ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს

image
6 თებერვალს ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს, რაც ნიშნავს, რომ ზემოხსენებული სახელმწიფო ალიანსის 30-ე წევრი გახდება.

ნატო-ს 29 წევრი ქვეყნის მიერ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, მისი რატიფიცირება თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მიწვევის გადაწყვეტილება 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს, თუმცა, საბერძნეთმა აღნიშნულ ინიციატივას ვეტო დაადო. 

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთსა და FYROM-ს შორის მაკედონიის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა 1991 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთმა სუბიექტმა „მაკედონიის რესპუბლიკის“ სახელით დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

საბერძნეთი მეზობელი ქვეყნის კონსტიტუციურ დასახელებაში ტერმინ- მაკედონიის გამოყენებას წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, რადგან:
1. მაკედონურ ცივილიზაციას საკუთარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნევს;
2. ოფიციალური ათენი მიიჩნევდა, რომ  დასახელება საბერძნეთის იმავე სახელწოდების მქონე ჩრდილოეთ რეგიონის - მაკედონიის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველს შეიცავდა.

სახლწოდებასთან დაკავშირებული დავის შესახებ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, 2018 წლის 12 ივნისს საბერძნეთსა და FYROM-ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, FYROM-ის ახალი კონსტიტუციური სახელწოდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე (erga omnes), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება.

აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება 11 იანვარს FYROM-ის, ხოლო 25 იანვარს საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მოახდინა.
0
  • 21:52
  • 82
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image