პულვამას შეტაკება: ქაშმირში მიმდინარე სროლებს 4 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა

image
ფოტო: Al Jazeera

ქაშმირის რეგიონში მომხდარ შეტაკებას 4 ინდოელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. სროლები ინდოეთის მიერ კონტროლირებად პულვამას რეგიონში მიმდინარეობდა, სადაც ხუთშაბათს ტერორისტული აქტის შედეგად 40 ინდოელი პოლიციელი გარდაიცვალა. შედეგად, მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოებს - პაკისტანსა და ინდოეთს შორის არსებული ისედაც არასტაბილური ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა. ოფიციალურმა ისლამაბადმა ინდოეთში მყოფი ელჩი უკან გამოიწვია. პაკისტანი მომხდარ შეტაკებებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ქაშმირის კონფლიქტი 1947 წლიდან იწყება, როდესაც ბრიტანეთის ინდოეთის რელიგიური ნიშნით გაყოფის შედეგად ორი სუვერენული სახელმწიფო - ინდოეთი და პაკისტანი შეიქმნა. ბრიტანეთის მმართველობის დასრულების შემდეგ 1846 წელს შექმნილმა ჯამუსა და ქაშმირის სამთავრომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება გადაწყვიტა და ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოების - ინდოეთის ან პაკისტანის შემადგენლობაში შესვლაზე უარი განაცხადა. 1947 წელს პაკისტანის ნახევრად გასამხედროებული დანაყოფები ქაშმირში შეიჭრნენ და დედაქალაქი - სრინაგარი აიღეს. დელიმ სამხედრო დამხარების სანაცვლოდ, სამთავროს ინდოეთის შემადგენლობაში შესვლა მოსთხოვა, რაზეც ქაშმირის მაჰარაჯამ თანხმობა განაცხადა. მეზობელ სახელმწიფოს შორის არსებულ კონფლიქტს ისიც ამწვავებს, რომ ორივე ქვეყანა ბირთვულ იარაღს ფლობს. 1974 წელს ოფიციალურმა დელიმ პირველი ბირთვული იარაღი გამოსცადა, რაც პაკისტანის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად აღიქვა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო, რაც წარმატებით დააგვირგვინა 1998 წელს.

დღესდღეობით ქაშმირის 2/3-ს  ინდოეთი აკონტროლებს, 1/3-ს (აზად-ქაშმირი, გილგიტ-ბალტისტანი) - პაკისტანი, მცირე ნაწილს, რომელიც აღმოსავლეთით მდებარე აკსაი ჩინს მოიცავს - ჩინეთი.
0
  • 19:06
  • 125
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image