ვენესუელას კრიზისი - ფაქტები მოკლედ

image
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვენესუელას სოციალისტური მთავრობები მართავენ. ნავთობის უდიდესი რეზერვების მიუხედავად, ქვეყანაში კატასტროფულად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა.
წლების განმავლობაში ვენესუელას სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის მთავარ წყაროს ნავთობის ექსპორტის შედეგად მიღებული ფული წარმოადგენდა. 2014 წელს ნავთობზე ფასების შემცირებამ და მთავრობის მიერ გატარებულმა სოციალისტურმა რეფორმებმა, ლათინური ამერიკის ერთ დროს ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ვითარების  გამოსწორების მიზნით მთავრობამ ფულის ბეჭდვა დაიწყო, რის შედეგადაც ეროვნული ვალუტა - ვენესუელური ბოლივარი გაუფასურდა და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.  

2014 წლიდან დღემდე ვენესუელა სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში არსებული ჰიპერინფალციის პირობებში საკვების, მედიკამენტების და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტია. 2018 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა 2 მილიონს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელს 10 000 000%-ს მიაღწევს. მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეთა უმრავლესობა სოციალუსტურ მთავრობას ადანაშაულებს. თავად მადურო და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში შეერთებულ შტატებს სდებენ ბრალს.

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა რომ ნიკოლას მადურო, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა 2013 წელს  უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა, მოსახლეობაში არაპოპულარული ლიდერია. ანტისამთავრობო გამოსვლები მადუროს რეჟიმისთვის უცხო არაა, თუმცა ძალოვანი სტრუქტურების ერთგულების ხარჯზე სოციალისტური მთავრობა ძალაუფლების შენარჩუნებას ამ დრომდე ახერხებს.
ოპოზიციის შევიწროვების, მედიის კონტროლისა და არჩევნების გაყალბების გზით მადურომ უკანასკნელ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება შეძლო. მისი ინაუგურაცია 2019 წლის 10 იანვარს შედგა, მაგრამ მისი ლეგიტიმაცია მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა.

23 იანვარს ოპოზიციის მთავარი ლიდერის და ვენესუელას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის - ხუან გუაიდოს ორგანიზებით მრავალათასიანი ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრაციის მიმდინარეობისას მან თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა და ფიციც დადო. გუაიდოს ამ ნაბიჯს საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილში მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა.

ხუან გუაიდოს ვენესუალეას პრეზიდენტად აღიარებს: აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, კანადა, ჩილე, პერუ, ეკვადორი, გვატემალა, კოსტა რიკა, ჰონდურასი, პანამა, პარაგვაი, საქართველო და ასევე „ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია - OAS.” გუაიდოს მხარდამჭერი განცხადებები ევროპის კავშირმაც გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მექსიკა, ბოლივია, კუბა, რუსეთი და თურქეთი ვენესუელას კანონიერ პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს აღიარებენ. მისი რეჟიმის მთავარი მოკავშირე - რუსეთი განვითარებულ მოვლენებში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილებით, ოპოზიციური ლიდერის პრეზიდენტად აღიარების გამო ვენესუელა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობებს წყვეტს და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი ეძლევათ.

ამჟამად დემონსტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით - 23 შტატში მიმდინარეობს. უკანასკნელი მონაცემებით, 22-23 იანვარს გამართული საპროტესტო აქციების შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

 
+1
  • 15:53
  • 208
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image