რას ნიშნავს კონგრესის მიერ მიღებული აქტი საქართველოსთვის

image
2018 წლის 12 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ (Georgia Support Act) ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. აღნიშნული აქტის მიღება უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგანაც აქამდე კონგრესს საქართველოს შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტი არ მიუღია.

საკანონმდებლო აქტის ტექსტში კიდევ ერთხელაა დადასტურებული ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების, არაღიარების პოლიტიკისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების  სფეროებში. 

დოკუმენტი ორი, მხარდამჭერი და სანქციების ნაწილებისგან შედგება. მხარდამჭერი ნაწილი 4 საკითხს გამოყოფს, რომელთა ირგვლივაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარება უნდა გაუწიოს. ესენია: 1. დახმარება უსაფრთხოების სფეროში; 2. აშშ-საქართველოს თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში; 3. დახმარების გაზრდა რუსულ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლაში და 4. კონგრესის რეკომენდაცია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. დოკუმენტის სანქციების ნაწილი კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევაში თანამონაწილე და პასუხისმგებელ პირებზე სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

კონკრეტულად რას ითვალისწინებს მხარდაჭერა?
I. უსაფრთხოების სფერო - კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტში აღნიშნულია შემდეგი: 1. აშშ-მ 2018 ფისკალური წლის განმავლობაში საქართველოს 37 მილიონ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია, ამავე ნაწილში ხაზგასმულია, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი სახელმწიფო და ავღანეთის მისიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია; 2. კონგრესი ასკვნის, რომ მსგავსი თანამშრომლობა მხარეებს შორის უნდა გაიზარდოს; 3. ქართულ მხარესთან კონსულტაციების გზით აშშ-ს მთავრობამ საქართველოს შესაძლებლობების გაზრდა უნდა უზრუნველყოს, რათა თბილისმა საფრთხეების შეკავება (deterrence*) ეფექტურად შეძლოს, ეს საკითხი საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების პროცესში დახმარებასაც მოიცავს;
4. უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიმოხილვა. ამ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა კონგრესს ანგარიში უნდა წარუდგინოს, რომელშიც აშშ-ს მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარება იქნება შეფასებული.

II. თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში - კონგრესის აზრით, აშშ-მ, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებაში დახმარება უნდა გაუწიოს. ამ პუნქტში ხაზგასმულია, რომ კონგრესი შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის რუსულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებაში დახმარებას ურჩევს. უსაფრთხოების სფეროს მსგავსად, კონგრესი ანგარიშის მომზადებას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც ითხოვს.

III. ბრძოლა რუსულ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან - ამ ნაწილში კონგრესი მიიჩნევს, რომ აშშ-მ საქართველოს შესაძლებლობები უნდა გააფართოვოს, რათა ის უკეთ გაუმკლავდეს რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას, რომელიც ქვეყანის დემოკრატიასა და სუვერენიტეტს უთხრის ძირს. ამ მიზნის მისაღწევად კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტს შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებასა და მისი კონგრესისთვის წარდგენას ავალებს. აღნიშნული სტრატეგია შემდეგ პუნქტებს უნდა მოიცავდეს: 1. საქართველოში არსებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის დეტალური შეფასება; 2. რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად საქართველოს შესაძლებლობების შეფასება და 3. დეტალური სტრატეგიის შემუშავება, რომელმაც რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საქართველოს შესაძლებლობები უნდა გააუმჯობესოს.

IV. საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება - აქ ხაზგასმულია, რომ კონგრესის აზრით, შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობამ ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების პროცესში პროგრესს უნდა მიაღწიოს.

რას ითვალისწინებს სანქციები ნაწილი?
კონგრესი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სანქციები უნდა მიმართოს იმ პირების მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევაში არიან შემჩნეულები. სანქციებში შედის: აქტივების გაყინვა და შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები და ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა.

აღნიშნულ საკანონმდებლო აქტს კანონის ძალის მისაღებად სენატის მხარდაჭერა და პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.


* deterrence - სიტყვას ქართულში ზუსტი შესატყვისი არ გააჩნია, ის საფრთხეების/მოწინააღმდეგის დაშინების გზით შეკავებას გულისხმობს.
+3
  • 22:26
  • 740
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image