ჰუავეი აშშ-ს მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს

image
ფოტო: New York Post

ჩინურმა კომპანია - ჰუავეიმ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო. აშშ კავშირგაბმულობის ჩინურ გიგანტს ბრალს საბანკო მაქინაციებსა და ტექნოლოგიის მოპარვაში სდებს. " ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ კომპანიის წინაშე წაყენებული ყველა ბრალდებით. ჩვენ არ ჩაგვიდენია რაიმე უკანონო ქმედება. პლაგიატის საკითხი სამოქალაქო სასამართლომ ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვიტა. კომპანიისა და მისი ფინანსური დირექტორის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება უსაფუძვლოა" - ასეთია ჩინური კომპანიის ოფიციალური განცხადება.

განაჩენი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 28 იანვარს გამოიტანა, ორ ძირითად ბრალდებას ეყრდნობა: 1. ჰუავეი და მისი შვილობილი კომპანიები - Huawei Device USA და Skycom Tech ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნეს ურთიერთობებს აშშ-ს მიერ ქვეყნისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგაც ინარჩუნებდნენ. შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ, რომელმაც აშშ-ს მიერ სანქცირებულ ქვეყანასთან/ინდივიდებთან ბიზნეს გარიგებებში მონაწილეობა მიიღო, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ამერიკული ბაზარი. 2. მეორე ძირითადი ბრალდება ტექნოლოგიის მოპარვას ეხება. იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩინურმა გიგანტმა ამერიკული კომპანია - T-Mobile-სგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპარა, რომელიც შემდეგ საკუთარი სმარტფონის ფუნქციების გასაუმჯობესებლად გამოიყენა. ჯამში, აშშ-მ კომპანიას 23 ბრალდება წაუყენა.

განვითარებულ მოვლენებს სწრაფად გამოეხმაურა პეკინი. მთავრობის პრეს-სპიკერმა - გენგ შუანგმა განაცხადა, რომ შემთხვევას საფუძვლად "პოლიტიკური სარჩული უდევს". მისი აზრით, აშკარაა, რომ ვაშინგტონი ჩინურ კომპანიებზე წნეხის გაზრდას ცდილობს. აშშ-ს მხარი დაუჭირა კანადამაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა - ჯასტინ ტრუდომ ორშაბათს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ჯონ მაკალუმი დაითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ერთმანეთთან სავაჭრო ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. მხარეებმა ერთმანეთს 2018 წელს დაახლოებით 200 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქციაზე დაუწესეს ტარიფები. უკანასკნელ ხანებში, მისი ნეგატიური შედეგები ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის შესამჩნევი გახდა. ჩინეთის სავაჭრო სალდო აშშ-სთან მიმართებაში მუდმივად იზრდება. მიუხედავად ამისა, სავაჭრო ტარიფებმა ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა. 2018 წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე უფრო ნელი ტემპებით გაიზარდა. ივლის-სექტემბრის პერიოდში მშპ-ს ზრდამ წინა წლის მონაცემებთან შედარებით 6.5% შეადგინა, რაც სხვადასხვა საპროგნოზო მონაცემებზე ნაკლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი დაბალი კვარტლური მაჩვენებელი ჩინეთმა ბოლოს 2009 წელს, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე დააფიქსირა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გათვლებით, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 6.2 % - მდე შემცირდება.  
+2
  • 17:11
  • 99
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image