ტრამპი ვენესუელას არმიას მადუროს წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებს

image
ფოტო: PBS

აშშ-ს პრეზიდენტი ვენესუელას არმიას მოქმედი პრეზიდენტის - ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებს. ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოს მზერა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებისკენაა მიმართული. მისი აზრით, მადუროს რეჟიმის ერთგული მოქალაქეები გაუცნობიერებლად საკუთარ მომავალს ეჭვქვეშ აყენებენ. " მე ვთხოვ მადუროს რეჟიმის ყველა ერთგულ მომხრეს: დაასრულეთ სიღარიბით, შიმშილობითა და სიკვდილით სავსე კოშმარი. ნება მიეცით თავისუფალს ხალხს საკუთარი გზა თვითონ აირჩიონ. დროა ვენესუელას ყველა პატრიოტმა ერთად იმოქმედოს, როგორც გაერთიანებულმა ძალამ. არაფერი უნდა იყოს ვენესუელას მომავალზე უფრო ბრწყინვალე და კაშკაშა" - ეს იყო ის გზავნილები, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვაში გამოიკვეთა.

ვენესუელას მოქმედმა პრეზიდენტმა - ნიკოლას მადურომ ტრამპის გამოსვლა მკაცრად გააკრიტიკა და იგი " თითქმის ნაცისტური რიტორიკის" გამოყენებაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმპერიალისტური ქვეყნების მცდელობებისა ააჯანყონ სამხედროები, ვენესუელას არმია ქვეყნის ერთგულია და ამგვარ პროვოკაციებს არ წამოეგება. მადურო ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი მოქალაქეები, რომ აჯანყება შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის კონტრპროდუქტიული იქნება.

23 იანვარს ოპოზიციის მთავარი ლიდერის და ვენესუელას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის - ხუან გუაიდოს ორგანიზებით მრავალათასიანი ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრაციის მიმდინარეობისას მან თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა და ფიციც დადო. გუაიდოს ამ ნაბიჯს საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილში მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა.

ხუან გუაიდოს ვენესუალეას პრეზიდენტაც აღიარებს: აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, კანადა, ჩილე, პერუ, ეკვადორი, გვატემალა, კოსტა რიკა, ჰონდურასი, პანამა, პარაგვაი, საქართველო და ასევე „ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია - OAS.” გუაიდოს მხარდამჭერი განცხადებები ევროპის კავშირმაც გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მექსიკა, ბოლივია, კუბა, რუსეთი და თურქეთი ვენესუელას კანონიერ პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს აღიარებენ. მისი რეჟიმის მთავარი მოკავშირე - რუსეთი განვითარებულ მოვლენებში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.

წლების განმავლობაში ვენესუელას სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის მთავარ წყაროს ნავთობის ექსპორტის შედეგად მიღებული ფული წარმოადგენდა. 2014 წელს ნავთობზე ფასების შემცირებამ და მთავრობის მიერ გატარებულმა სოციალისტურმა რეფორმებმა, ლათინური ამერიკის ერთ დროს ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ვითარების  გამოსწორების მიზნით მთავრობამ ფულის ბეჭდვა დაიწყო, რის შედეგადაც ეროვნული ვალუტა - ვენესუელური ბოლივარი გაუფასურდა და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.  

2014 წლიდან დღემდე ვენესუელა სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში არსებული ჰიპერინფალციის პირობებში საკვების, მედიკამენტების და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტია. 2018 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა 2 მილიონს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელს 10 000 000%-ს მიაღწევს. მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეთა უმრავლესობა სოციალუსტურ მთავრობას ადანაშაულებს. თავად მადურო და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში შეერთებულ შტატებს სდებენ ბრალს.
0
  • 19:14
  • 97
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image