ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრება

image
ფოტო: Daily Express

დღეს, თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტსა და დემოკრატიული პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა. დონალდ ტრამპის თქმით, შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა. მიუხედავად ამისა, მექსიკის საზღვართან კედლის პროექტის დაფინანსების საკითხში მხარეებმა შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს. დემოკრატიული პარტიის ვეტერანი ლიდერი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - ნენსი პელოსი და სენატში უმცირესობის ლიდერი - ჩაკ შუმერი მექსიკასთან ღია საზღვარს და ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას ემხრობიან, მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპის აზრით, " ღია კარის" პოლიტიკა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდესი გამოწვევაა. დემოკრატ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვართან კედლის პროექტის დაუფინანსებლობის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. " კედლის დაუფინანსებლობის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ. ეს მიზნის მიღწევის კიდევ ერთი საშუალებაა. მე ვამაყობ იმით, რასაც ვაკეთებ. ვფიქრობ ვაკეთებ იმას, რაც ამერიკელ ხალხს და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას სჭირდება" - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი კონგრესისგან მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად 5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითხოვს. 2018 წლის 6 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატის დაბრუნება მოახერხა, რომელიც ყოველწლიურ ბიუჯეტს განიხილავს და ამტკიცებს. შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპს კედლის დასასრულებლად მოთხოვნილი თანხის მიღება ძალიან გაუჭირდება. ამ საკითხზე პრეზიდენტსა და კონგრესს შორის შეუთანხმებლობის გამო აშშ-ს ფედერალური მთავრობა ნაწილობრივ დაიხურა. ტრამპი ხვდება, რომ შესაძლოა პროცესი გაიწელოს, თუმცა, იგი ნებისმიერ ფასად მზადაა საკუთარი პოზიციის დასაცავად. მექსიკის საზღვართან კედლის აშენება და სასაზღვრო უსაფრთხოება ტრამპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, იგი საკუთარი დაპირების ტყვეობაში აღმოჩნდა. იგი ხვდება, რომ 2020 წლისთვის კედლის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი საკუთარი ელექტორატის დიდი ნაწილის მხარდაჭერას დაკარგავს და მეორე ვადით არჩევის ნაკლები შანსი ექნება. Reuters-ს გამოკითხვით, საზღვრის დაცვას ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად ამერიკელების მხოლოდ 31 % მიიჩნევს.

2018 წელს აშშ-ს ფედერალური მთავრობა უკვე მესამედ დაიხურა. მსგავსი რამ მაშინ ხდება, როდესაც კონგრესი და პრეზიდენტი საბიუჯეტო პროექტზე ვერ თანხმდებიან. მთავრობის დახურვა ფედერალურ დონეზე მომუშავე 800 ათასამდე ადამიანს შეეხო. სანამ პრეზიდენტსა და კონგრესს შორის ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, მთავრობაში მომუშავე ასობით ათასი ადამიანი შვებულებაში იქნება გასული.
+1
  • 18:44
  • 68
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image