ტრამპი ისევ იმუქრება

image
აშშ-ში მთავრობის ე.წ. შათდაუნი კვლავ გრძელდება. პრეზიდენტი და კონგრესი საბიუჯეტო პროექტზე ვერ თანხმდებიან, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვრის ერთერთ მონაკვეთზე კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას ითხოვს, რასაც საკანონმდებლო ორგანოში არ ეთანხმებიან. დემოკრატი კონგრესმენები კედლის იდეას ამორალურს უწოდებენ და მისი დაფინანსება ბიუჯეტის ფლანგვად მიაჩნიათ.

წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა კვლავაც მუქარას მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ხუთშაბათს, 10 იანვარს რიო გრანდეში ერთერთ სასაზღვრო პუნქტთან გააკეთა. მისი თქმით, მას „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აბსოლუტური უფლება აქვს,“ თუ კონგრესი სასაზღვრო კედლის პროექტს არ დააფინანსებს.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვართან კედლის აშენება და სასაზღვრო უსაფრთხოება ტრამპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, იგი საკუთარი დაპირების ტყვეობაში აღმოჩნდა. იგი ხვდება, რომ 2020 წლისთვის კედლის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი საკუთარი ელექტორატის დიდი ნაწილის მხარდაჭერას დაკარგავს და მეორე ვადით არჩევის ნაკლები შანსი ექნება. Reuters-ს გამოკითხვით, საზღვრის დაცვას ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად ამერიკელების მხოლოდ 31 % მიიჩნევს.
0
  • 14:46
  • 35
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image