ტრამპი კიმ ჩენ-ინთან შესახვედრად ვიეტნამში ჩავიდა

image
ფოტო: CNN.COM

აშშ-ს პრეზიდენტი ვიეტნამის დედაქალაქ - ჰანოიში იმყოფება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპი ვიეტნამის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ვიეტნამის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ვიეტნამი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩრდილოეთ კორეა, თუ ის ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის". " მე და კიმი კმაყოფილები ვართ ვიეტნამში შეხვედრისა და მნიშვნელოვან თემებზე საუბრის შესაძლებლობისთვის და ამისათვის უდიდესი მადლობა ამ დიდებული ქვეყნის ხელისუფლებას. ვიეტნამი უკანასკნელ წლებში ეკონომიკურად სწარაფად განვითარდა. ვფიქრობ, ის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს ჩრდილოეთ კორეაში, თუ ის ბირთვულ იარაღზე სამუდამოდ უარს იტყვის".

ისტორიულ შესაძლებლობაზე ისაუბრა ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა - ნგუიენ ხუან პჰუკიმაც. მან აღნიშნა, რომ ენერგიას არ დაზოგავს, რათა ვიეტნამმა ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას მაღალ დონეზე უმასპინძლოს. "ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობის მნიშვნელობას და ენერგიას არ დავზოგავთ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. მივესალმებით რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პერსპექტივას" - განაცხადა ვიეტნამის პრემიერმა.
გარდა ამისა, აშშ-სა და ვიეტნამის პრეზიდენტებმა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს. ამერიკულ და ვიეტნამურ ავიაკომპანიებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაც გაფორმდა, რომელიც ავიაინდუსტრიასა და ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ცხადია, პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაანახოს ჩრდილოეთ კორეას, რომ ბირთვული განიარაღების შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესის მიღწევა შეუძლია. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დათბობის კარგი შესაძლებლობა არსებობს. სამიტის ვიეტნამში გამართვა შეერთებული შტატებისთვის საკმაოდ სიმბოლურია - აშშ 1964-1973 წლებში მიმდინარე ვიეტნამის ომში სასტიკად დამარცხდა, თუმცა, 1990-იან წლებში ამერიკული დიპლომატიის ძალისხმევით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამი გაერთიანდა და აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ტრამპის აზრით, შესაძლოა მსგავსი სცენარი განვითარდეს ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაშიც.

1950-53 წლებში მიმდინარე ომის შედეგად კორეა ორ ნაწილად გაიყო. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. თუმცა, უკანასკნელ ხანებში მხარეებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. 12 ივნისს სინგაპურში გამართულ ისტორიულ სამიტზე ორი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას გულისხმობს. გარდა ამისა, აგვისტოში მუნ ჯაე-ინიმ ჩრდილოელი კოლეგის მოწვევა მიიღო და გახდა პირველი სამხრეთ კორეელი ლიდერი, რომელიც 1953 წლის შემდეგ ფხენიანში ჩავიდა. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონის მტკიცებით, ფხენიანს ბირთვული იარაღის შექმნაზე უარი არ უთქვამს. ამერიკულ მედიაში დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს. ოქტომბერში ქვეყნის ლიდერი - კიმ ჩენ-ინი ახალი, მაღალტექნოლოგიური ტაქტიკური იარაღის წარმატებულ გამოცდას დაესწრო და შესრულებული სამუშაოს გამო კმაყოფილება გამოთქვა. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია რა სახის იარაღზეა საუბარი, თუმცა, სამხრეთ კორეის შეფასებით, ის ბირთვული არ უნდა იყოს, რადგანაც ჩრდილოეთ კორეული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იარაღის „სტრატეგიულ დანიშნულებაზე“ არაფერია ნათქვამი.
0
  • 10:18
  • 86
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image