ნიგერიაში არჩევნები დასრულდა

image
ფოტო: BBC

ნიგერიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ნიგერიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მასში მოქმედმა პრეზიდენტმა - მუჰამადუ ბუჰარიმ გაიმარჯვა. 76 წლის პოლიტიკოსმა არჩევნებში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და წამყვანი ოპოზიციონერი - ატიკუ აბუბაქარი ხმების მნიშვნელოვანი სხვაობით (4 მილიონი) დაამარცხა. გარდა ამისა, ბუჰარის "პროგრესულმა კონგრესმა" ქვეყნის 36 რეგიონიდან 19-ში დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაშინ, როდესაც აბუბაქარის "სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" ქვეყნის დანარჩენ 17 შტატში, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ - აბუჯაში ბუჰარის პარტის დამარცხება მოახერხა. საერთო ჯამში, "პროგრესულმა კონგრესმა" 15.2 მილიონი ხმა მოაგროვა, მაშინ, როდესაც "სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" 11.3 მილიონი ხმა მიიღო.

დამოუკიდებელი დამკვირვებლების უმეტესობა თვლის, რომ არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა, რაც საკმაოდ მოულოდნელია რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით. "ახალი ადმინისტრაცია შეეცდება ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრას, ისევე, როგორც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კორუფციის დამარცხებას" - განაცხადა ბუჰარიმ მას შემდეგ, რაც მისი გამარჯვება ნიგერიის საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაადასტურა.

უნდა ითქვას, რომ ბუჰარი მოსახლეობის აზრით, საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო ფიგურაა. მისი მხარდამჭერები თვლიან, რომ პრეზიდენტმა I ვადის მანძილზე თავი კარგად გაართვა გამოწვევებს და ყველა მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა, მათ შორის ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა და შეასუსტა ტერორისტული ორგანიზაცია - ბოკო ჰარამის პოზიციები. ბუჰარის მოწინააღმდეგეები მას ბრალს ავტორიტარიზმისადმი სიმპატიებში და ენერგორესურსების არაეფექტურ გამოყენებაში სდებენ.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიის მოსახლეობა 190 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე პირველია. ნიგერია აფრიკულ ქვეყნებს შორის უმსხვილესი ნავთობექსპორტიორია. დღესდღეობით, ქვეყანაში 3 უმნიშვნელოვანესი პრობლემაა: 1. უსაფრთხოების საკითხები - ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დღემდე ტერორისტული ორგანიზაცია - "ბოკო ჰარამის" ხელშია; 2. ეკონომიკური რეცესია - ბოლო წლებში ნიგერიის ეკონომიკური ზრდის ტემპი საგრძნობლად შენელდა. უმუშევართა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 19%-ს შეადგენს (36 მილიონი ადამიანი); 3. კორუფცია - ნიგერია მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა, კორუფციის მაღალი დონე და არაეფექტური მმართველობა მას ხელს უშლის შესაბამისი ეკონომიკური სარგებლის მიღებაში. 
0
  • 11:06
  • 26
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image