ჩინურ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია 1949 წლიდან დღემდე

image
საერთაშორისო ურთიერთობები მრავალი ტენდენციით გამოირჩევა. უკანასკნელი ხანების ერთ-ერთი ასეთი ტენდენცია უნიპოლარიზმის თანდათანობითი ნგრევა და მსოფლიოში ძალის ცენტრების მომრავლებაა. ექსპერტების შეფასებით, დღესდღეობით, მულტიპოლარული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა ყალიბდება, რომელშიც ისეთ აქტორებს, როგორებიც ჩინეთი და რუსეთი არიან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებით სახიფათო ჩინეთია, რადგან მისი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობების ზრდის ტემპი იმდენად სწრაფია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც აშშ-ს ჰეგემონიის გამოწვევა შეუძლია. Observer.ge გთავაზობთ ჩინურ-ამერიკული ურთიერთობის მიმოხილვას 1949 წლიდან დღემდე.

1949 წელი 

ჩინეთის კომუნისტური პარტია გომინდანის მთავრობაზე გამარჯვების შემდეგ, 1 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აფუძნებს. ჩან-კაიშის ხელისუფლება კუნძულ ტაივანზე გადადის. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს იძულებით გამოსახლებულ მთავრობას. წლების მანძილზე აშშ ტაივანის ხელისუფლებას ჩინეთის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად ცნობდა.

1950 წელი

25 ივნისს საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმია სამხრეთ კორეაში შეიჭრა. აშშ კორეის ომში ჩაერთო და მხარი სეულს დაუჭირა. ჩინეთის საბჭოთა ხელისუფლება, საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს.

1954 წელი 

აშშ-ს პრეზიდენტის, დუაით ეიზენჰაუერის გადაწყვეტილებით, ამერიკულმა ჯარებმა საზღვაო ბლოკადაში მოაქციეს ტაივანის სანაპირო, რის შედეგაც ჩან კაი-შის ხელისუფლებამ კუნძულების: კინმენისა და მაცუს დაკავება მოახერხა. საპასუხოდ, ჩინეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ კუნძულების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ამავე პერიოდში, აშშ-მ ტაივანის ხელისუფლებასთან საერთო თავდაცვის ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც ვაშინგტონი ტაიპეის საგარეო საფრთხეებისგან დაცვის ვალდებულებას იღებდა. კრიზისის ესკალაციის პირობებში, აშშ ხვდება, რომ ტაივანის ხელისუფლებას გაუჭირდება პეკინთან ომის წარმოება, ამიტომ ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს თანხმდება. პეკინი იბრუნებს ზემოხსენებულ კუნძულებს.

1959 წელი 

ტიბეტზე კონტროლის დამყარებიდან 9 წლის თავზე, ლჰასაში კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები იწყება. ჩინეთის სახალხო არმია აჯანყებას სისხლში ახშობს. ტიბეტის სულიერ ლიდერ - დალაი ლამას ტიბეტიდან იძულებით გაქცევა და ინდოეთში გადასახლება უხდება. აშშ გმობს ჩინეთის აგრესიას და მსოფლიო თანამეგობრობას ტიბეტის განმათავისუფლებელი მოძრაობის დახმარებას მოუწოდებს.

1964 წელი 

ოქტომბერში ჩინეთმა ატომური ბომბი გამოსცადა. აშშ-ს, სსრკ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შემდეგ, ჩინეთი ბირთვული კლუბის მეხუთე წევრი ხდება.

1969 წელი 

ეროვნულ ინტერესებში, იდეოლოგიასა და განვითარების მოდელებს შორის განსხვავებამ საბჭოურ-ჩინური ურთიერთობების გამწვავებას შეუწყო ხელი. ჩინეთმა ამ პერიოდში კურსი ინდუსტრიალიზაციისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ აიღო, რასაც შედეგად, საბჭოთა კავშირის მიერ კომუნისტური ჩინეთიდან მრჩევლების გამოწვევა მოჰყვა. შეუთანხმებლობამ დუღილის წერტილს 1969 წლის მარტში მიაღწია, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის სასაზღვრო შეტაკება დაიწყო, რამაც თავის მხრივ ჩინეთის ხელისუფლებაზე სსრკ-ს გავლენა შეამცირა.

1971 წელი 

ჩინურ-ამერიკული ურთიერთობები თბება მას შემდეგ, რაც ჩინეთის მაგიდის ჩოგბურთის გუნდი ამერიკელ სპორტსმენებს ჩინეთში ვიზიტით იწვევს. 1971 წლის ივნისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი საიდუმლო ვიზიტით მიემგზავრება პეკინში. წლის ბოლოს კი აშშ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებს. ყველასთვის მოულოდნელად, ვაშინგტონი ჩინურ პოლიტიკას რადიკალურად ცვლის. მისთვის ჩინეთთან ურთიერთობების დათბობას ცივი ომის თავის სასარგებლოდ დასრულებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს პროცესი დიპლომატიის ისტორიაში "სამწახნაგოვანი დიპლომატიის" სახელით შევიდა.

1972 წელი 

თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი 8 დღიანი ვიზიტით პეკინს სტუმრობს, სადაც იგი კომუნისტური პარტიის ლიდერს, მაო ძედუნს ხვდება. ფორმდება შანხაის კომუნიკე, რომელშიც მხარეები ტაივანის საკითხის სამომავლო განხილვაზე თანხმდებიან.

