არჩევნები, რომელსაც 2019 წელს თვალი უნდა ადევნოთ - ნაწილი II

image
2019 წელს ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელთა საბოლოო შედეგები საერთაშორისო პოლიტიკაზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს.

ბელგია

2019 წლის მაისში ბელგიის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
საკანონმდებლო ორგანო 150 წევრისგან შედგება, მთავრობის ფორმირებისთვის 76 მანდატია საჭირო. საარჩევნო ბარიერი - 5%.

2014 წლის საპარლამენტო არჩევნების შდეგად ხელისუფლების სათავეში კოალიციური მთავრობა მოვიდა, რომელიც ოთხ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა - 1. „ახალი ფლამანდიური ალიანსი - N-VA“ 2. ქრისტიან-დემოკრატიული ფლამანდიური პარტია - CD&V“ 3. „ფლანდრიელი ლიბერალები და დემოკრატები  - VLD“ და 4. „რეფორმისტული მოძრაობა - MR“. ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა რომ „ბელგიის სოციალისტური პარტია“ სამთვრობო კოალიციის წევრი არაა.

2019 წელს ბელგიაში შესაძლებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩვნები ჩატარდეს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების - "ახალი ფლამანდიური ალიანსის - N-VA" მიერ კოალიციური მთავრობის დატოვება და ოპოზიციური პარტიების მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მხარდაჭერა გახდა. სამ დღიანი კონსულტაციის შემდეგ ბელგიის მეფე ფილიპე პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელის მიერ თანამდებობის დატოვებას დათანხმდა. მონარქის გადაწყვეტილებით, 2019 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე, მიშელის დროებითი მთავრობა, შეზღუდული უფლებებით, მხოლოდ სასწრაფოდ განსახილველ საკითხებს განიხილავს.



დანია

2019 წლის ივნისში დანიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საკანონმდებლო ორგანო - ფოლკეტინგი 179 წევრისგან შედგება, უმრავლესობის ფორმირებისთვის 90 მანდატია საჭირო. საარჩევნო ბარიერი - 2%.

2015 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დანიას კოალიციური მთავრობა მართავს. ე.წ. „ლურჯი ალიანსი“  სამ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს - 1. “Venstre - დანიის ლიბერალური პარტია“ 2. „დანიის ლიბერალური ალიანსი“ და 3. დანიის კონსერვატიული სახალხო პარტია - DKF“. პრემიერ-მინისტრი - ლარს ლიოკე რასმუსენი.

2018 წლის გამოკითხვების მიხედვით, „დანიის სოციალ დემოკრატიული პარტია ლიდერობს“. მეორე და მესამე ადგილებს „დანიის სახალხო პარტია“ და „“Venstre - დანიის ლიბერალური პარტია“ ინაწილებენ.



ესტონეთი

2019 წლის 3 მარტს ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საკანონმდებლო ორგანო 101 წევრისგან შედეგება, მთავრობის ფორმირებისთვის 51 მანდატია საჭირო. საარჩევნო ბარიერი - 5%.

2015 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატების მოპოვება ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახერხა. ხელისუფლების სათავეში კოალიციური მთავრობა მოვიდა, რომელიც სამ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა - 1. „ესტონეთის რეფორმის პარტია“ 2. „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ და 3. „პრო პატრია - Isamaa“. პრემიერ-მინისტრი - ტაავი რიივასი.

2016 წლის ნოემბერში რიივასის ადმინისტრაციას სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, პრო-პატრიამ და ოპოზოცოირმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა უნდობლობა გამოუცხადეს. 2016 წლის ნოემბრის ბოლოს იური რატასის ხელმძღვანელობით ახალი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელიც სამ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს - 1. „ესტონეთის ცენტრისტული პარტია“ 2. „ესტონეთის სოციალ დემოკრატიული პარტია“ და 3. „პრო პატრია - Isamaa“.
1999 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ „ესტონეთის რეფორმი პარტია“ სამთავრობო კოალიციის წევრი არაა.
2018 წლის გამოკითხვებში „ესტონეთის რეფორმის პარტია“ და „ესტონეთის ცენტრისტული პარტია“ ლიდერობენ.



ფინეთი

ფინეთის პარლამენტი 200 წვრისგან შედგება. მთავრობის ფორმირებისთვის 101 მანდატია საჭირო.

2015 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში კოალიციური მთავრობა მოვიდა, რომელიც ცენტრის პარტიას, ფინელთა პოლიტიკურ გაერთიანებას და ეროვნულ კოალიციურ პარტიას აერთიანებდა, თუმცა, 2017წელს მმართველი  კოალიცია ფინელთა პარტიამ დატოვა. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა ახალი პარტია - „ლურჯი რეფორმა“ ჩამოაყალიბეს და სამთავრობო კოალიციას შეუერთდნენ.

2019 წლის 14 აპრილს ფინეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა უმრავლსობა ოპოზიციაში მყოფ ფინეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას უჭერს მხარს, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში 35 მანდატს ფლობს.





