20-ზე მეტმა მიგრანტმა აშშ-მექსიკის საზღვრის გადალახვა სცადა

image
ცენტრალური ამერიკიდან მომავალი " მიგრანტთა ქარავანის" გარკვეულმა ნაწილმა სასაზღვრო მესერზე გადახტომით აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთა სცადა. ინციდენტი ქალაქ ტიხუანას სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს მოხდა. რამდენიმე მათგანმა გაქცევა მოახერხა, თუმცა, 20-მდე მიგრანტი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციის გამო გარკვეული ხნით ჩაიკეტება აშშ-მექსიკის საზღვრის გარკვეული ნაწილი, მათ შორის, ტიხუანას, სან-იდრისა და სან-დიეგოს მონაკვეთები. რამდენიმე ჟურნალისტის განცხადებით, აშშ-ს სასაზღვრო დაცვის სამსახურმა  მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მიგრანტების გარკვეულმა ნაწილმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სცადა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, საზღვარი ჩაკეტილი მანამ იქნება, სანამ მიგრანტთა ქარავნის პრობლემა ეფექტურად არ გადაიჭრება

დაახლოებით ერთი თვის წინ რამდენიმე ასეულმა ჰონდურასელმა ქვეყანა დატოვა და აშშ-ში თავშესაფრის საძიებლად წასვლა გადაწყვიტა. მათ გადალახეს გვატემალას საზღვარი და ამჟამად მექსიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან. აშშ-ს პრეზიდენტმა მექსიკის ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდით ემიგრანტთა შეჩერება უშედეგოდ სცადა. დროთა განმავლობაში, მათი რაოდენობა გაიზარდა და 5000-ს მიაღწია.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მიგრაციული კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, ჰონდურასს ყოველწლიურ ეკონომიკურ დახმარებას მოუხსნის. ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია საგარეო შემწეობაზე. მხოლოდ გასულ წელს ვაშინგტონი ჰონდურასს 175 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარა. მიგრაციული კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზი გაყალბებული არჩევნებია. გასული ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი - ხუან ორლანდო ერნანდეზი გამოცხადდა. ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნები მასობრივად გაყალბდა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კრიზისში აშშ-ს ადანაშაულებს. მათი თქმით, აშშ-მ მისცა ლეგიტიმაცია ერნანდეზის მთავრობას.

დღესდღეობით, აშშ-მექსიკის საზღვარს 5800 სამხედრო იცავს.
0
  • 16:50
  • 39
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image