FYROM-ის პარლამენტმა მაკედონიის კონსტიტუციური სახელწოდების ცვლილებას მხარი დაუჭირა

image
ფოტო: EPA/GEORGI LICOVSKI

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციური სახელწოდების ცვლილებას მხარი დაუჭირა. კონსტიტუციაში 2018 წლის ივნისში საბერძნეთსა და FYROM-ს შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული შესატანი ცვლილებების სასარგებლოდ
120-დან 81 დეპუტატმა მისცა ხმა. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების - „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია — დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის - VMRO-DPMNE“ წევრთა უმრავლესობა კენჭისყრას არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთსა და FYROM-ს (საერთაშორისო არენაზე 1993 წლიდან  დროებით სახელწოდებას - ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას იყენებს) შორის მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა 1991 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთმა სუბიექტმა „მაკედონიის რესპუბლიკის“ სახელით დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ახალი სახელმწიფოს დროშაზე უძველესი მაკედონიის სამეფოსა და მმართველი დინასტიის - არგეადების სიმბოლო - ვერგინას მზე გამოსახა.

საბერძნეთი მეზობელი ქვეყნის მიერ სახელწოდება მაკედონიის გამოყენებას 1991 წლიდან ეწინააღმდეგება, რადგან - 1. მაკედონურ ცივილიზაციას საკუთარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნევს; 2. ოფიციალური ათენის აზრით, აღნიშნული დასახელება საბერძნეთის იმავე სახელწოდების მქონე ჩრდილოეთ რეგიონის - მაკედონიის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების საფუძველს შეიცავს.

წლებია, რაც სახელწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა FYROM-ის ევრო-ატლანტიკურ ინტერაციას აფერხებს.
ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში რამდენიმე წლიანი პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 2017 წლის 1 ივნისს ახალი ადმინისტრაციის დამტკიცების შემდეგ, FYROM-ის მმართველი პარტიის მთავარ პრიორიტეტს მეზობელ საბერძნეთთან მაკედონიის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის მოგვარება წარმოადგენს.


რას ითვალისწინებს 2018 წლის ივნისში საბერძნეთსა და FYROM-ს შორის დადებული შეთანხმება?

2018 წლის 17 ივნისს პრესპის ტბასთან - საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვართან მდებარე სოფელ ფსარადესში აღნიშნული ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ნიკოლა დიმიტროვმა და ნიკოს კოძიასმა ხელი ახალ შეთანხმებას მოაწერეს, რომლის მიზანიც ისტორიული დავის მოგვარებაა.

ხელშეკრულების მიხედვით, FYROM-ის ახალი კონსტიტუციური სახელწოდება მომავალში იქნება - ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (Republic of North Macedonia), შემოკლებით ჩრდილო მაკედონია (North Macedonia) და გამოყენებულ იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე (erga omnes). ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეების ნაციონალობა - მაკედონელი/ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მოქალაქე. სახელმწიფოს ოფიციალური ენა - მაკედონიური.
ენასთან დაკავშირებით ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში ვკითხულობთ:  „შეთანხმების მეორე მხარე (მაკედონია) აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ოფიციალური ენა - მაკედონიური განეკუთვნება სამხრეთ სლავური ენების ჯგუფს. ორივე მხარე თანხმდება, რომ მეორე მხარის ოფიციალური ენა კავშირში არ არის ძველ ბერძნულ ცივილიზაციასთან, ისტორიასთან, კულტურასთან და პირველი მხარის (საბერძნეთის) ჩრდილოეთ რეგიონის მემკვიდრეობასთან.“ ამას გარდა, შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ ტერმინები „მაკედონია“ და „მაკედონელი“ განსხვავებული ისტორიულ კონტექსტსა და კულტურული მემკვიდრეობის აღმნიშვნელია. საბერძნეთის შემთხვევაში ეს ტერმინები  არამხოლოდ მისი ჩრდილოეთ რეგიონის ტერიტორიისა  და მოსახლეობის აღსანიშნად გამოიყენება, არამედ თავის თავში მოიცავს  ბერძნულ ცივილიზაციას, ისტორიას, კულტურასა და ამ რეგიონის ისტორიას ანტიკური ხანიდან დღემდე.

