ელიზაბეთ უორენი აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

image
ფოტო: Chip Somodevilla/Getty Images

შაბათს, 9 თებერვალს შეერთებული შტატების სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან ელიზაბეთ უორენმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

ელიზაბეთ უორენი წარმოშობით ოკლაჰომადანაა, თუმცა, აშშ-ს სენატში 2012 წლიდან მასაჩუსეტსის შტატს წარმოადგენს. სენატორობამდე ის ჰარვარდში სამართლის პროფესორი იყო. უორენი დემოკრატიული პარტიის წევრი 1990-იან წლებში გახდა, როდესაც კონკურენტი რესპუბლიკური პარტიის რიგები დატოვა. ის დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ნაწილს განეკუთვნება, რომელიც მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას ლობირებს.

სიტყვით გამოსვლისას სენატორმა უორენმა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და ამომრჩეველს ისეთი ამერიკის შექმნას დაპირდა, რომელიც „ყველასთვის იმუშავებს.“ მან დონალდ ტრამპი დაახასიათა, როგორც „უახლესი და ყველაზე ექსტრემალური სიმპტომი იმისა, რაც ამერიკაში ცუდი მოხდა.“  ელიზაბეთ უორენი დემოკრატიულ პარტიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევა. „ეს ჩვენი სიცოცხლისთვის ბრძოლაა, ბრძოლა ისეთი ამერიკის ასაშენებლად, სადაც ოცნებები ხდება, ამერიკისათის, რომელიც ყველასთვის მუშაობს.“ - აცხადებს უორენი.

სენატორ უორენსა და დონალდ ტრამპს შორის დიდი ხანია რაც დაძაბული ურთიერთობაა. მის განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ტრამპის გუნდში გამოხმაურება სწრაფადვე მოჰყვა. ტრამპის კამპანიის მენეჯერმა ბრედ პასკალმა განაცხადა, რომ „ამერიკელი ხალხი მის არაკეთილსინდისიერ კამპანიასა და სოციალისტურ იდეებს უარს ეტყვის, ეს გაზრდის გადასახადებს, მოკლავს სამუშაო ადგილებსა და გაანადგურებს ამერიკულ საშუალო კლასს.“

ბოლო პერიოდში სენატორ უორენის სახელი დნმ-ის სკანდალს უკავშირდება. ის აცხადებდა, რომ მისი წინაპრები ჩეროკის ტომის წარმომადგენლები იყვნენ, რის დასადასტურებლადაც საკუთარი დნმ-ის ტესტის შედეგები საჯაროდ გამოაქვეყნა. მის ამ მოქმედებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. უორენი ამერიკელმა ინდიელებმა და რესპუბლიკური პარტიის წევრებმაც გააკრიტიკეს. პრეზიდენტმა ტრამპმა მას „ყალბი პოკაჰონტასიც“ კი უწოდა. მსგავსი უარყოფითი რეაქციის შემდეგ ელიზაბეთ უორენმა ბოდიშიც მოიხადა.
0
  • 14:00
  • 25
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image