აშშ-ს 2019 წლის სარაკეტო თავდაცვის მიმოხილვა - ვინ არის საფრთხე?

image
„სარაკეტო თავდაცვა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიების განუყოფელი კომპონენტია.“ ასე იწყება მიმდინარე წლის 17 იანვარს მიღებული აშშ-ს სარაკეტო თავდაცვის მიმოხილვა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით, „2019 წლის სარაკეტო თავდაცვითი მიმოხილვა,“ წინამორბედი ანალოგიური დოკუმენტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების პოტენციური მოწინააღმდეგეები საკუთარ სარაკეტო შესაძლებლობებს სამი განსხვავებული მიმართულებით ავითარებენ. ესენია: 1.არსებული სარაკეტო სისტემების შესაძლებლობების გაზრდა, 2.საკუთარი არსენალის ახალი და უპრეცედენტო სარაკეტო შესაძლებლობებით აღჭურვა და 3.პოტენციური მოწინააღმდეგეების მიერ სამხედრო წვრთნებსა და ომის დაგეგმარებაში უფრო მეტი შემტევი ტიპის რაკეტების ინტეგრირება.

თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას 4 სახელმწიფოზე ამახვილებს, ესენია: ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რუსეთი და ჩინეთი.

ჩრდილოეთ კორეა. მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად ბოლო დროს მიღწეული პროგრესისა, ჩრდილოეთ კორეა შეერთებული შტატებისთვის კვალავაც „განსაკუთრებულ საფრთხედ“ რჩება, რის გამოც აშშ-მ ყურადღება არ უნდა მოადუნოს. აქვე აღნიშნულია, რომ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ფხენიანმა საკუთარ ბირთვულ და ბალიტიკური რაკეტების პროგრამაში მნიშვნელოვანი რესურსები ჩადო და შეერთებული შტატების უსაფრთხოებას დაემუქრა.

ირანი. დოკუმენტის მიხედვით, ირანი ახლო აღმოსავლეთში დომინანტობის მოპოვებას ცდილობს და აქ არსებულ ამერიკულ გავლენას ბარიერად აღიქვამს. ირანს რეგიონში ყველაზე დიდი ბალისტიკური რაკეტების არსენალი აქვს და ის საკუთარ შესაძლებლოებებს ყოველდღიურად ავითარებს. მისი კონტინეტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა კი შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება.

რუსეთი. „რუსეთი აშშ-სა და ნატოს მისი რევიზიონისტული გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის პრინციპულ საფრთხედ აღიქვამს და მუდმივად ატარებს წვრთნებს, სადაც აშშ-ს წინააღმდეგ სიმულირებულ ბირთვულ თავდასხმებს ახორციელებს,“ ნათქვამია სარაკეტო თავდაცვის მიმოხილვის უახლეს რედაქციაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კრემლი საკუთარი სტრატეგიული დანიშნულებების რაკეტების მოდერნიზებას ახორციელებს. ტექსტის ავტორებს არც გასული წლის მარტის მოვლენები გამორჩენიათ, როდესაც რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში რუსეთი ახალ ზებგერით ბალისტიკურ რაკეტას მიიღებდა შეიარაღებაში.

ჩინეთი. ჩინეთის შემთხვევაში ხაზგასმულია, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანიის რეგიონიდან აშშ-ს გაძევებასა და არსებული წესრიგის თავის სასარგებლოდ შეცვლას ცდილობს. შეტევითი ხასიათის რაკეტები კი ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიხედვით, ჩინეთი 75-100 საკონტინეტთაშორის ბალისტიკური რაკეტის გარდა, ბირთვული რაკეტებით აღჭურვილ ძინის კლასის 4 წყალქვეშა ნავს ფლობს და საერთო ჯამში, ის აშშ-ს 125 ბირთვული რაკეტით ემუქრება, მაგრამ პეკინი კვლევებს კვლავაც განარძობს და საკუთარ შესაძლებლობებს დღითიდღე ზრდის.

ამ ქვეყნებიდან მომდინარე სარაკეტო საფრთხეებისგან გამოსავალს აშშ საკუთარი ანტისარაკეტო შესაძლებლობების უფრო მეტად გაძლიერებაში და პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ხედავს. დოკუმენტის მიხედვით, კოსმოსში სპეციალური სენსორების განთავსებაც იგეგმება, რომელმაც მოწინააღმდეგის რაკეტები უნდა აღმოაჩინოს.
+1
  • 20:12
  • 211
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image