სირიის იზოლაცია - აშშ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ზეწოლას ზრდის

image
ფოტო: GALLO/GETTY

“Reuters” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები ასადის რეჟიმზე საერთაშორისო იზოლაციის შესანარჩუნებლად სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე ზეწოლას ზრდის. ვაშინგტონის ამ პოლიტიკას მხარს საუდის არაბეთი და ყატარი უჭერენ, მაგრამ საკითხს განსხვავებულად უყურებს არაბთა გაერთიანებული საემიროები, რომელმაც გასული წლის დეკემბერში დამასკოში საკუთარი საელჩო თავიდან გახსნა.

ასადის რეჟიმზე საერთაშორისო ზეწოლა ქვეყანაში სამოქალაქო ომის გაჩაღებისთანავე დაიწყო. სახელმწიფოთა უმეტესობამ სირიაში საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობები დახურა, დამასკო არაბული ლიგიდან გაირიცხა და მეზობელმა სახელმწიფოებმა მასთან საზღვარი ჩაკეტეს, ამავდროულად აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ასადის რეჟიმს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.

სირიის სამოქალაქო ომში გარდატეხა 2015 წელს მოხდა, როდესაც კონფლიქტში რუსეთი ჩაერთო. რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით ბაშარ  ალ-ასადმა ხელისუფლების შენარჩუნება მოახერხა და რიგი არაბული სახელმწიფოები მასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე დაფიქრდნენ. არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მიაჩნია, რომ ამჟამად სირიაში არაბული გავლენა ნულის ტოლია, რაც ირანის მზარდი გავლენის პარალელურად სუნიტური არაბული სახელმწიფოების ინტერესებს მნიშვნელოვნად აზიანებს.

საემიროებში ფიქრობენ, რომ სირიაზე საკუთარი გავლენის აღსადგენად დიპლომატიური კავშირების დამყარება აუცილებელია. საპირისპიროდ, აშშ-ს და მის მთავარ რეგიონალურ მოკავშირე საუდის არაბეთს მიაჩნიათ, რომ ასადის რეჟიმზე საერთაშორისო იზოლაციის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც იზოლაციის პირობებში, ასადს ქვეყნის აღსადგენად უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ძალიან გაუჭირდება, მსგავსი რეალობა კი დასავლეთსა და არაბულ სახელმწიფოებს ომის შემდგომი სირიის ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში თანამონაწილეობის კარგ საშუალებას მისცემს.

უდიდესი ალბათობით, აშშ-სა და რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს, საუდის არაბეთის მხარდაჭერის გარეშე ასადის რეჟიმი საერთაშორისო ზეწოლისგან თავის დაღწევას ვერ მოახერხებს.
0
  • 17:34
  • 172
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image