პოროშენკომ რადას საომარი მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდა

image
უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დღეს რადაში მოხსენებით გამოვიდა. მან დეპუტატებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდა. პოროშენკოს ინიციატივა ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. გუშინ, რუსულმა გემებმა უკრაინულ კატარღებს: „ბერდიანსკს“ და „ნიკოპოლს“ ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, ექვსი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა. რუსულმა გემებმა 24 მეზღვაური ტყვედ აიყვანეს. რუსეთი მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინული კატარღები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდნენ, რისი შემთხვევებიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით გახშირდა. შესაბამისად, რუსულმა გემებმა ცეცხლი საკუთარი საზღვრებისა და ტერიტორიული წყლების დასაცავად გახსნეს.

პოროშენკოს ინიციატივა 30 დღიანი საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ითვალისწინებს. როგორც წესი, საომარი მდგომარეობა ქვეყანაში 6 თვის ვადით ინიშნება, თუმცა, 2018 წლის მარტში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია. პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობის ხანგრძლივობის შემცირების მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სრულფასოვანი მომზადებაა, რაც საომარი მდგომარეობის პირობებში თითქმის შეუძლებელია. პოროშენკოს ინიციატივას ემიჯნებიან ოპოზიციური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ ინიციატივის მიზანი საგარეო საფრთხის წინაშე მოსახლეობის კონსოლიდაცია და შიდაპოლიტიკური პრობლემებიდან ( კორუფცია, გაზის გაზრდილი ტარიფები) მოსახლეობის ყურადღების გადატანაა. ყველასთვის მოულოდნელად, ინიციატივას მხარს უჭერს პოროშენკოს მთავარი ოპონენტი, იულია ტიმოშენკო. საომარი მდგომარეობის გამოცხადებას 226 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს მსოფლიოს ლიდერებმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. " გუშინ ძალიან მძიმე ინციდენტის წინაშე დავდექით. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს. რუსული გემების მიერ უკრაინული კატარღებისთვის ცეცხლის გახსნას არანაირი გამართლება არ აქვს. რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ტყვეები" - განაცხადა სტოლტენბერგმა. ინციდენტს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი. " ჩვენ რუსეთის მიერ გამოვლენილ აგრესიას ვგმობთ. შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს. დიდი ბრიტანეთის პოზიცია ნათელია. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს დაკავებული ტყვეები და აღადგინოს თავისუფალი მიმოსვლა აზოვის ზღვაში". გარდა ამისა, ამ წუთებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ესწრება. სხდომის დაწყებამდე ლავროვმა მომხდარს " კარგად დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა. " აშკარაა, რომ ეს უკრაინის მიერ წინასწარ დაგეგმილი და კარგად გააზრებული პროვოკაციაა. მისი მიზანი ხელოვნურად სიტუაციის დამძიმება და რუსეთისთვის სანქციების განახლებაა. უკრაინას ამაში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ეხმარებიან. რუსეთის ფედერაცია აღკვეთს მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის ნებისმიერ მცდელობას" - აღნიშნა ლავროვმა. აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მომხდარ ინციდენტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.  

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი შავ ზღვაზე საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობს. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ქერჩის სრუტეს ენიჭება, რომელიც შავ და აზოვის ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა სრუტეზე 19 კილომეტრი სიგრძის ხიდი გახსნა. ხიდის მეშვეობით რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული კრასნოდარის რეგიონს უკავშირდება. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქერჩზე ხიდის მშენებლობა, ისევე როგორც უკრაინულ გემებზე განხორციელებული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
0
  • 21:56
  • 120
FACEBOOK კომენტარები
Image