ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი: შავი ზღვა რუსეთს არ ეკუთვნის

image
ფოტო: EPA 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი გევინ უილიამსონი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია, სადაც თავის ადგილობრივ კოლეგას შეხვდა. Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ უილიამსონმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის თქმით, შავი ზღვა რუსეთის საკუთრება არ არის.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ აზოვის ზღვაში რუსეთმა 3 უკრაინული სამხედრო გემი ეკიპაჟიანად დაატყვევა. კრემლი უკრაინას რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლასა და პროვოკაციაში ადანაშაულებს, კიევი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და დიდი ბრიტანეთი შავ ზღვაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ. უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრამ დასავლეთის სახელმწიფოებს შავი ზღვის რეგიონში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ცხადად დაანახა, რასაც მათ მიერ საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები მოჰყვა. უკანასკნელ ხანებში ნატო შავი ზღვის უსაფრთხოებას და უკრაინასთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. სამეფო ფლოტის ხომალდები შავ ზღვასა და უკრაინულ პორტებს ხშირად სტუმრობენ, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. უკრაინაში ბოლოს დუნკანის კლასის ბრიტანული ნაღმოსანი შევიდა.
0
  • 18:19
  • 96
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image