მე-2 მუხლის თანახმად, პირველი მხარე (საბერძნეთი) არ შეაფერხებს/წინააღმდეგობას არ გაუწევს მეორე მხარის (მაკედონიას) იმ საერთაშორისო, მრავალმხრივ და რეგიონალურ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესს, რომლის წევრიც თავადაა.

მე-3 მუხლში მხარეები ადასტურებენ საზღვრების სიმტკიცესა და ურღვევობას - არცერთი მხარე არ მოითხოვს იმ ტერიტორიის მითვისებას, რომელიც უკვე არსებული საზღვრების ცვლილებას გამოიწვევს.

შეთანხმების თანახმად, ორივე მხარემ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. არცერთმა მათგანმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მესამე მხარის ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამას გარდა, მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. თანხმდებიან, რომ არ განახორციელებენ, შთააგონებენ და მხარს დაუჭერენ ისეთ ქმედებასა და ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება ერთმანეთის წინააღმდეგ და არცერთი მათგანი არ დაუთმობს თავის ტერიტორიას მესამე მხარეს, ორგანიზაციას, ჯგუფს და ინდივიდუალურ პიროვნებას, რომელიც დივერსიული, სეცესიონისტური და სხვა სახის ქმედებით საფთხეს შეუქმნის მშვიდობას, სტაბილურობასა და აღნიშნული შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარის უსაფრთხოებას.

მე-4 მუხლი კონსტიტუციაში კრძალავს  ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც წაახალისებს ირედენტიზმს და მომავალში რომელიმე მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი გახდება.

მე-8 მუხლის თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში მაკედონიამ საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებული ყველა იმ მონუმენტისა და ნაგებობის სტატუსი უნდა განიხილოს, რომლებზეც საბერძნეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია გამოსახული და უარი უნდა თქვას ძველი ბერძნული სიმბოლოებისა და დასახელებების  გამოყენებაზე.
ერთი თვის ვადაში უნდა შეიქმნას ისტორიკოსების, არქეოლოგებისა და განათლების სფეროში მომუშავე ექსპერტების ინტერდისციპლინარული კომიტეტი, რომელიც ისტორიული წყაროებისა და არქეოლოგიური აღმოჩენების საფუძველზე, ისტორიული მოვლენების მეცნიერულ ინტერპრეტაციას მოახდენს. აღნიშნული კომიტეტი ირედენტისტული იდეების შემცველ სასკოლო სახელმძღვანელოებსა და რუქებს მიმოიხილავს და მათ რედაქტირებას საკუთარ თავზე აიღებს. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად უნდა შეიქმნას შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანო - „მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭო – HLCC" რომელიც ამავდროულად  ამ შეთანხმების პირობების სათანადო და ეფექტურ შესრულებას უზრუნველყოფს.

ათენი-სკოპიეს 2018 წლის ივნისის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ: „მაკედონიას“,  „მაკედონიის რესპუბლიკას“,  „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას“  და აბრევიატურა ყირმ-ს (FYROM) ჩაანაცვლებს ახალი სახელწოდება - ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.
როგორც ორმხრივ, ასევე, საერთაშორისო, მრავალმხრივ და რეგიონალურ ორგანიზაციებში, ინსტიტუტებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე ორივე მხარე გამოიყენებს იმ ტერმინებს, რომელიც შეთანხმების პირველი მუხლი ითვალისწინებს.

FYROM-ის პარლამენტის მიერ ზემოაღნიშნული შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, ხელშეკრულების რატიფიკაცია საბრძნეთის საკანონმდებლო ორგანომ უნდა მოახდინოს. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიისგან განსხვავებით, საბერძნეთის პარლამენტში შეთანხმების დასამტკიცებლად მარტივი უმრავლესობა - 300-დან 151 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.
+1
  • 13:39
  • 168
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image