ორი მარცხი ორ დღეში - პარლამენტი პრემიერ მინისტრს ებრძვის

image
ფოტო: Sky news

უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში ტერეზა მეის მთავრობა ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებით საკუთარმა პარლამენტმა ორჯერ დაამარცხა. 8 იანვარს თემთა პალატის წევრებმა ფინანსურ საკანონმდებლო აქტში ცვლილება შეიტანეს, რომლის თანახმადაც პარლამენტის ნებართვის გარეშე მთავრობას ბრექსიტთან დაკავშირებული გადასახადების ადმინისტრირება აეკრძალა, 9 იანვარს კი საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას ახალი ვალდებულება წამოუყენა, რომლის თანახმადაც, პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმების ჩავარდნის შემთხვევაში, პრემიერ მინისტრმა 3 დღის ვადაში კანონმდებლებს ბრექსიტთან დაკავშირებით განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს.

ცვლილება ფინანსურ საკანონმდებლო აქტში - გაერთიანებულ სამეფოში ფინანსური საკანონმდებლო აქტით პარლამენტი ბიუჯეტს ამტკიცებს და ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკას ადგენს. საკანონმდებლო აქტის თანახმად, მისი უდიდებულესობის ხაზინას (ფინასთა სამინისტრო) პარლამენტის გვერდის ავლით, დამოუკიდებლად შეეძლო ბრექსიტთან დაკავშირებული საგადასახადო პოლიტიკის ფორმირება, მაგრამ 8 იანვრის ცვლილების შემდეგ დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერი გაუქმდა. ცვლილებას მხარი ოპოზიციური პარტიების გარდა, რამდენიმე ამბოხებულმა კონსერვატორმაც დაუჭირა, ისინი იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ცვლილებით დიდი ბრიტანეთის ევროპის კავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოსვლას აირიდებენ თავიდან, რადგანაც „ხისტი ბრექსიტის“ შემთხვევაში მთავრობას ეფექტურად მუშაობა გაუჭირდება, ის ბრექსიტთან დაკავშირებულ ფინანსურ და საგადასახადო პოლიტიკას პარლამენტისგან დამოუკიდებლად ვეღარ გაატარებს, რაც მას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ცვლილების ავტორების გათვლით, თემთა პალატაში ბრექსიტის შეთანხმების ჩავარდნის შემთხვევაში, პრემიერ მინისტრი ორი არჩევანის წინაშე დადგება, მან ბრექსიტის საკითხში ან პარლამენტს უნდა დაუთმოს პირველობა, ან ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი გამოითხოვოს და ევროპის კავშირიდან გამოსვლა დროებით შეაყოვნოს.

პრემიერ მინისტრმა ადრე საკუთარი პოზიცია აშკარად დააფიქსირა. ბრექსიტი 29 მარტს აუცილებლად განხორციელდება, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი.

მეორე მარცხი - 8 იანვრის ფიასკოს შემდეგ, მთავრობა საკანონმდებლო ორგანომ მომდევნო დღესაც შეავიწროვა. პარლამენტის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, თემთა პალატაში ბრექსიტის შეთანხმების რატიფიცირების პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში მთავრობამ 3 დღიან ვადაში ბრექსიტის ახალი გეგმა უნდა შეიმუშავოს და პარლამენტს წარუდგინოს. აღსანიშნავია, რომ თემთა პალატაში ტერეზა მეის შეთანხმების უარყოფის შემთხვევაში, მთავრობა ახალი გეგმის შედგენას 21 დღის ვადაში ვარაუდობდა. როგორც წინა შემთხვევაში, ტერეზა მეი საკუთარმა პარტიამ ამჯერადაც დააღალატა, ოპოზიციასთან ერთად, მთავრობის წინააღმდეგ 17 კონსერვატორი წავიდა.
0
  • 17:16
  • 51
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image