უკრაინა რუს მამაკაცებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

image
უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს, რომელთა ასაკი 16-60 წელია, ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს. კანონი უკრაინის მიერ მიღებული საომარი მდგომარეობის შედეგია. მისი მიზანი უკრაინაში რუსული უკანონო ბანდფორმირებების შემოსვლის პრევენციაა. რუსეთის ფედერაციამ სწორედ ამ მეთოდს მიმართა 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ ბრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაიწყო. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სეპარატისტულ დაჯგუფებებს რუსული უკანონო ბანდფორმირებები ეხმარებოდნენ, რათა მათი იდენტიფიკაცია რუსულ არმიასთან არ მომხდარიყო. კანონი 26 დეკემბრამდე უკრაინის 10 რეგიონში იმოქმედებს. გამონაკლისი მხოლოდ "ჰუმანიტარული" შემთხვევები იქნება, მაგ. დაკრძალვაზე დასწრება და ა.შ. რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ უკრაინა ამ ნაბიჯით საკუთარ იზოლაციას უწყობს ხელს, თუმცა, მოსკოვმა დაანონსა, რომ კიევზე შურისძიებას არ გეგმავს და ანალოგიურ კანონს უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს რუსულმა გემებმა უკრაინულ კატარღებს: „ბერდიანსკს“ და „ნიკოპოლს“ ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, ექვსი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა. რუსულმა გემებმა 24 მეზღვაური ტყვედ აიყვანეს. რუსეთი მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინული კატარღები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდნენ, რისი შემთხვევებიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით გახშირდა. შესაბამისად, რუსულმა გემებმა ცეცხლი საკუთარი საზღვრებისა და ტერიტორიული წყლების დასაცავად გახსნეს. ორშაბათსვე, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რადაში საომარი მდგომარეობის დაწესების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც მხარი რადას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა. პოროშენკოს ინიციატივა 30 დღიანი საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ითვალისწინებს. როგორც წესი, საომარი მდგომარეობა ქვეყანაში 6 თვის ვადით ინიშნება, თუმცა, 2018 წლის მარტში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია. პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობის ხანგრძლივობის შემცირების მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სრულფასოვანი მომზადებაა, რაც საომარი მდგომარეობის პირობებში თითქმის შეუძლებელია. პოროშენკოს ინიციატივას ემიჯნებიან ოპოზიციური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ ინიციატივის მიზანი საგარეო საფრთხის წინაშე მოსახლეობის კონსოლიდაცია და შიდაპოლიტიკური პრობლემებიდან ( კორუფცია, გაზის გაზრდილი ტარიფები) მოსახლეობის ყურადღების გადატანაა.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი შავ ზღვაზე საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობს. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ქერჩის სრუტეს ენიჭება, რომელიც შავ და აზოვის ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა სრუტეზე 19 კილომეტრი სიგრძის ხიდი გახსნა. ხიდის მეშვეობით რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული კრასნოდარის რეგიონს უკავშირდება. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქერჩზე ხიდის მშენებლობა, ისევე როგორც უკრაინულ გემებზე განხორციელებული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
0
  • 17:59
  • 72
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image