კავკასიის რუსიფიკაციის პუტინისეული გეგმა

image
კავკასიის რუსიფიკაციის პუტინისეული გეგმა
ავტორი: ნილ ჰაუერი 
თარგმანი: გიგა ჯოხაძე
მომზადებულია “Foreign Affairs”-ის სტატიის მიხედვით


რუსეთის შიდა პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებებია. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პარალელურად, დუმამ 2018 წლის 19 ივნისს მიიღო კანონი, რომელიც  რუსეთში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ეთნოსის ენობრივ უფლებებს ეხება. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ფედერალური სუბიექტები საკუთრივ რუსულის გარდა, დამატებით 34 ენაზე საუბრობენ. ახალი კანონის მიხედვით, რუსეთის მულტილინგვისტურ რეგიონებში ადგილობრივი ენის სწავლება კვირაში 2 საათით განისაზღვრა. გასული წლის ივლისში, რუსეთის ერთ-ერთი რესპუბლიკის, მარი ელის (Mari El) დედაქალაქში სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ენა ერის „სულიერი ჩარჩოა“, რომლის ჩანაცვლება რომელიმე სხვა ენით სრულიად დაუშვებელია. მიღებული კანონის ძირითადი მიზანი ქვეყანაში არსებული მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების რუსიფიკაციაა. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან, პუტინმა ფედერაციის პერიფერიულ რეგიონებზე მოსკოვის კონტროლის გაძლიერება სცადა. რუსეთის ლიდერმა 1994 წელს ბორის ელცინის მიერ თათრეთის რესპუბლიკასთან გაფორმებული  შეთანხმების გადახედვა და ახალი, მოსკოვისთვის უფრო მომგებიანი შეთანხმებით შეცვლა მოახერხა. ზემოხსენებული ხელშეკრულება თათრეთის რესპუბლიკას ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციისა და საკუთარი ენით სარგებლობის უფლებას აძლევდა. 2007 წელს აღნიშნული შეთანხმება გადაიხედა და ძალაში 2017 წელს შევიდა. მარი ელში პუტინის გამოსვლამ და ენის შესახებ კანონის მიღებამ კრემლის გზავნილი უფრო მკაფიო გახადა: ფედერალურ სუბიექტებში ადგილობრივი ენების გავლენის შემცირება და მისი რუსული ენით ჩანაცვლება. ახალი კანონის მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ერების იდენტობის შესუსტებაა. გასული საუკუნის ბოლოს აქ არსებულმა ნაციონალიზმმა პუტინს დიდი პრობლემები შეუქმნა, აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი კავკასიაში პროტესტის ახალი ტალღის წარმოქმნას უფრთხის. პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის 18 წლიანი პერიოდი არსებული ქაოსიდან გამოსვლითა და შედარებითი სტაბილურობით ხასიათდება. ყველაზე უკეთ ეს სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში გამოჩნდა. პრეზიდენტის რანგში პუტინის პირველი მოქმედება ჩეჩნეთთან მეორე ომის დაწყება იყო. აღნიშნულმა ომმა ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის - იჩქერიის მსოფლიო რუკიდან გაქრობა და მოსახლეობის დიდი ნაწილის ფიზიკური განადგურება გამოიწვია. კრემლისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ეთნიკური ჯგუფები, თავისი მრავალფეროვანი ტრადიციებითა და განსხვავებული იდენტობით საფრთხის შემცველია. მოსკოვი მოსახლეობაში ადგილობრივი ენების გავლენის შემცირებას და მათი რუსული ენით ჩანაცვლებას ცდილობს. კრემლის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის ადგილობრივ ენებს გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებს. ზოგიერთ რეგიონში არარუსული ენობრივი პროგრამების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. უკანასკნელ ათწლეულში ჩრდილოეთ კავკასიაში ადგილობრივი ენების სწავლების დრო 50 %-ზე მეტით შემცირდა და ეს ტენდენცია შეუქცევადია.
