ისრაელ-ღაზას სექტორის სისხლიანი შეტაკებების უახლესი ისტორია

image
გასული დღეების მანძილზე ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე მსხილმასშტაბიან სამხედრო შეტაკებებს ორივე მხრიდან მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობა ძალიან მყიფეა. ახლო წარსულში მსგავსი დაპირისპირებების ათეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული. Observer.ge გთავაზობთ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მომხდარი სისხლიანი შეტაკებების მიმოხილვას.

2006 წელი
ივნისი - 2006 წლის ივნისში ისრაელმა ღაზას სექტორში ოპერაცია „ზაფხულის წვიმა“ დაიწყო, რომლის მიზანიც პალესტინელი მხარის მიერ დატყვევებული ისრაელის თავდაცვითი ძალების ჯარისკაცის განთავისუფლება იყო. „ზაფხულის წვიმა“ ისრაელის ღაზიდან გამოსვლის შემდეგ, პალესტინურ სექტორში პირველ მსხვილმასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას წარმოადგენდა. „გაეროს“ შეფასებით ამ ოპერაციის შედეგად წარმოებულ ბრძოლებს ღაზის სექტორში 202 პალესტინელის, მათ შორის 44 ბავშვი სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის მხრიდან დაიღუპა ერთი და დაშავდა 26 სამხედრო.

ნოემბერი - 2006 წლის ოქტომბერში ისრაელმა ჰამასის ერთ-ერთი მაღალი რანგის პირის მოკვლა წარუმატებლად სცადა, რასაც საპასუხოდ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების დაწყება მოჰყვა. დაბომბვებს ისრაელმა ნოემბერში ოპერაცია „შემოდგომის ღრუბლებით“ უპასუხა. რამდენიმედღიანი ოპერაციის შედეგად დაიღუპა 82 პალესტინელი, რომელთა შორის 50 სამოქალაქო პირი იყო და დაშავდა - 262, ისრაელის მხრიდან დაიღუპა ერთი სამხედრო და დაშავდა 3, ამას გარდა პალესტინელთა სარაკეტო შეტევების შედეგად ისრაელის ტერიტორიაზე დაშავდა 8 ადამიანი.

2008 წელი
თებერვალი - 2008 წლის დასაწყისში ღაზის სექტორიდან ისრაელი დაიბომბა, რასაც ერთი ადამიანის ემსხვერპლა, საპასუხოდ ისრაელმა ოპერაცია „ცხელი ზამთარი“ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ და ცენტრალური ღაზის დაბომბვებსა და 2005 წლის შემდეგ ღაზის სექტორში განხორციელებულ ისრაელის ყველაზე მსხვილმასშტაბიან სახმელეთო ოპერაციაში გამოიხატა. თებერვალ-მარტში განვითარებულ შეტაკებებს პალესტინელთა მხრიდან ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის მხრიდან დაიღუპა 2 და დაშავდა 6 მებრძოლი.

დეკემბერი - 2008 წლის ბოლოსა და 2009 წლის დასაწყისში ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია განახორციელა, რომელსაც თითქმის 1400 პალესტინელი შეეწირა, რომელთა შორის ბევრი ბავშვიც იყო. ისრაელის მხრიდან ბრძოლებს 13 ადამიანი, მათ შორის სამი სამოქალაქო პირი შეეწირა. შეტაკებები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისრაელის განმარტებით, მის მიზანს პალესტინური მხრიდან განხორციელებული სარაკეტო შეტევების შეჩერება წარმოადგენდა.

2011 წელი
აპრილი - 2011 წლის 7-10 აპრილს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 120 რაკეტა და ნაღმი გაისროლეს. ორმხრივ შეტაკებებს 20 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. აპრილის მოვლენები 2008-09 წლების ბრძოლების შემდეგ ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება იყო.
აგვისტო - 2011 წლის აგვისტოში სამხრეთ ისრაელში განხორციელებულ თავდასხმას 8 ადგილობრივი მოქალაქე ემსხერპლა, რომლის საპასუხოდაც ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, შედეგად კი 26 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის მხრიდან შეტაკებებს ერთი ადამიანი შეეწირა.

2012  წელი
მარტი - 2012 წლის მარტში ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას ღაზას სექტორში თელ-ავივის საჰაერო დარტყმები მოჰყვა. ორმხრივი ცეცხლი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, რა დროსაც პალესტინელთა მხრიდან 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დიდი ნაწილი მებრძოლები იყვნენ. შეტაკებებს ისრაელის მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია. ორ მხარეს შორის მორიგი სისხლიანი დაპირისპირება ამჯერად ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებულმა ზავმა დასრულდა.

