არჩევნები, რომელსაც 2019 წელს თვალი უნდა ადევნოთ - ნაწილი I

image
2018 წელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხმა მილიონობით ამომრჩეველმა მისცა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეოთხედ გახდა. უნგრეთის პრემიერმა - ვიქტორ ორბანმა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, რაც მას კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების შესაძლებლობას აძლევს. ევროსკეპტიკურმა და ანტიისთებლიშმენთურმა ძალებმა გაიმარჯვეს იტალიაში. პაკისტანის პრემიერ-მინისტრად კრიკეტის  ყოფილი ვასრკვლავი -  იმრან ხანი აირჩიეს. მექსიკის ფედერალურ არჩევნებში ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა გაიმარჯვა.  ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების ტრიუმფატორი ჟაირ ბოლსონარუ გახდა, რომელსაც ხშირად „ტროპიკების ტრამპს“ უწოდებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა შეინარჩუნეს, თუმცა, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს.
შემდეგი წელი საერთაშორისო პოლიტიკაში არანაკლებ საინტერესო იქნება. ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ უმნიშვნელოვანეს არჩევნებს, რომელსაც პოლიტიკის მეცნიერებებით და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულმა პირებმა თვალი აუცილებლად უნდა მიადევნონ:

1. ნიგერიის არჩევნები (16 თებერვალი) - ნიგერიის 190 მილიონიანი მოსახლეობის 60% დამოუკიდებელ ნიგერიაში დაიბადა, თუმცა, ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკოსთა უმრავლესობა კოლონიალურ ეპოქაში გაიზარდა. ქვეყანაში მიმდინარეობს კამპანია, სახელწოდებით “ მზადყოფნა მართვისთვის“ (Ready to Run), რომელმაც ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხარისხი უნდა გაზარდოს. კამპანიის წარმატებულმა მუშაობამ მოქმედი პრეზიდენტი -  მუჰამადუ ბუჰარი აიძულა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ცენზი 40-დან 35 წლამდე, ხოლო საგუბერნატორო არჩევნებში 35-დან 30 წლამდე შეემცირებინა. თებერვლის არჩევნებში ბუჰარი თანამდებობის შენარჩუნებას შეეცდება. მიუხედავად საკმაოდ მაღალი რეიტინგისა, მას შიდაპარტიული პრობლემები აქვს. საკანონმდებლო ორგანოს 50-ზე მეტი დეპუტატი მისი მუშაობით უკმაყოფილოა და ბუჰარის წინააღმდეგ აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწევა. საპრეზიდენტო არჩევნებში ბუჰარის მთავარი მეტოქე ატიკუ აბუბაქარი იქნება, რომელიც ნიგერიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. ნიგერია აფრიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა საკმაოდ ძლიერი ეკონომიკით. უმუშევართა რაოდენობა 19%-ს შეადგენს. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი უმთავრესი თემა ეკონომიკური პოლიტიკაა.  


2. ინდოეთის საპარლამენტო არჩევნები (აპრილი ან მაისი) - ინდოეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა - ნარენდრა მოდიმ და მისმა პარტიამ - „Bharatiya Janata Party - BJP“ 2014 წლის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რამაც ათწლეულების მანძილზე არსებული სამთავრობო კოალიცია დაშალა. მოდი 2019 წლის არჩევნებშიც იმავე შედეგის მიღწევას იმედოვნებს, თუმცა, საზოგადოებრივი კვლევები აჩვენებს, რომ მისი რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია. მისი პარტია რეგიონულ არჩევნებში კონგრესის პარტიასთან - Congress party დამარცხდა, რომელიც ინდოეთის შიდა პოლიტიკაში წლების მანძილზე დომინირებს. პარტიის ლიდერი რაჰულ განდია - მაჰათმა განდის შორეული შთამომავალი. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ფერმერთა უფლებებზე ამახვილებს და ამომრჩეველს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და უმუშევრობის შემცირებას ჰპირდება.


3. ინდონეზიის საპარლამენტო არჩევნები (17 აპრილი) – ინდონეზია მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ისლამური სახელმწიფოა (260 მილიონი ადამიანი). უკანასკნელ წლებში ქვეყანა დემოკრატიული ტრანზიციის პროცესს გადის. მოქმედი პრეზიდენტი - ჯოკო ვიდოდო ყოფილ გენერალ-ლეიტენანტ პრაბოვო სუბიანტოს დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო დაპირებების უმრავლესობა ვერ შეასრულა, მას მაინც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და დიდი ალბათობით, არჩევნებში მეორე ვადით გამარჯვებასაც მოახერხებს. პრეზიდენტს  უმცირესობათა უფლებების მუდმივ დარღვევაში ადანაშაულებენ და მისი მმართველობის სტილს ფილიპინების პრეზიდენტის - როდრიგო დუტერტეს მმარველობას ადარებენ, რომელსაც დასავლური მედია ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევაში ადანაშაულებს.


4. ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნები (20 აპრილი) - ავღანეთის გასული საპარლამენტო არჩევნები 3 წლის დაგვიანებით ჩატარდა და მასზე ათასობით   დარღვევა დაფიქსირდა. საპარლამენტო არჩევნების დღეს თალიბანმა, რომელიც ავღანეთის ტერიტორიის 70%-ს აკონტროლებს, ათასობით ადამიანი   დახოცა. აპრილში გასამართ არჩევნებში, მოქმედი პრეზიდენტი - აშრაფ ღანი მეორე ვადის მოპოვებას შეეცდება. პრეზიდენტი უსაფრთხოების პრობლემის   გადაჭრას თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მეშვეობით ცდილობს. მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადასვლა აშშ-ს წარმომადგენლად ამერიკელი   დიპლომატის - ზალმაი ხალიზდადის დანიშვნას უკავშირდება. მისი ინიციატივით, მხარეები ერთმანეთს უფრო ხშირად ხვდებიან, ვიდრე ეს აქამდე   ხდებოდა. ამ მიდგომამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, გასულ თვეში ხალილზადი 3 დღის განმავლობაში   ესაუბრებოდა თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლებს და მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.


5. უკრაინა - 2019 წელს უკრაინაში, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. უკრაინის საკანონმდებლო ორგანო - რადა 450 წევრისგან შედგება. ამჟამად პარლამენტში მანდატების უმრავლესობას „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“ ფლობს. ქვეყანა მომავალი წლის არჩევნებს სერიოზული პრობლემებით ხვდება. კორუფციას, პოლიტიკური არასტაბილურობას და კონომიკურ პრობლემებს რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ემატება. საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი დაპირისპირება მოქმედ პრეზიდენტ - პეტრო პოროშენკოსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციონერ იულია ტიმოშენკოს შორის შედგება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ, დღესდღეობით, არც ერთი ზემოხსენებული კანდიდატი ამომრჩევლის მაღალი მხარდაჭერით არ სარგებლობს. პოროშენკო  ნაციონალისტების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. იგი ყურადღებას ამახვილებს უკრაინულ ენაზე, რელიგიასა და არმიაზე, მაშინ როდესაც ტიმოშენკო საპარლამენტო რესპუბლიკურ მმართველობაზე გადასვლას ემხრობა. არჩევნების წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი რუსული აგრესიის შეკავებაა. 25 ნოემბერს რუსულმა გემებმა უკრაინულ კატარღებს: „ბერდიანსკს“ და „ნიკოპოლს“ ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, ექვსი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა. რუსულმა გემებმა 24 მეზღვაური ტყვედ აიყვანეს. პოროშენკომ ქვეყანაში 3 თვიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობის ხანგრძლივობის შემცირების მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სრულფასოვანი მომზადებაა, რაც საომარი მდგომარეობის პირობებში თითქმის შეუძლებელია. პოროშენკოს ინიციატივას ემიჯნებიან ოპოზიციური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ ინიციატივის მიზანი საგარეო საფრთხის წინაშე მოსახლეობის კონსოლიდაცია და შიდაპოლიტიკური პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანაა.

6. ევროპული პარლამენტის არჩევნები (23-26 მაისი) - ევროპის კავშირი საკმაოდ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას. ბრექსიტი, მიგრაციული კრიზისი, აშშ-სთან გაუარესებული ურთიერთობები, მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალური ძალების აღზევება - ეს ის პრობლემებია, რომელიც დღესდღეობით ევროპის კონტინენტს აწუხებს. ექსპერტების მოსაზრებით, ევროპული პარლამენტი (EP) ევროპის კავშირის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ინსტიტუციაა. 23-26 მაისის ჩათვლით, ევროპული პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა ევროკავშირის 500 მილიონ მოქალაქეს შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლის მარტში გაერთიანებული სამეფო ევროპის კავშირს დატოვებს, ევროპარლამენტარების რაოდენობა 751-დან 705-მდე შემცირდება.

