უილიამსონი: ბრიტანეთი ხისტი ძალის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

image
ფოტო: GETTY

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გევინ უილიამსონმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირის დატოვების შემდეგ გაერთიანებული სამეფო გლობალურ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეს და საჭიროების შემთხვევაში ხისტი ძალის გამოსაყენებლადაც მზად უნდა იყოს.

კვლევით ცენტრში „Royal United Services Institute“ სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მდივანი უილიამსონი მრავალ საკითხს შეეხო. რუსეთისა და ჩინეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავების აუცილებლობასან ერთად, მან აღნიშნა, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა მშპ-ს 2% თავდაცვისათვის უნდა დახარჯონ, ისე როგორც ეს ალიანსის სტანდარტებითაა გათვალისწინებული, ამავდროულად მან ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ „ყურადღება ევროპული არმიის შექმნის იდეისკენ არ გადაიტანონ.“

მოწინააღმდეგეების მიერ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის რყევის პარალელურად, უილიამსონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა სამხედრო შესაძლებლობები გაზარდოს და საკუთარ სამხედრო ძალებს მეტი „მასა და ლეტალურობა“ შესძინოს. მან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო „გლობალური ბრიტანეთის“ ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით ახალ სამხედრო ბაზებს ააშენებს და 2021 წლისთვის წყნარი ოკეანის რეგიონში ავიამზიდ „დედოფალ ელისაბედსა“ და F-35 სტელსის ტიპის ავიაგამანადგურებლების 2 ესკადრილიას გაგზავნის. რაც შეეხება რუსეთის პროვოკაციებს, ულიამსონის აზრით, ბრიტანეთის სამხედრო გაძლიერების პარალელურად, საკუთარი შესაძლებლობები ნატომაც უნდა გაზარდოს.

„ისტორიამ გვასწავლა, რომ კრიზისები მაშინ იწყება, როდესაც ის ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი. მზარდი გაურკვევლობის პარალელურად, ჩვენ სამოქმედოდ აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ. კიბერ საფრთხეების ზრდასთან ერთად, 1.9 მილიარდ ფუნტს, რომელსაც კიბერუსაფრთხოებაზე ვხარჯავთ, მნიშვნელოვან ინვესტიციებს დავამატებთ. მოწინააღმდეგეები ჩვენი და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გამოსაწვევად კიბერ შეტევებსა და დივერსიებს უფრო და უფრო აქტიურად იყენებენ. ჩვენი სამხედრო ძალების ყველაზე სწრაფი ტრანსფორმაცია, ტექნოლოგიური ცვლილებების შენარჩუნება და მისი მასისა და ლეტალურობის გაზრდა მინდა. საკუთარი სამხედრო ამბიციების არ უნდა შეგვრცხვეს. მოწინააღმდეგეების გაზრდილ ხარჯებსა და განვითარებულ ტექნოლოგიებს საწინააღმდეგო პასუხი უნდა გავცეთ. ამას თუ არ გავაკეთებთ, მომავალში როდესაც საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, სამოქმედოდ ნაკლები ვარიანტი გვექნება.“ - გევინ უილიამსონი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი.
+1
  • 15:22
  • 131
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image