პაკისტანმა ქაშმირში ინდური ავიაგამანადგურებლები ჩამოაგდო - ორი ბირთვული სახელმწიფო ომის ზღვარზეა

image
ფოტო: Stars and Stripes

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობამ დუღილის წერტილს მიაღწია, მას შემდეგ, რაც პაკისტანის საჰაერო თავდაცვითმა ძალებმა ქაშმირის ტერიტორიაზე ორი ინდური ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. პაკისტანის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა - აშიფ გაფურმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა, რომ ერთი ინდური ავიაგამანადგურებელი ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად სივრცეში, ხოლო მეორე მათგანი ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გენერალ-მაიორის განცხადებით, დაკავებულია ერთი ინდოელი პილოტი. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინდური ავიაგამანადგურებლების ჩამოგდება მიზნად არ ისახავდა სამშაბათს ინდოეთის მიერ პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებულ წერტილოვან საჰაერო დარტყმებზე საპასუხო შურისძიებას, რომელიც ინდოეთის ხელისუფლების თქმით, ტერორისტების გასანეიტრალებლად ჩატარდა. "ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედების მიზანი იყო თავდაცვის უფლების დემონსტრირება - ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ მომდინარე საფრთხეებისგან ეფექტურად თავდაცვა შეგვიძლია. ჩვენი მიზანი არაა ვითარების ესკალაცია, თუმცა, მოვლენების განვითარების ამგვარი სცენარისთვისაც მზად ვართ. სწორედ ამას ემსახურებოდა პაკისტანის საჰაერო თავდაცვითი ძალების მოქმედებები" - ასეთია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება.

ინდოეთის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით განცხადება, ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სუშმა სვარაჯიმ რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ინდოეთს არ სურს საომარი მდგომარეობის პროვოცირება". მისი თქმით, სამშაბათს განხორციელებული სარაკეტო დარტმები ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული წინმსწრები თავდასხმა იყო, რომელსაც არ აქვს კავშირი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ურთიერთობებზე.

ქაშმირის კონფლიქტი 1947 წლიდან იწყება, როდესაც ბრიტანეთის ინდოეთის რელიგიური ნიშნით გაყოფის შედეგად ორი სუვერენული სახელმწიფო - ინდოეთი და პაკისტანი შეიქმნა. ბრიტანეთის მმართველობის დასრულების შემდეგ 1846 წელს შექმნილმა ჯამუსა და ქაშმირის სამთავრომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება გადაწყვიტა და ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოების - ინდოეთის ან პაკისტანის შემადგენლობაში შესვლაზე უარი განაცხადა. 1947 წელს პაკისტანის ნახევრად გასამხედროებული დანაყოფები ქაშმირში შეიჭრნენ და დედაქალაქი - სრინაგარი აიღეს. დელიმ სამხედრო დამხარების სანაცვლოდ, სამთავროს ინდოეთის შემადგენლობაში შესვლა მოსთხოვა, რაზეც ქაშმირის მაჰარაჯამ თანხმობა განაცხადა. მეზობელ სახელმწიფოს შორის არსებულ კონფლიქტს ისიც ამწვავებს, რომ ორივე ქვეყანა ბირთვულ იარაღს ფლობს. 1974 წელს ოფიციალურმა დელიმ პირველი ბირთვული იარაღი გამოსცადა, რაც პაკისტანის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად აღიქვა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო, რაც წარმატებით დააგვირგვინა 1998 წელს.

დღესდღეობით ქაშმირის 2/3-ს  ინდოეთი აკონტროლებს, 1/3-ს (აზად-ქაშმირი, გილგიტ-ბალტისტანი) - პაკისტანი, მცირე ნაწილს, რომელიც აღმოსავლეთით მდებარე აკსაი ჩინს მოიცავს - ჩინეთი.
0
  • 12:24
  • 83
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image