპირებს. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელას  საზოგადოებაში არსებული პოლარიზების ასახვა და მისი ლეგიტიმაციის გამყარება იქნება. პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოება უარს იტყვის ვენესუელაში ჰუმანიტარულ ინტერვენციაზე, რაც მადუროს ძალაუფლების კონსოლიდაციაში დაეხმარება. საბოლოოდ საპროტესტო დემონსტრაციები დაიშლება, ხოლო მადურო ძალაუფლებას შეინარჩუნებს. დღევანდელი მდგომარეობით, ამგვარი სცენარის განვითარების შანსები ძალიან მცირეა, რადგან საზოგადოებაში ძალიან ძლიერი საპროტესტო მუხტი არსებობს, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაც ემატება. ეს ყველაფერი ხელისუფლების ცვლილებისთვის სავსებით საკმარისი საფუძველია და ბუნებრივია, რომ გუაიდო საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნებას შეეცდება.

სცენარი # 4 - ჰუმანიტარული ინტერვენცია და მადუროს ხელისუფლების დამხობა - ყველასთვის ცნობილია, რომ თანამედროვე საერთაშორისო სისტემას სათავე 1648 წლის ვესტფალიის ზავით დაედო. ვესტფალიის სისტემა ერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას უკრძალავდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვალა და კოლექტიური უსაფრთხოების ცნება ჩამოყალიბდა, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფების განვითარების შემთხვევაში სახელმწიფოთა გარკვეულ ჯგუფს მეორე სახელმწიფოს „შიდა საქმეებში“ ჩარევისა და კრიზისის აღკვეთის შესაძლებლობას აძლევდა. ალან კუპერმანი ჰუმანიტარულ ინტერვენციას ამგვარად განსაზღვრავს: „ ვიწრო გაგებით, ჰუმანიტარული ინტერვენცია არის ერთი ან მეტი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო რესურსების გამოყენება უმთავრესად მეორე სახელმწიფოში საფრთხის ქვეშ მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით. აშკარაა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარული კრიზისის ყველა ზემოხსენებულ ელემენტს შეიცავს. ქვეყანას მართავს ავტორიტარი მმართველი, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მოსახლეობა გამუდმებით ღარიბდება, ინფლაცია იზრდება და ადამიანის უფლებები პერმანენტულად ირღვევა. ბოლო 3 წლის მანძილზე ქვეყანა მისი მოსახლეობის თითქმის 10 %-მა დატოვა. შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი სახელმწიფოთა გარკვეული ჯგუფის მიერ კოალიციის შექმნა და ქვეყანაში ჰუმანიტარული ინტერვენციაა. ამ სცენარის მიხედვით, აშშ, რომელიც ვენესუელაში ხელისუფლების შეცვლით ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, გაეროს უშიშროების საბჭოში ჰუმანიტარული ინტერვენციის გეგმას წარადგენს, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი მხარს არ დაუჭერენ. ორივე სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მადუროს რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ვაშინგტონი ვენესუელაში  „სატელიტ“ მთავრობას დასვამს, რომელიც აშშ-ს ნებისმიერ კაპრიზს უთმელად შეასრულებს. მიუხედავად ამისა, აშშ-მ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად შესაძლოა ქვეყანაში ჰუმანიტარული ინტერვენცია მაინც განახორციელოს, როგორც ეს მაგალითად 2003 წელს ერაყის კამპანიის შემთხვევაში მოხდა. ერაყისგან განსხვავებით, ვენესუელა აშშ-ს „პრივილეგირებული ინტერესის“ ზონაა. ქვეყანა დასავლეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, რომელიც მონროს დოქტრინის ამოქმედებიდან (1825) მოყოლებული აშშ-ს ექსკლუზიური გავლენის სფეროს წარმოადგენს. შესაბამისად, ვაშინგტონი ვერ შეეგუება დასავლეთ ნახევარსფეროში რომელიმე დიდი სახელმწიფოს გაბატონებას. ზემოხსენებული ფაქტორების მიუხედავად, ასეთი სცენარის განვითარება გასული წლების აშშ-ს შიდა და საგარეო პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა. ჩავარდა ერაყის, ავღანეთისა და ლიბიის კამპანიები. ამერიკული საზოგადოება გადაიღალა ფუჭი და არაეფექტური ინტერვენციებით, რომელიც მოქალაქეთა ჯიბეზე უარყოფითად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელას შემთხვევაში აშშ-ს მეტი საერთაშორისო ლეგიტიმაცია ექნება, ვიდრე ეს ერაყისა და ლიბიის შემთხვევაში ჰქონდა, ასეთი ნაბიჯის გადადგმა დღევანდელ საერთაშორისო სისტემაში ნაკლებ სავარაუდოა. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონი ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ის იგრძნობს, რომ დასავლეთ ნახევარსფეროზე თანდათანობით კონტროლს კარგავს, ძალაუფლების ვაკუუმის შევსებას კი რევიზიონისტული ძალები (რუსეთი, ჩინეთი) ცდილობენ.

სამოქალაქო ომი, ხელისუფლების ცვლილება, მადუროსა და ოპოზიციის კოლაბორაცია, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ვენესუელაში ჰუმანიტარული ინტერვენცია - ეს ის სავარაუდო სცენარებია, რომელიც შესაძლოა ვენესუელაში განვითარდეს. ქვეყანაში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. დაზუსტებით ვერავინ იტყვის რა მოხდება უახლოეს მომავალში, თუმცა, ერთი რამ ცხადია - მადუროს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში მას ძალაუფლების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
+2
  • 19:29
  • 274
FACEBOOK კომენტარები
Image