აშშ-ში შუალედური არჩევნები დასრულდა

image
აშშ-ში შუალედური არჩევნები დასრულდა.  ამერიკის მოქალაქეებმა წარმომადგენელთა პალატის 435 დეპუტატი, 35 სენატორი და 39 გუბერნატორი აირჩიეს. არჩევნებამდე რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაში 235, ხოლო სენატში 51 მანდატს აკონტროლებდა. იმისათვის, რათა წარმომადგენელთა პალატაში უპირატესობა მოეპოვებინა, დემოკრატიულ პარტიას დამატებით 23 მანდატი (სულ 218) სჭირდებოდა, რაც წინასაარჩევნოდ დემოკრატიული პარტიის რეიტინგის გათვალისწინებით მარტივად მისაღწევი ამოცანა იყო, რასაც ვერ ვიტყვით სენატზე. კონგრესის ზედა პალატაში გასამარჯვებლად დემოკრატებს ყველა (26) მანდატის შენარჩუნება და დამატებით რესპუბლიკური პარტიის მიერ კონტროლირებადი 2 მანდატის მოპოვება ესაჭიროებოდათ.

შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვეს. ამ მონაცემებით, პარტიამ 222 მანდატი მოიპოვა (რესპუბლიკელები 199 მანდატი).  ჯერ კიდევ დასათვლელია 14 საარჩევნო უბანი. რაც შეეხება სენატის არჩევნებს, რესპუბლიკელებმა კონგრესის ზედა პალატაში კონტროლი შეინარჩუნეს (51 მანდატი 46-ის წინააღმდეგ, დასათვლელია 3 შტატის შედეგები). საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვთ რესპუბლიკელებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც. ამ მომენტისთვის, 26 შტატის ამომრჩეველმა რესპუბლიკელი გუბერნატორები აირჩია. დემოკრატმა პოლიტიკოსებმა 23 შტატში გაიმარჯვეს.

საინტერესოა, ისიც, რომ დემოკრატებმა წარმატებას ტრადიციულად "წითელ" შტატებში მიაღწიეს. განსაკუთრებით საინტერესო ჯახი ფლორიდასა და ტექსასში სენატის არჩევნებზე მიმდინარეობდა. ორივე მათგანში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ „ლურჯებმა“ ამ შტატებში ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს: I. ფლორიდა : რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი - რიკ სკოტი - 50.4 %; დემოკრატიული პარტიის კანდიდატი - ბილ ნელსონი - 49. 6 %. II. ტექსასი: რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ტედ კრუზი - 51.3 %; დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი - ბეტო ო'რურკი - 47.9 %.

გარდა ამისა, არჩევნები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მასში ქალების ჩართულობის კუთხითაც. აშშ-ს კონგრესში 112 ქალი დეპუტატი აირჩიეს (92 წარმომადგენელთა პალატაში, 20 სენატში). მათგან უმრავლესობა (75) დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. დასათვლელია 14 საარჩევნო უბნის ხმები, თუმცა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ პროცესებში ქალების ჩართულობის კუთხით ეს შედეგი ისტორიულია. იგი 5 მანდატით აღემატება წინა შუალედურ არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს.

ამ მონაცემებით, რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ერთად 35 მანდატი დაკარგა, რაც აშშ-ს საარჩევნო სისტემისთვის დამახასიათებელი „გვერდითი მოვლენაა“. ტრადიციულად, ბოლო 31 შუალედური არჩევნების მანძილზე პრეზიდენტის პარტია კონგრესის ორივე პალატაში ერთად საშუალოდ 32 მანდატს კარგავს.

არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები აჩვენებს, რომ დემოკრატიულმა პარტიამ საკმაოდ სერიოზული შიდა კრიზისის დაძლევა წარმატებით მოახერხა. დემოკრატების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა „კონტროლის და ბალანსის“ სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს. დემოკრატები მომავალი 2 წლის მანძილზე პრეზიდენტსა და მის პარტიას ისეთ პრინციპულ საკითხებში დაუპირისპირდებიან, როგორებიცაა მიგრაცია, ეკონომიკა, სოციალური პროგრამები, ეროვნული უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და ა.შ.
+1
  • 22:45
  • 186
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image