საფრანგეთის ხელისუფლება საწვავზე ფასებს მომავალი ექვსი თვის განმავლობაში აღარ გაზრდის

image
საფრანგეთის ხელისუფლებამ დაანონსა, რომ მომავალი ნახევარი წლის განმავლობაში საწვავზე ფასებს აღარ გაზრდის. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ 3 კვირიანი უწყვეტი დემონსტრაციების შემდეგ მიიღო. ფრანგი მოქალაქეები ამ ხნის განმავლობაში საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ. პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპის თქმით, მთავრობამ ხალხს უნდა მოუსმინოს. " აუცილებელია განრისხებულ მოსახლეობას მოვუსმინოთ. მომავალი 6 თვის განმავლობაში საწვავზე ფასებს აღარ გავზრდით. საჭიროა მომხდარი მოვლენების სრული ანალიზი" - განაცხადა ფილიპმა. დემონსტრაციებისას გამოვლენილ ვანდალიზმის შემთხვევებს უკვე 3 ადამიანი ემსხვერპლა.

უკვე რამდენიმე კვირაა საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, დემონსტრანტები ძირითადად დიზელის საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ, თუმცა, ბოლო დროს პროტესტს ანარქისტული და სხვადასხვა სახის რადიკალური ჯგუფებიც შეუერთდნენ, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომასა და მდიდრების საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე საფრანგეთში და განსაკუთრებით დედაქალაქ პარიზში მსგავსი მასშტაბის არეულობებს ადგილი არ ჰქონია. პარიზის ცენტრში დემოსტრანტებმა ავტომანქანები და ინფრასტრუქუტურა დააზიანეს. საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები დიზელის საწვავზე ფასის სწრაფ ზრდას უკავშირდება, რომელიც დიდწილად პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობის მიერ გატარებული საგადასახადო ცვლილებების შედეგია. ხელისუფლებამ ნახშირწყალბადზე გადასახადები გაზარდა, ახალი საგადასახადო ტვირთით 1 ლიტრ დიზელზე გადასახადი 7.6 ცენტია, ბენზინზე კი - 3.9.

საპროტესტო გამოსვლების პარალელურად ეცემა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეიტინგებიც. Ifop-ის მიერ 9-17 ნოემბრის პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგმა მხოლოდ 25% შეადგინა. ოქტომბერთან შედარებით აღნიშნული მაჩვანებელი 4 პუნქტითაა გაუარესებული. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძირითადი მოტივაცია დემონსტრაციის დაშლა და პოლიტიკური კრიზისის გამწვავების თავიდან არიდებაა. 
0
  • 17:26
  • 33
FACEBOOK კომენტარები
Image