მიზეზები რის გამოც ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას აკრიტიკებენ

image
უკვე რამდენიმე დღეა დიდ ბრიტანეთში ბრექსიტის ირგვლივ გაცხარებული კამათი მიმდინარეობს. ევროსკეპტიკოსი პარლამენტარები და მთავრობის წევრები პრემიერ ტერეზა მეის მიერ ევროპის კავშირთან მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ და მას გაერთიანებული სამეფოს ინტერესებისთვის დამაზიანებელად მიიჩნევენ. კრიტიკოსები რამდენიმე საკვანძო საკითხის ირგვლივ გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ესენია:

ევროპის კავშირის კანონმდებლობა - შეთანხმების ტექსტის მიხედვით, იმპლემენტაციის პერიოდის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო ბევრ მნიშვნელოვან საკითხში იძულებულია ბრიუსელის რეგულაციები მიიღოს. ევროსკეპტიკოსთა აზრით, ეს დიდი ბრიტანეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგანაც ქვეყანას იმ წესების მიღება მოუწევს, რომლის შექმნაშიც თავად მონაწილეობის უფლება არ ექნება.

ირლანდიის სასაზღვრო საკითხი - თუ ორი მხარე ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის თავისუფალი მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მკაცრი სასაზღვრო კონტროლის თავიდან ასაცილებლად ერთადერთ გამოსავლად ჩრდილოეთ ირლანდიის ევროპის კავშირთან უფრო მეტად დაახლოება რჩება, რაც გარკვეულ სფეროებში ბრიუსელის მიერ დაწესებული რეგულაციების მიღებას გულისხმობს, ეს კი რეგიონს დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავებულ სტატუსს მიანიჭებს, რაც პარლამენტის წევრთა დიდ ნაწილსა და კონსერვატორებთან კოალიციაში მყოფ დემოკრატ-იუნიონისტურ პარტიას დიდი ბრიტანეთის ერთიანობისთვის სერიოზულ საფრთხედ მიაჩნია.

„ერთიანი საბაჟო ტერიტორია“ – 14 ნოემბერს გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, თუ იმპლემენტაციის პერიოდში სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა და მხარეები ვერც იმპლემენტაციის პერიოდის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, ბრიტანეთი და ევროპის კავშირი „ერთიან საბაჟო ტერიტორიას“ შექმნიან. ამ პუნქტს ევროსკეპტიკოსები 2 მიზეზით აკრიტიკებენ: 1. ერთიან საბაჟო ტერიტორიაში ყოფნისას გაერთიანებული სამეფო მესამე მხარესთან დამოუკიდებლად სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ვერ შეძლებს და 2. საბაჟო კავშირის დატოვება ლონდონს ცალმხრივად არ შეუძლია, მას საამისოდ ბრიუსელის თანხმობა დასჭირდება. ოპონენტების აზრით, ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზღუდავს.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო და მისი იურისდიქცია - ბრიტანელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება იმას, რომ იმპლემენტაციის პერიოდში ქვეყანაში ევროსასამართლოს იურისდიქცია კვლავაც გავრცელდება. ამავდროულად ECJ მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გააკონტროლებს, მსგავსი უფლება ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოს არ ექნება. ლონდონში თვლიან, რომ ეს „ბრექსიტის სულს“ ეწინააღმდეგება.

ფინანსური ვალდებულების საკითხი - შეთანხმების მიხედვით დიდ ბრიტანეთს ევროპის კავშირის სასარგებლოდ 39 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გადახდის ვალდებულება ეკისრება, რასაც ლონდონში პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ენთუზიაზმით ნამდვილად არ შეხვედრია. ფინანსური ვალდებულების საკითხში უკმაყოფილებას ის ფაქტი იწვევს, რომ ევროპის კავშირის ბიუჯეტში ფულის შეტანის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი ბრიუსელისგან ხელშესახებს არაფერს იღებს, მათ შორის არც ახალი სავაჭრო ხელშეკრულებაა გარანტირებული.

აღნიშნული საკითხები ბრიტანეთის მთავრობასა და მმართველ პარტიაში უთანხმოების მთავარი წყაროა. უკვე ცნობილია, რომ ამ გეგმას პარლამენტში ლეიბორისტები და შოტლანდიის ნაციონალისტური პარტია მხარს არ დაუჭერენ, იგივე ითქმის კონსერვატორთა ერთ ნაწილზე და მათ მოკავშირე დემოკრატ-იუნიონისტებზე. ალბათობა იმისა, რომ ბრიტანეთის მთავრობისა და ევროპის კავშირის მიერ შედგენილი გეგმა ვესტმინსტერში ჩავარდება, ძალიან მაღალია. პარალელურად თემთა პალატის ოცზე მეტმა კონსერვატორმა წევრმა ტერეზა მეის უნდობლობა ოფიციალურად გამოუცხადა, მთავრობის რამდენიმე წევრმა კი თანამდებობა დატოვა. აშკარაა, დაუნინგ სტრიტი ბოლო დროის ყველაზე რთულ პრობლემებშია ჩაფლული.


ავტორი: გიორგი ხარებავა
0
  • 13:21
  • 93
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image