16 შტატი პრეზიდენტ ტრამპს სასამართლოში უჩივის

image
აშშ-მექსიკის საზღვარზე გამყოფი კედლის აშენებისთვის საჭირო თანხების მოსაძიებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 16 შტატი სასამართლოში უჩივის. კალიფორნიის ლიდერობით პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი კოლორადომ, კონექტიკუტმა, დელავერმა, ჰავაიმ, ილინოისმა, მეინმა, მერილენდმა, მინესოტამ, ნევადამ, ნიუ მექსიკომ, ნიუ ჯერსიმ, ნიუ იორკმა, მიჩიგანმა, ვირჯინიამ და ორეგონმა შეიტანეს. მათი აზრით, ამ საკითხზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა.

თავის მხრივ, მიგრაციისა და ნარკოტრეფიკის შესაჩერებლად პრეზიდენტს საუკეთესო გამოსავლად საზღვარზე კედლის აშენება მიაჩნია. მართალია, ოპოზიცია, მედია და მიგრაციის ექსპერტები ტრამპის განცხადებებს აკრიტიკებენ და მას რეალობის გაზვიადებაში ადანაშაულებენ, მაგრამ სამხრეთის საზღვარზე კედლის აგება პრეზიდენტის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, მისი შეუსრულებლობა, ან ამ საკითხის ირგვლის დემოკრატებთან დამარცხება ტრამპს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად უმცირებს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპი კედლის ასაშენებლად 5.7$ მილიარდს ითხოვდა, თუმცა, ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და მთავრობის ყველაზე გრძელი „შათდაუნის“ შემდეგ, კონგრესმა მას მექსიკის საზღვართან დამატებითი ბარიერების ასაგებად მხოლოდ 1.375$ მილიარდი გამოუყო. ამის შემდეგ, დამატებითი თანხების მოსაძიებლად, პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც მას კონგრესის გვერდის ავლით სხვადასხვა სამთარობო ფონდებთან წვდომის საშუალებას აძლევს. ტრამპი იმედოვნებს, რომ სამხრეთის საზღვარზე კედლის ასაშნებლად 8$ მილიარდის მობილიზებას შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდებოდა.
0
  • 13:10
  • 94
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image