სი ძინპინი: სავაჭრო ომს გამარჯვებული არ ეყოლება

image
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მიიჩნევს, რომ ქვეყნები, რომლებიც ახალისებენ პროტექციონიზმს საერთაშორისო ვაჭრობაში, "დამარცხებისთვის არიან განწირულნი". ეს სიტყვები მან სინგაპურში მიმდინარე APEC-ის სამიტზე წარმოთქვა, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომია. " ისტორიამ გვაჩვენა, რომ ქვეყნებს შორის არცერთი სახის კონფრონტაციას, იქნება ეს ცივი ომი, ცხელი ომი თუ სავაჭრო ომი არ ჰყავს გამარჯვებული. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია ბარიერების აღმართვისა და სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტისკენ, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს სახელმწიფოს მოწყვეტას ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების რელსებიდან " - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ჩინეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გამოეხმაურა, რომელიც ასევე სინგაპურის სამიტს ესწრება. მან განაცხადა, რომ აშშ სრულიად მომზადებულია ჩინეთთან სავაჭრო ომისთვის და რომ ვაშინგტონში ტარიფების გაორმაგებაზე საუბრობენ. " ამერიკული ტარიფები მხოლოდ და მხოლოდ პასუხია ჩინეთის არასამართლიან სავაჭრო პოლიტიკაზე. ახლო მომავალში ტარიფების გაუქმება არ განიხილება, სანამ პეკინი არ დათანხმდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სავაჭრო პირობებს" - განაცხადა პენსმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ერთმანეთთან სავაჭრო ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. უკანასკნელ ხანებში, მისი ნეგატიური შედეგები ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის შესამჩნევი გახდა. ჩინეთის სავაჭრო სალდო აშშ-სთან მიმართებაში ისევ გაიზარდა. სექტემბერში მან რეკორდულ მაჩვენებელს - 34.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სექტემბრის მანძილზე, ჩინური ექსპორტის რაოდენობა ამერიკაში 13 %-ით გაიზარდა და 46.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, მისი რაოდენობაც 9 %-ით ( 12.7 მილიარდი აშშ დოლარი) არის გაზრდილი. რაც შეეხება საკუთრივ ჩინეთს, სავაჭრო ტარიფებმა მისი ეკონომიკური განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა. 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე უფრო ნელი ტემპებით გაიზარდა. ივლის-სექტემბრის პერიოდში მშპ-ს ზრდამ წინა წლის მონაცემებთან შედარებით 6.5% შეადგინა, რაც სხვადასხვა საპროგნოზო მონაცემებზე ნაკლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი დაბალი კვარტლური მაჩვენებელი ჩინეთმა ბოლოს 2009 წელს, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე დააფიქსირა.

+1
  • 14:52
  • 70
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image