ინდოეთი პაკისტანისგან დაკავებული პილოტის გათავისუფლებას მოითხოვს

image
ფოტო: Business-standard.com

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა იზრდება. მეზობელი ქვეყნები სულ უფრო აგრესიულ რიტორიკას აჟღერებენ. ინდოეთის ხელისუფლებამ პაკისტანს დაკავებული პილოტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა. ინდოეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე ოფიციალურ ისლამაბადს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. შესაძლოა, პაკისტანმა ინდოეთის ხელისუფლების მოთხოვნა ულტიმატუმად ჩათვალოს, რაც საგრძნობლად გააუარესებს ისედაც უკიდურესად დაძაბულ ვითარებას.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობამ დუღილის წერტილს მიაღწია, მას შემდეგ, რაც პაკისტანის საჰაერო თავდაცვითმა ძალებმა ქაშმირის ტერიტორიაზე ორი ინდური ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. პაკისტანის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა - აშიფ გაფურმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა, რომ ერთი ინდური ავიაგამანადგურებელი ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად სივრცეში, ხოლო მეორე მათგანი ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გენერალ-მაიორის განცხადებით, დაკავებულია ერთი ინდოელი პილოტი. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინდური ავიაგამანადგურებლების ჩამოგდება მიზნად არ ისახავდა სამშაბათს ინდოეთის მიერ პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებულ წერტილოვან საჰაერო დარტყმებზე საპასუხო შურისძიებას, რომელიც ინდოეთის ხელისუფლების თქმით, ტერორისტების გასანეიტრალებლად ჩატარდა. "ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედების მიზანი იყო თავდაცვის უფლების დემონსტრირება - ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ მომდინარე საფრთხეებისგან ეფექტურად თავდაცვა შეგვიძლია. ჩვენი მიზანი არაა ვითარების ესკალაცია, თუმცა, მოვლენების განვითარების ამგვარი სცენარისთვისაც მზად ვართ. სწორედ ამას ემსახურებოდა პაკისტანის საჰაერო თავდაცვითი ძალების მოქმედებები" - ასეთია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება.

ქაშმირის კონფლიქტი 1947 წლიდან იწყება, როდესაც ბრიტანეთის ინდოეთის რელიგიური ნიშნით გაყოფის შედეგად ორი სუვერენული სახელმწიფო - ინდოეთი და პაკისტანი შეიქმნა. ბრიტანეთის მმართველობის დასრულების შემდეგ 1846 წელს შექმნილმა ჯამუსა და ქაშმირის სამთავრომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება გადაწყვიტა და ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოების - ინდოეთის ან პაკისტანის შემადგენლობაში შესვლაზე უარი განაცხადა. 1947 წელს პაკისტანის ნახევრად გასამხედროებული დანაყოფები ქაშმირში შეიჭრნენ და დედაქალაქი - სრინაგარი აიღეს. დელიმ სამხედრო დამხარების სანაცვლოდ, სამთავროს ინდოეთის შემადგენლობაში შესვლა მოსთხოვა, რაზეც ქაშმირის მაჰარაჯამ თანხმობა განაცხადა. მეზობელ სახელმწიფოს შორის არსებულ კონფლიქტს ისიც ამწვავებს, რომ ორივე ქვეყანა ბირთვულ იარაღს ფლობს. 1974 წელს ოფიციალურმა დელიმ პირველი ბირთვული იარაღი გამოსცადა, რაც პაკისტანის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად აღიქვა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო, რაც წარმატებით დააგვირგვინა 1998 წელს.
0
  • 11:16
  • 43
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image