აიათოლა ალი ხამენეი: აშშ-ს ოფიციალური პირები „პირველი კლასის იდიოტები არიან“

image
ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრებს „პირველი კლასის იდიოტები უწოდა.“ ირანული სახელმწიფო მედია უმაღლესი ლიდერის გამოსვლას ციტირებს სადაც აიათოლა შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შეუარცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს.

„ამერიკელები ბედნიერად საუბრობენ, რომ ეს სანქციები უპრეცედენტოა. დიახ, ისინი მართლაც უპრეცედენტოა და უპრეცედენტო იქნება ის მარცხიც, რომლის წინაშეც ამერიკელები უფლის ნებით აღმოჩნდებიან. შეერთებული შტატების ზოგიერთ წარმომადგენელს სიგიჟეზე აქვს პრეტენზია, [აქ სავარაუდოდ ტრამპის ადმინისტრაციაში ჯონ ბოლტონისა და მაიკ პომპეოს მსგავსი აგრესიული წევრები იგულისხმება] რა თქმა უნდა, მე მათ არ ვეთანხმები, ისინი პირველი კლასის იდიოტები არიან.“

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პირობებში დროებით დათბა, რაც თეირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებითა და ირანზე მძიმე სანქციების მოხსნით იქნა გამოწვეული, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ბარაკ ობამას მიერ გაფორმებულ შეთანხმებას პირველივე დღიდან აკრიტიკებდა, 2018 წლის მაისში კი ის საერთოდ დატოვა, რასაც ნოემბრის დასაწყისში ეკონომიკური სანქციების ხელახლა დაწესება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ევროპული სახელმწიფოები, რუსეთი და ჩინეთი მხარს არ უჭერენ, მან ირანის ეკონომიკაზე უკვე იქონია უარყოფითი გავლენა.

ირანთან ურთიერთობების გაუარესების პარალელურად ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთის არაბ მოკავშირეებთან ურთიერთობებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ამაზე ამერიკელი ოფიციალური პირების რეგიონალური ვიზიტებიც მეტყველებს. ამჟამად ახლო აღმოსავლეთში შეხვედრებს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მართავს, რამდენიმე დღის წინ ისრაელში იმყოფებოდა პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონიც. თავად პრეზიდენტმა ტრამპმაც საკუთარი პირველი საერთაშორისო ვიზიტი საუდის არაბეთში განახორციელა.
0
  • 18:57
  • 71
FACEBOOK კომენტარები
Image