საინტერესოა ისიც, რომ დუმაში ახალი კანონის განხილვისას ჩრდილოეთ კავკასიის არცერთმა წარმომადგენელმა კანონის წინააღმდეგ ხმა არ მისცა. პუტინის მმართველობის ერთ-ერთი მახასიათებელი რეჟიმის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანების დაწინაურება და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნაა. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით რუსეთის მოქალაქეებზე. ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობაში კანონის მიღების შემდეგ მოსკოვის მიმართ უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შიშობს, რომ ადგილობრივ წარმომადგენლებს არ შეუძლიათ, ან არ სურთ მოსახლეობის ნების აღსრულება. ჩეჩნეთში მცხოვრები მასწავლებლები  ამ მდგომარეობას მიუღებელს უწოდებენ და "დასასრულის დასაწყისზე"  საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ ჩერქეზთა საერთაშორისო ორგანიზაცია ბოიკოტს უცხადებს მიღებულ კანონს და არსებული შეთანხმების ახალი, ეროვნულ უმცირესობებზე მაქსიმალურად მორგებული კანონით ჩანაცვლებას მოითხოვს. ინგუშეთში სამოქალაქო საზოგადოება  მიღებულ კანონს "ცინიკურ დისკრიმინაციას" უწოდებს. ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა, ვიაჩესლავ ბიტაროვმა განაცხადა, რომ მიღებული კანონის მიუხედავად, სკოლებში ოსურის სწავლებას მაინც გაგრძელდება. მიღებული კანონი ყაბარდო-ბალყარებმაც უარყვეს. ნალჩიკის ხანდაზმული მოსახლეობა წუხს იმის გამო, რომ მათ შთამომავლებს მშობლიურ ენაზე საუბარი არ შეუძლია.
ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა პოპულარული სოციალური მედია „Vkontakte” 7 ჩრდილოკავკასიურ ენაზე თარგმნა. ინგუშეთში სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს პროექტი, რომელიც ანიმაციური ფილმების ინგუშურ ენაზე გადათარგმნას და ჩვენებას ითვალისწინებს. ისტორიულად ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი ენების აკრძალვა ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს მუდმივად აუარესდებდა. ასეთი გადაწყვეტილების შედეგად რეგიონებში თავს იჩენს პროტესტის გრძნობა და  მოსახლეობა ენის, როგორც საკუთარი კულტურისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილის შენარჩუნებას ცდილობს. სწორედ ამას ვხედავთ ჩრდილოეთ კავკასიაში.
მოსკოვისა და ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ცარისტულმა რუსეთმა კავკასია სრულად 1864  წელს დაიმორჩილა. დაპყრობები განსაკუთრებულად სისხლისმღვრელი აღმოჩნდა. რუსეთის იმპერიასთან ომს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის - ჩერქეზების 90% შეეწირა. იგივე მოხდა ჩეჩნეთისა და დაღესტნის შემთხვევაშიც. ცარისტულ რუსეთში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და სურვილები გათვალისწინებული არ იყო - ხელისუფლება მათ მეორე კლასის მოქალაქეებად აღიქვამდა და დიდ ქალაქებში დასახლებას უკრძალავდა. თუმცა, იმპერია ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი ტრადიციების შენარჩუნების საშუალებას აძლევდა.
საბჭოთა კავშირმა ეთნიკური პრობლემის მოგვარება მოჩვენებითი დეცენტრალიზაციით სცადა. მოსკოვმა ადგილობრივ ხელისუფლებებს ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსი მიანიჭა. თუმცა, რუსული ხელისუფლება ეთნიკური დაყოფის პოლიტიკას განაგრძობდა. 1922 წელს ერებისა და ხალხების სახალხო კომისარმა იოსებ სტალინმა ჩერქეზები ხელოვნურად დაყო 3 ჯგუფად: ადიღელებად, ჩერქეზებად და ყაბარდოელებად, მიუხედავად იმისა, რომ ამ 3 ჯგუფს შორის მხოლოდ მცირე დიალექტური განსხვავება არსებობდა. ეროვნული ცნობიერების განადგურების კიდევ ერთი გზა გადასახლება იყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, აწ უკვე სსრკ-ს ლიდერმა, სტალინმა ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები და სხვა ჩრდილოკავკასიური ერები ყაზახეთის სტეპებში გადაასახლა. ეს იყო რეგიონში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის ხელოვნურად შეცვლისა და კავკასიელებისთვის ეროვნული იდენტობის მოსპობის ერთ-ერთი მეთოდი. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც (1957 წელი), მოსკოვი აგრძელებდა რეგიონში ეთნიკურად რუსი მოქალაქეების ჩასახლებას. განსაკუთრებით ბევრი რუსი ჩეჩნეთში დასახლდა.
