კიმ ჩენ-ინი: ბირთვული განიარაღებისთვის მზად ვართ

image
ფოტო: WashingtonPost

ვიეტნამში აშშ-ს პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა მიმდინარეობს. პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვაზე იყო მზადაა, თუ არა ბირთვული განიარაღებისთვის, კიმ ჩენ-ინმა განაცხადა: "ბირთვულ განიარაღებისთვის მზად რომ არ ვყოფილიყავი, დღეს აქ ვერ მიხილავდით". ამ მოკლე რეპლიკის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ "შესაძლოა ეს იყო საუკეთესო სიტყვები, რაც კი ოდესმე მოუსმენია". "აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ასეთი კარგი არასდროს ყოფილა. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, ჩვენ აუცილებლად გავაფორმებთ შეთანხმებას, რომელიც საუკეთესო ვარიანტი იქნება თავმჯდომარე კიმისა და მისი ქვეყნისთვის. მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას დიდი მომავალი აქვს" - ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა დონალდ ტრამპმა.

გარდა ამისა, მხარეები სამომავლოდ ფხენიანში აშშ-ს დიპლომატიური ოფისის გახსნის შესაძლებლობასაც განიხილავენ. ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა დაუშვას ფხენიანში შეერთებული შტატების ოფისის გახსნა, კიმმა განაცხადა, რომ მიესალმება იდეას, თუმცა, მის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება. "არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება დღეს, ან ხვალ. აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობას საძირკველი უკვე ჩაეყარა და ყველაფერი საუკეთესოდ მიმდინარეობს" - ასე შეაფასა ჰანოიში მიმდინარე სამიტი აშშ-ს პრეზიდენტმა.

ვიეტნამში მიმდინარე სამიტს აქტიურად აკვირდებიან სეულში. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა - მუნ ჯაე ინიმ მედიასთან საუბრისას პარასკევს სამიტის შემაჯამებელ განცხადების გავრცელება დაანონსა. "ბუნებრივია, მივესალმებით ჰანოიში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრას. მჯერა, რომ მტრობა წარსულში დარჩება და სულ მალე ახალ, ერთიან კორეულ რეჟიმს ჩაეყრება საფუძველი".

პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეა, რომ ბირთვული განიარაღების შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესის მიღწევა შეუძლია. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დათბობის კარგი შესაძლებლობა არსებობს. სამიტის ვიეტნამში გამართვა შეერთებული შტატებისთვის საკმაოდ სიმბოლურია - აშშ 1964-1973 წლებში მიმდინარე ვიეტნამის ომში სასტიკად დამარცხდა, თუმცა, 1990-იან წლებში ამერიკული დიპლომატიის ძალისხმევით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამი გაერთიანდა და აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ტრამპის აზრით, შესაძლოა მსგავსი სცენარი განვითარდეს ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაშიც.

1950-53 წლებში მიმდინარე ომის შედეგად კორეა ორ ნაწილად გაიყო. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. თუმცა, უკანასკნელ ხანებში მხარეებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. 12 ივნისს სინგაპურში გამართულ ისტორიულ სამიტზე ორი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას გულისხმობს. გარდა ამისა, აგვისტოში მუნ ჯაე-ინიმ ჩრდილოელი კოლეგის მოწვევა მიიღო და გახდა პირველი სამხრეთ კორეელი ლიდერი, რომელიც 1953 წლის შემდეგ ფხენიანში ჩავიდა. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონის მტკიცებით, ფხენიანს ბირთვული იარაღის შექმნაზე უარი არ უთქვამს. ამერიკულ მედიაში დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს. ოქტომბერში ქვეყნის ლიდერი - კიმ ჩენ-ინი ახალი, მაღალტექნოლოგიური ტაქტიკური იარაღის წარმატებულ გამოცდას დაესწრო და შესრულებული სამუშაოს გამო კმაყოფილება გამოთქვა. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია რა სახის იარაღზეა საუბარი, თუმცა, სამხრეთ კორეის შეფასებით, ის ბირთვული არ უნდა იყოს, რადგანაც ჩრდილოეთ კორეული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იარაღის „სტრატეგიულ დანიშნულებაზე“ არაფერია ნათქვამი.
0
  • 10:07
  • 60
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image