1979 წელი 

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ოფიციალურად აფუძნებს "ერთი ჩინეთის" პოლიტიკას. აპრილში ფორმდება აქტი, რომელშიც განისაზღვრა აშშ-ს სამომავლო ურთიერთობები ტაივანთან. აქტი ტაიპეისთან კომერციული და კულტურული ურთიერთობების შენარჩუნებას გულისხმობდა. გარდა ამისა, ვაშინგტონი ტაივანის ხელისუფლების თავდაცვითი შეიარაღებით მომარაგების ვალდებულებას იღებდა.

1989 წელი 

გაზაფხულზე პეკინში, ტიანანმენის მოედანზე სტუდენტები დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციას მართავენ. 3 ივნისს კომუნისტური ხელისუფლება მოედანზე ასობით ტანკს და ჯარისკაცს აგზავნის. ხელისუფლება დემონსტრაციას არბევს, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. შედეგად, აშშ-მ პეკინთან შეიარაღების შესყიდვის შესახებ შეთანხმება გააუქმა, რამაც დიპლომატიური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააუარესა.

1999 წელი 

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია კოსოვოს კამპანიისას შემთხვევით ბელგრადში მდებარე ჩინეთის საელჩოს ბომბავს. ჩინურ-ამერიკული ურთიერთობები ისევ უარესდება. ჩინეთის მრავალ ქალაქში მოსახლეობა მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციებს მართავს.

2000 წელი 

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზება იწყება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ოქტომბერში ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულებას აფორმებს, რომელიც ჩინეთს გზას უხსნის "მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში ( WTO)" წევრობისკენ. 1980-2000 წლებში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 5 მილიარდიდან 231 მილიარდ აშშ დოლარამდე იზრდება. 2006 წელს ჩინეთი უსწრებს მექსიკას და ხდება აშშ-ს პირველი სავაჭრო პარტნიორი.

2007 წელი 

ჩინეთი თავდაცვის ბიუჯეტს 18 %-ით ზრდის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას იწვევს. პეკინში ვიზიტისას, ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ " თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა ქვეყნის დეკლარირებულ მიზანს - მშვიდობიან განვითარებას არ ეხმაურება". 

2008 წელი 

ჩინეთი აშშ-ს უდიდესი საგარეო კრედიტორი ხდება. ამ დროისთვის ამერიკის ვალი ჩინეთთან მიმართებაში 600 მილიარდ დოლარს აღწევს. მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში, ჩინეთი ხდება ერთადერთი დიდი სახელმწიფო, რომელიც დადებით ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს ( 9%).

2010 წელი 

ჩინეთი მსოფლიოში მეორე ეკონომიკა ხდება. ამ დროისთვის მისი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა 5,88 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს.

2011 წელი 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი - ჰილარი კლინტონი " Foreign Affairs" -სთვის დაწერილ სტატიაში ავითარებს "ღერძულ" სტრატეგიას, რაც გულისხმობდა, იმას, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი ჩინური გავლენის შეზღუდვა გახდებოდა. სტრატეგიის მიხედვით, აშშ-მ უნდა გაზარდოს საკუთარი სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური შესაძლებლობები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

2012 წელი 

აშშ-ს სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან 273 მილიარდ დოლარამდე იზრდება. პარალელურად, ჩინეთი ზრდის სავაჭრო ტარიფებს მეტალზე, რაც აშშ-სა და ევროკავშირის შეფასებით, " უხეში და უსამართლო" ქმედებაა.

2013 წელი 

აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა კალიფორნიაში ჩინეთის ახალ პრეზიდენტს, სი ძინპინს მასპინძლობს. მხარეები პირობას დებენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ საკითხებზე. სი ძინპინის თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის "ახალი ტიპის" თანამშრომლობა დამყარდება.

2015 წელი 

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ეშტონ კარტერი პეკინს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში მილიტარიზაციის პროცესის დასრულებისკენ მოუწოდებს. იგი აღნიშნავს, რომ ჩინეთი ზღვაში ხელოვნურ კუნძულებს ქმნის, რომელზეც საკუთარ შეიარაღებას განათავსებს.

2017 წელი 

ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არღვევს ტრადიციას და ტაივანის პრეზიდენტთან სატელეფონო კავშირზე არ გადის. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ეს " ერთი ჩინეთის " პოლიტიკის გადახედვაა. პეკინში სტუმრობისას, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აღნიშნავს, რომ " ჩინურ-ამერიკული ურთიერთობა ყოველთვის დაფუძნებული იყო თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე".

2018 წელი 

აშშ-ს პრეზიდენტი მსოფლიოს დიდ ნაწილთან სავაჭრო ომს იწყებს. იგი ზრდის ტარიფებს ალუმინსა ( 10%) და ფოლადზე ( 25 %). შედეგად, ჩინეთმაც დაუწესა ვაშინგტონს საპასუხო ტარიფები. ერთობლივად, ქვეყნებმა ერთმანეთს დაახლოებით 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტზე დაუწესეს ტარიფები. ბოლო თვეებში აშკარაა სავაჭრო ომის ესკალაცია. " მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის" შეფასებით, 2019 წლისთვის სავაჭრო ომი კიდევ უფრო გაღრმავდება.



0
  • 21:10
  • 261
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image