7.  სამხრეთ აფრიკის არჩევნები (მაისი-აგვისტო) - უკვე წელიწადზე მეტია, რაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. მოქმედ პრეზიდენტს - ჯეიკობ ზუმას ბრალი კორუფციული გარიგებების დადებაში ედება. მიუხედავად ამისა, მმართველი „აფრიკის ეროვნული კონგრესი - African National Congress" რეიტინგის შენარჩუნებას ახერხებს. იგი 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში დომინანტ პარტიას წარმოადგენს. ოპოზიციური პარტიების: „დემოკრატიული ალიანსისა - DA" და „ეკონომიკური თავისუფლებისთვის მებრძოლების - EFF" რეიტინგის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, არჩევნებში მათი გამარჯვების შანსი ძალიან დაბალია. აფრიკის ეროვნული კონგრესი ხვდება, რომ ჯეიკობ ზუმას პოლიტიკური აქტივი მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ პარტიის უმრავლესობა კირილ რამაფოსას მხარდაჭერას ემხრობა. რამაფოსას რეიტინგი უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ გაიზარდა, რაც მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების კარგ შანსს აძლევს.

8. არგენტინის არჩევნები (ოქტომბერი) - სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა მომავალ არჩევნებს მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხვდება. უმუშევრობის მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს, ინფლაციამ 30%-ს გადააჭარბა. პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ქვეყნისთვის 57 მილიარდიანი სესხის გამოყოფაზე დაარწმუნა. ბუნებრივია, მაკრის რეიტინგი ეკონომიკური კრიზისის ფონზე მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მიუხედავად ამისა, ოპოზიციურ პარტიებს არ ჰყავთ ისეთი კანდიდატი, რომელიც მაკრისთან დაპირისპირებას შეძლებს, რაც არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის წარმატების შანსებს ერთიორად ზრდის.


9. კანადის ფედერალური არჩევნები (21 ოქტომბერი) – 2015 წელს ლიბერალურმა პარტიამ ჯასტინ ტრუდოს მეთაურობით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პარტიამ პარლამენტში 150 დეპუტატის გაყვანა მოახერხა, რაც კანადის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. თუმცა, 2018 წლის შემოდგომისთვის როგორც პარტიის, ისე მისი ლიდერის რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, კანადელთა 60% უკმაყოფილოა ლიბერალური პარტიის მმართველობით. ამის კარგი ილუსტრაცია ონტარიოში შემოდგომაზე გამართული არჩევნებია, რომელშიც მემარჯვენე-ცენტრისტულმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. წარმატების კარგი შანსი აქვს მაქსიმ ბერნიეს „სახალხო პარტიას -PP", რომელიც კონსერვატიულ პოლიტიკურ გაერთიანებას შიდაპოლიტიკური უთანხმოების გამო გამოეყო და საკუთარი პარტია დაარსა.

10. ისრაელის საპარლამენტო არჩევნები (5 ნოემბერი) - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რთული გამოწვევების წინაშე დგას. მას ქნესეთში უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება. ნეთანიანუს მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის - ავიგდორ ლიბერმანის პარტიის (Yisrael Beiteinu) მიერ სამთავრობო კოალიციის დატოვებამ. შედეგად სამთავრობო კოალიცია მძიმე გამოწვევების წინაშე დადგა. იმ შემთხვევაში, თუ ბენეტის პარტია სამთავრობო კოალიციას დატოვებდა, ქნესეთის რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ამის საჭიროება არ დადგა - ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის დროებით გადარჩენა მოახერხა. საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მიუხედავად ზემოხსენებული პრობლემებისა, ნეთანიაჰუს პარტიას (Likud Party) არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. თუმცა, ეს ფაქტი ნეთანიაჰუს მშვიდად ყოფნის საბაბს არ აძლევს. მიზეზი ისრაელის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაა. იგი ისეა კონსტრუირებული, რომ არცერთ გამარჯვებულ პარტიას ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირება არ შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ზედიზედ 4 ვადის განმავლობაშია. იმ შემთხვევაში, თუ იგი 2019 წლის არჩევნებშიც შეძლებს გამარჯვებას, ამ მაჩვენებლით იგი ისრაელის დამფუძნებელ მამას - დევიდ ბენ-გურიონს ჩამოიტოვებს, რომელიც ქვეყანას 1954-1963 წლების მანძილზე მართავდა.


ავტორი: გიგა ჯოხაძე
0
  • 20:28
  • 151
FACEBOOK კომენტარები
Image