ჩრდილოეთ კავკასიის რუსიფიკაციის მცდელობის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის პერიოდში მოსახლეობას ადგილობრივ ენაზე განათლების მიღება თავისუფლად შეეძლო. ახალი კანონის მიღებით, ვლადიმერ პუტინი ცარისტულ და საბჭოთა რეჟიმებზე შორს მიდის და ჩრდილო კავკასიის მოსახლეობას საკუთარ ენებზე განათლების მიღებას თითქმის მთლიანად უკრძალავს.
ენის შესახებ მიღებული კანონი მოსკოვსა და ჩრდილო კავკასიას შორის გაუცხოების გრძელვადიანი პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. საბჭოთა პერიოდის დასასრულს, ჩრდილოეთ კავკასიის სრული მოსახლეობის 75%-ს ეთნიკურად რუსი მოქალაქეები შეადგენდნენ. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა შემცირდა და 1999 წლისთვის  350 000 მოქალაქე შეადგინა. აღნიშნულ რეგიონზე რუსი მოქალაქეების მიგრაციასთან ერთად, მოსკოვის გავლენა შემცირდა. დღესდღეობით ცენტრალიზაციის პროცესის გასაძლიერებლად ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი ფედერაციის პერიფერიულ რეგიონებში ეთნიკურად რუსი გუბერნატორების დანიშვნაა. ამის საუკეთესო მაგალითი დაღესტანია: გასული წლის სექტემბერში, კრემლმა რესპუბლიკის ახალ გუბერნატორად ეთნიკურად რუსი ვლადიმერ ვასილიევი დანიშნა. 1948 წლის შემდეგ პირველი არადაღესტნელია, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა. კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი ზემოთხსნებული მარი ელის რესპუბლიკაა - 2001-დან 2017 წლამდე ამ რეგიონის გუბერნატორი ეთნიკურად რუსი ლეონიდ მარკელოვი იყო, რომელიც ადგილობრივების შეფასებით, “მარი ელის რესპუბლიკას ვერ იტანს“. მისი მმართველობის პერიოდში, მარის ხალხი, რომელიც ფინური ენის ერთ-ერთ დიალექტზე საუბრობს, გასული ორი ათწლეულის განმავლობაში რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. თუ ადრე აღნიშნული მოსახლეობა საკუთარ ენაზე და/ან რუსულად საუბრობდა, დღეს რესპუბლიკის ქუჩებში მხოლოდ რუსული ენა ისმის. მარი ელის ზოგიერთ სკოლაში ბავშვებს მშობლიური ენის სწავლებისთვის კვირაში მხოლოდ ერთი საათი აქვთ გამოყოფილი. ერთ-ერთი აქტივისტის აზრით, ზემოხსენებული რესპუბლიკა მხოლოდდამხოლოდ ფორმალობაა, რადგან მისი კულტურული საგანძური სისტემატიურად ნადგურდება.
პუტინი იმედოვნებს, რომ მსგავს შედეგს მიიღებს ჩრდილოეთ კავკასიაშიც. აღსანიშნავია, რომ ახალმა კანონმა კავკასიურ რესპუბლიკებში ნაციონალისტური ტალღის მომძლავრება გამოიწვია. ჩერქეზეთშიც კი, რომელიც ისტორიის მანძილზე რუსეთის მიმართ შედარებით ლოიალური იყო,  კრემლის პოლიტიკის კრიტიკა დაიწყო. როგორც ჩანს, პუტინის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მისი მმართველობის მესამე ვადაში ჩრდილოეთ კავკასიათან ურთიერთობების დასტაბილურება და არსებული ნაციონალისტური ტალღის ჩაცხრობა იქნება. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი სახიფათო თამაშს თამაშობს, როდესაც   ჩრდილოკავკასიური ეთნიკური ჯგუფების ასმილიციას ცდილობს. ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას.
+1
  • 20:06
  • 549
FACEBOOK კომენტარები
Image