ვენესუელას საზღვარზე არმიასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება დაიწყო

image
ფოტო: Al Arabiya

24 თებერვალს, გამთენიისას ვენესუელას საზღვარზე არმიასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა - ნიკოლას მადურომ გადაწყვიტა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება არ შემოეშვა. ვენესუელას საზღვარზე მობილიზებულმა ჯარისკაცებმა დემონსტრანტებს, რომლებიც ჰუმანიტარული ტვირთის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსეს. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შეტაკებას სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათეულობით ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. შედეგად, მადურომ ბრაზილიასა და კოლუმბიასთან საერთო საზღვრის უდიდესი ნაწილი ჩაკეტა.

განვითარებულ მოვლენებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი - მაიკ პომპეო გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში მან მადუროს მოქმედებებს „ავადმყოფური“ უწოდა. „ ჩვენ საჯაროდ ვგმობთ მადუროს გადაწყვეტილებას არ შეუშვას ჰუმანიტარული დახმარება ქვეყანაში. რომელი ავადმყოფი ტირანი ეუბნება უარს ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელსაც მშიერი მოქალაქეების დაპურება შეუძლია?“  - ასე შეაფასა საზღვართან განვითარებული მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

23 იანვარს ოპოზიციის მთავარი ლიდერის და ვენესუელას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის - ხუან გუაიდოს ორგანიზებით მრავალათასიანი ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრაციის მიმდინარეობისას მან თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა და ფიციც დადო. გუაიდოს ამ ნაბიჯს საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილში მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა.

ხუან გუაიდოს ვენესუელას პრეზიდენტად აღიარებს: აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, კანადა, ჩილე, პერუ, ეკვადორი, გვატემალა, კოსტა რიკა, ჰონდურასი, პანამა, პარაგვაი, საქართველო და ასევე „ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია - OAS.” გუაიდოს მხარდამჭერი განცხადებები ევროპის კავშირმაც გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მექსიკა, ბოლივია, კუბა, რუსეთი და თურქეთი ვენესუელას კანონიერ პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს აღიარებენ. მისი რეჟიმის მთავარი მოკავშირე - რუსეთი განვითარებულ მოვლენებში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.

წლების განმავლობაში ვენესუელას სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის მთავარ წყაროს ნავთობის ექსპორტის შედეგად მიღებული ფული წარმოადგენდა. 2014 წელს ნავთობზე ფასების შემცირებამ და მთავრობის მიერ გატარებულმა სოციალისტურმა რეფორმებმა, ლათინური ამერიკის ერთ დროს ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ვითარების  გამოსწორების მიზნით მთავრობამ ფულის ბეჭდვა დაიწყო, რის შედეგადაც ეროვნული ვალუტა - ვენესუელური ბოლივარი გაუფასურდა და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.

2014 წლიდან დღემდე ვენესუელა სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში არსებული ჰიპერინფალციის პირობებში საკვების, მედიკამენტების და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტია. 2018 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა 2 მილიონს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელს 10 000 000%-ს მიაღწევს. მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეთა უმრავლესობა სოციალისტურ მთავრობას ადანაშაულებს. თავად მადურო და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში შეერთებულ შტატებს სდებენ ბრალს.
0
  • 12:48
  • 112
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image