ივნისი - ისრაელის საჰაერო თავდასხმისას 2 ჯიჰადისტი გარდაიცვალა, რასაც ღაზას სექტორიდან ისრაელზე კონტრშეტევა მოჰყვა. ამ ინციდენტების შედეგად პროვოცირებულ შეტაკებებს რამდენიმე დღის განმავლობაში 15 პალესტინელი ემსხვერპლა, რომელთა შორის უმეტესობა მებრძოლი იყო. პალესტინელებმა ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, თუმცა დაბომბვებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ნოემბერი - 2012 წლის 14-21 ნოემბერს ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი შეტაკებები მიმდინარეობდა. ისრაელმა პალესტინური სექტორიდან დაწყებული დაბომბვების შეჩერების მოტივით სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თელ-ავივის შეტევებისას დაიღუპა ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი აჰმედ ჯაბარი. საბოლოოდ დაპირისპირება ეგვიპტის მედიატორობით დასრულდა და მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რამდენიმედღიან ომს 158 პალესტინელი შეეწირა, ისრაელის მხრიდან გარდაცვლილთა რიცხვმა კი 6 შეადგინა.

2013 წელი
დეკემბერი - თავდასხმის დროს ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის ერთი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ თელ-ავივმა სამხედრო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც 6 პალესტინელი დაიჭრა და ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

2014 წელი
ივნისი - 12 ივნისს ისრაელის მოქალაქე სამი თინეიჯერი გაუჩინარდა, რომელთა ცხედრებიც 30 ივნისს იპოვეს. თელ-ავივმა მოზარდების გატაცებასა და მკვლელობაში ჰამასი დაადანაშაულა, თუმცა, რადიკალურმა დაჯგუფებამ აღნიშნული ქმედება უარყო.

ივლისი-აგვისტო - ივლისის დასაწყისში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაუშვეს, საპასუხოდ 8 ივლისს ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ოპერაცია "დამცავი ზღვარი" დაიწყო.
26 ივლისს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის მიიღეს გადაწყვეტილება, მაგრამ ზავი მალევე დაირღვა და პირველ აგვისტოს შეტაკებები განახლდა.
2014 წლის ომის შედეგად 2 139 პალესტინელი გარდაიცვალა და 11 000 დაიჭრა. ისრაელის მხარეს შეტაკებების დროს 71 ადამიანი გარდაიცვალა.

2018 წელი 
მარტი - 2018 წლის 30 მარტს ისრაელის საზღვართან, სახლში დაბრუნების უფლების მოთხოვნით, ღაზას სექტორში მცხოვრებმა პალესტინელებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. მარტში დაწყებულ პროტესტს 214 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, 18 000-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა.
 
მაისი - პროტესტის გრძნობა განსაკუთრებით იმძლავრა 15 მაისს ე.წ. კატასტროფის დღეს (1948 წლის 15 მაისი - 750 000 პალესტინელი არაბი სიონისტებმა საკუთარი ქალაქებიდან და სოფლებიდან გამოაძევეს). Great March of Return-ის წევრების განცხადებით, საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები ისრაელის საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ.
„საზღვრის გადაკვეთა არის გზავნილი იმისა, რომ პალესტინელები არასდროს შეეგუებიან 70 წლის განმავლობაში რთულ პირობებში, ერთმანეთის განცალკევებით, ლტოლვილად ყოფნას“  - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მაისში ისრაელმა ღაზას სექტორი საზღვაო და  საჰაერო  ბლოკადაში მოაქცია.

სექტემბერი - მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა - „მზად ვართ ისრაელს მოველაპარაკოთ საჯაროდ ან დახურულ კარს მიღმა ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის (აშშ, რუსეთი, ევროპის კავშირი და გაერო) მხარდაჭერით.“
სექტემბრის თვეში ისრაელის სამხედრო იერიშების შედეგად 17 პალესტინელი დაიღუპა.
 
ოქტომბერი - ისრაელის სამხედრო იერიშებს 3 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით 20 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნოემბერი - 12 ნოემბერს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კონფლიქტი განახლდა. ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კვირას ღამით ღაზას სექტორში ებრაელ სამხედროთა სადაზვერვო ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა.

ინციდენტი ხან-იუნის აღმოსავლეთით (ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილი) მოხდა და დაპირისპირებას 7 პალესტინელი, მათ შორის რადიკალური მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერი - ნურ ბარაკე და 1 ებრაელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთში ვიზიტი აღნიშნული მოვლენების გამო შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნდა. ისრაელის თავდაცვის ძალების - IDF განცხადებით, ზემოაღნიშნული ოპერაცია ტერორისტების მოკვლას ან მოტაცებას მიზნად არ ისახავდა. კვირას ღამით განვითარებული მოვლენების შემდეგ ისრაელის მიმართულებით 460 რაკეტა იქნა გაშვებული, რომელთა უმრავლესობაც ისრაელის საჰაერო-სარაკეტო თავდაცვითმა სისტემამ მოიგერია. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ქალაქ აშკელონში ერთი ადამიანი დაიღუპა. საპასუხო იერიშების შედეგად ისრაელმა ღაზას სექტორში 160 სამიზნე დაბომბა. 12-13 ნოემბრის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ისრაელი და ღაზას სექტორი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ისრაელისა და პალესტინის ორდღიან დაპირისპირებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
+1
  • 20:26
  • 262
FACEBOOK კომენტარები
Image