პოლონეთი

2019 წლის ნოემბერში პოლონეთში საპარლამენტო არჩვნები იმართება. საკანონმდებლო ორგანო 560 წევრისგან შედგება. სეიმში უმრავლესობის მოსაპოვებლად 231 მანდატია საჭირო.

2015 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „სამოქალაქო პლატფორმა" დამარცხდა და ხელისუფლების სათავეში პოპულისტური, ევროსკეპტიკური და ეკონომიკური ნაციონალიზმის მომხრე პარტია - „კანონი და სამართლიანობა“ მოვიდა.
აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რღვევაში, სასამართლო სისტემის კონტროლსა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში მუდმივად ადანაშაულებენ.



პორტუგალია

პორტუგალიის საკანონმდებლო ორგანო 230 წევრისგან შედგება. მთავრობის ფორმირებისთვის 116 მანდატია საჭირო.

2015 წლის  საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა "სოციალ-დემოკრატიული პარტიის - PSD" და "სახალხო პოლიტიკური გაერთიანების - CDS-PP" ალიანსმა მოიპოვა, თუმცა, მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა და ხელისუფლების სათავეში სოციალისტური პარტია - PS მოვიდა.

2019 წლის 6 ოქტომბერს პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობა "სოციალისტურ პარტიას - PS" უჭერს მხარს.



შვეიცარია

შვეიცარიის ფედერალური ასამბლეა ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ეროვნული საბჭოსა (ქვედა პალატა - 200 წევრი) და სახელმწიფო საბჭოსგან (ზედა პალატა - 46 წევრი) შედგება.

2015 წლის ფედერალური არჩევნების შედეგად ეროვნულ საბჭოში მანდატების უმრავლესობას შვეიცარიის სახალხო პარტია - SVP/UDC ფლობს, ხოლო სახელმწიფო საბჭოში - "შვეიცარიის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია - CVP" და "ლიბერალები - FDP".
შვეიცარიაში ფედერალური არჩევნები 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა (29%) "შვეიცარიის სახალხო პარტიას - SVP/UDC" უჭერს მხარს. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ევროსკეპტიციზმით და ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკის მხარდაჭერით გამოირჩევა.


საბერძნეთი


2019 წლის 20 ოქტომბერს საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საკანონმდებლო ორგანო 300 წევრისგან შედგება. მთავრობის ფორმირებისთვის 151 მანდატია საჭირო.

2015 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში „რადიკალ მემარცხენეთა ალიანსი - Syriza“ მოვიდა. აღნიშნულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვება სახელმწიფოს მიერ საკუთარ თავზე უკიდურესად დიდი სოციალური ვალდებულებების აღების და ზოგადად, სხვადასხვა მთავრობის მიერ გატარებული არასწორი სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე შეძლო.
საბერძნეთს ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად დახმარებას 2010 წლიდან ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უწევენ. აღნიშნული სამეულის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური რეფორმები, სოციალურ შეღავათებს მიჩვეული მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, შესაბამისად რადიკალ მემარცხენეთა ალიანსის ლიდერი - ალექსის ციპრასი, რომელიც ზემოაღნიშნულ სამეულთან ფინანსური დახმარების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების წინააღმდეგ მისი გაფორმების დღიდან გამოდიოდა, მოსახლეობის კეთილგანწყობა დაიმსახურა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა.

ამჟამად საბერძნეთში მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებას „ახალი დემოკრატია - ND“ წარმოადგენს. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის რეიტინგი უკიდურესად დაბალია და 2019 წლის არჩევნებზე უპირატესობას „ახალი დემოკრატიის“ ლიდერი - კირიაკოს მიცოტაკისი მოიპოვებს. აღნიშნული მემარჯვენე ცენტრისტული პარტია საბერძნეთის რესპუბლიკას 1974 - 1977; 1977 - 1981; 1989 - 1993; 2004 - 2009; 2012 – 2015 წლებში მართავდა.

ეკონომიკური პრობლემების გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ალექსის ციპრასის რეიტინგზე უარყოფითი გავლენა იქონია ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან მიმდინარე წლის ივნისში დადებული შეთანხმებაა, რომლის თანახმადაც FYROM-ს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ ეწოდება. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი, საბერძნეთის მოსახლეობის უმრავლესობა და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მეზობელი ქვეყნის კონსტიტუციურ სახელწოდებაში ტერმინი - მაკედონიის გამოყენების წინააღმდეგია, რადგან უძველეს მაკედონიურ ცივილიზაციას საბერძნეთი საკუთარ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნევს, ამას გარდა,  ოფიციალური ათენის აზრით, აღნიშნული დასახელება საბერძნეთის იმავე სახელწოდების მქონე ჩრდილოეთ რეგიონის - მაკედონიის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების საფუძველს შეიცავს.


ავტორი: ხატია დავლიანიძე
0
  • 22:15
  • 196
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image