რუსეთი: მერკელის და მაკრონის მოთხოვნა მიუღებელია

image
ფოტო: Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მოთხოვნა ქერჩის სრუტეში დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ მიუღებელია. ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა რუსულ მხარეს მეზღვაურების გათავისუფლება პარასკევს მოსთხოვეს, თუმცა, ლავროვის პასუხის გათვალისწინებით ცნობილი გახდა, რომ კრემლი მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს.

ლავროვმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინულმა გემებმა რუსული და საერთაშორისო კანონი დაარღვიეს, რაზეც რუსეთში გამოძიებაა დაწყებული, მისი დასრულების შემდეგ კი მეზღვაურებს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ერთ თვეზე მეტია, რაც 3 უკრაინული სამხედრო გემი რუსეთს ეკიპაჟიანად ჰყავს დატყვევებული. მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინული გემები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ, რითაც რუსეთს საფრთხე შეუქმნეს. კრემლი კიევს პროვოკაციებში ადანაშაულებს და ჯერჯერობით დატყვევებული უკრაინელი სამხედროების გათავისუფლებას არ ჩქარობს.

რუსეთის ქმედება სწრაფადვე დაგმეს დასავლელმა ლიდერებმა და პუტინის ხელისუფლებას ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. აღნიშნული ინციდენტის გამო ამერიკულმა მხარემ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადადო. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სანამ უკრაინელი მეზღვაურები ტყვეობაში იქნებიან, ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრა არ გაიმართება.
0
  • 15:37
  • 78
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image